საქართველოში რეგიონის ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია [საწვავზე], იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ფასმა მოიმატა - ვასილ ხორავა
საქართველოში რეგიონის ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია [საწვავზე], იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ფასმა მოიმატა - განაცხადა Wissol - ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ფასების შემსწავლელ პარლამენტის დროებით კომისიაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
,,Wissol - ვისოლი პასუხისმგებლიანი კომპანიაა და ორიენტირებულია კონკურენციის წესების დაცვაზე, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი პირობების შეთავაზებაზე", - აღნიშნა ვასილ ხორავამ.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება და კომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები აღნიშნული შეხვედრით დასრულდება.
„5 წამყვანი კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათთან ერთად გავივლით სექტორში მიმდინარე პროცესებს, როგორია ფასწარმოქმნის ჯაჭვი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, როგორია მდგომარეობა დღეს ბაზარზე, გამომდინარე საერთაშორისო მდგომარეობიდან საწვავ პროდუქტებზე და ზოგადად საერთაშორისო ენერგიის ბაზრებზე და რა გავლენა აქვს ამას საქართველოზე”, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
კონკურენცია არის სფერო, რომლის კანონმდებლობაც პრაქტიკულად ევროპულის იდენტურია - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.15:00
კონკურენცია არის სფერო, რომლის კანონმდებლობაც პრაქტიკულად ევროპულის იდენტურია, - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ვახტანგ შურღაიამ განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმებისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შედეგად, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად განვითარდა და რიგ შემთხვევებში ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
„ზოგადად საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში საკმაოდ განვითარებულია ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუ შევხედავთ არაერთი რეფორმა იყო გატარებული, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის ფარგლებში, DCFTA-ის ფარგლებში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ყველაფერმა მოგვცა ის, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო ზოგადად საკმაოდ განვითარებულია და საკმაოდ მიახლოებულია რიგ შემთხვევებში კი არა, ფაქტობრივად ანალოგია იმისა, რასაც ევროპაში და დასავლეთის ქვეყნებში იყენებენ. შესაბამისად, ამ კუთხით საკმაოდ განვითარებული არის საკანონმდებლო. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მუდმივად საჭიროებს უფრო დახვეწას, შესაბამისად ახალ ინოვაციებს, ახალ კანონებს, რაც ზოგადად ბიზნეს გარემოზე იქონიებს გავლენას, კონკურენციაზე იქონიებს გავლენას და უკეთეს საოპერაციო არეალს შეუქმნის როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს.
კონკურენცია არის ის ერთ-ერთი სფერო, რომელიც ფაქტობრივად იდენტური არის ევროპული კანონმდებლობის, შესაბამისად საკანონმდებლო დონეზე ფაქტობრივად მსგავსება არის სრული. უმნიშვნელოდ განსხვავებები ხდება ადმინისტრირების ნაწილში. საქართველოში კონკურენციას არა მარტო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) წარმართავს - რეგულირებად სფეროში რეგულირებადი სააგენტოები, მაგალითად ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სემეკიც. შესაბამისად ეს უწყებები ყველანი ერთად ქმნიან იმ საკანონმდებლო ბაზას, რომელშიც შემდგომ უკვე ხდება კომპანიების მოღვაწეობა“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.
ვახტანგ შურღაიას შეფასებით, მარეგულირებლები და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) სხვადასხვა ადმინისტრაციული მიდგომებით მუშაობენ. რეგულატორი უფრო მეტად მომხმარებელთა ინტერესებსა და ტარიფების პოლიტიკაზეა ორიენტირებული, სააგენტო კი ბაზარზე თანაბარი პირობების უზრუნველყოფაზე.
„მარეგულირებლები ცოტა სხვანაირადაც უყურებენ, შესაბამისად მათ რეგულირების ნაწილი აქვთ, მათ წინასწარ თვითონ განსაზღვრავენ სატარიფო ბადეს და უფრო მეტად ამ ჭრილში უყურებენ კონკურენციას. უყურებენ რომ დიდმა კომპანიებმა ამ შემთხვევაში არ დაჩაგრონ მცირე კომპანიები და მომხმარებელთა უფლებებს და ვალდებულებებს უფრო მეტად იცავს მარეგულირებელი, ვიდრე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), იმიტომ რომ სააგენტო უფრო თანაბარზომიერ ბაზარზე მოქმედებს, სადაც ფაქტობრივად ყველას თანაბარი უფლებები აქვს და შესაბამისად ცოტა სხვადასხვანაირი ადმინისტრირების ნაწილი აქვს ამ მარეგულირებელს და სააგენტოს“, - აცხადებს შურღაია.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, რაც უფრო მეტი იქნება საერთო თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის ეს უფრო წაადგება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას.