სასამართლომ TKT-ს კინოთეატრების ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი შეუჩერა
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.
სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს „ონლაინ თიქეთსს" (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი") შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის" პირობა.
„აღნიშნული პირობის მიხედვით, „სადისტრიბუციო კომპანია" შპს „თინეთს", 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, და ამავდროულად, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.
შპს „ელ.ბილეთების" საჩივრის საფუძველზე. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიის" მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის", შპს „თინეთის", სს „თიბისი ბანკის" და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.