სასტუმრო „ბოდბე“ ზაფხულის სეზონის შედეგებსა და შემოდგომის სეზონის მოლოდინებზე
2026 წლის ზაფხულის სეზონს სასტუმრო „ბოდბე“ გაზრდილი მოთხოვნითა და დატვირთულობით შეხვდა. როგორ აფასებს სასტუმრო მიმდინარე სეზონს, როგორია სტუმრებისა და ჯავშნების დინამიკა და რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები, ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბოდბეს“ გენერალური მენეჯერი ელენე შარიქაძე ესაუბრა.
როგორ აფასებთ მიმდინარე ზაფხულის სეზონს? როგორია მოთხოვნისა და სასტუმროს დატვირთულობის დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით?
მიმდინარე ზაფხულის სეზონს დადებითად ვაფასებთ. სასტუმრო ბოდბესთვის ეს მეორე სრული ზაფხულის სეზონია და უკვე ვხედავთ, რომ სასტუმროს მიმართ ცნობადობა და ინტერესი იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს შორის.
ივნისი–აგვისტოს პერიოდში საშუალო დატვირთულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტია. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ივლისსა და აგვისტოში დაფიქსირდა.
რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ყველაზე ხშირად უცხოელი სტუმრები და რა წილს შეადგენენ ადგილობრივი ტურისტები სასტუმროს სტუმრებს შორის?
ჩვენი სტუმრების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ადგილობრივი ბაზრიდანაა — ქართველი სტუმრები საერთო რაოდენობის დაახლოებით 70% ს შეადგენენ. თუმცა წელს მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საერთაშორისო სტუმრების მიმართულებითაც.
უცხოელ სტუმრებს შორის განსაკუთრებით აქტიურია შემდეგი ქვეყნები: მეზობელი რესპუბლიკები, ისრაელი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი.
ამასთანავე, ვხედავთ მზარდ ინტერესს კახეთის, როგორც დამოუკიდებელი ტურისტული მიმართულების მიმართ, რაც საერთაშორისო სტუმრების რაოდენობის ზრდაზეც აისახება.
რას ელოდებით წლის მეორე ნახევრისა და შემოდგომის სეზონისგან? რამდენად აქტიურია ამ ეტაპზე ჯავშნები მომდევნო თვეებისთვის?
შემოდგომა კახეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სეზონია და, შესაბამისად, სექტემბერ–ოქტომბრის პერიოდთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ამ ეტაპზე მომდევნო თვეების ჯავშნების დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია
ინდივიდუალურ სტუმრებთან ერთად, შემოდგომაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯგუფური, კორპორაციული და ღონისძიებების სეგმენტიც.
ჩვენი მიზანია, ბოდბე მხოლოდ სეზონურ მიმართულებად არ აღიქმებოდეს და სტუმრებს წლის სხვადასხვა დროს განსხვავებული გამოცდილებები შევთავაზოთ.
რა არის Bodbe Hotel-ის მთავარი პრიორიტეტები და გეგმები უახლოესი პერიოდისთვის?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ბოდბეს, როგორც სრულფასოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება — ადგილის, სადაც სტუმარი მხოლოდ ღამის გასათევად არ ჩამოდის, არამედ რჩება იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოს და შეიგრძნოს რეგიონი.
უახლოეს პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა wellness & retreat მიმართულების განვითარებას, გასტრონომიულ და ღვინოსთან დაკავშირებულ გამოცდილებებს, ასევე კახეთისა და სიღნაღის რეგიონის უკეთ გაცნობას სხვადასხვა მარშრუტისა და გამოცდილების საშუალებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოდბეში მიღებული გამოცდილება ბუნებრივად იყოს დაკავშირებული იმ გარემოსთან, სადაც სასტუმრო მდებარეობს, ალაზნის ველთან, კავკასიონის ხედებთან, სიღნაღთან და მთლიანად კახეთის კულტურულ კონტექსტთან.
სხვა სიახლეები
შემოდგომის სეზონს საკმაოდ ოპტიმისტურად ვხვდებით - Crowne Plaza Borjomi-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი
11.09.2026.08:40
2026 წლის ზაფხულის სეზონი Crowne Plaza Borjomi-სთვის სტაბილური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს დატვირთულობამ წინა წელთან შედარებით იკლო, სწორად შერჩეულმა საფასო პოლიტიკამ კომპანიას შემოსავლების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.
როგორ აფასებს Crowne Plaza Borjomi 2026 წლის ზაფხულის სეზონს და რა გეგმები აქვს წლის დარჩენილი პერიოდისთვის - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს სასტუმროს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ნინო ხაჩიძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით 2026 წლის ზაფხულის სეზონს Crowne Plaza Borjomi-სთვის და როგორი იყო სასტუმროს დატვირთულობა წინა წელთან შედარებით?
წელს გლობალურმა მოვლენებმა და ავიასექტორში განვითარებულმა პროცესებმა მთელს ინდუსტრიაზე იმოქმედა, თუმცა Crowne Plaza Borjomi-სთვის ეს ზაფხული შედარებით მდგრადი აღმოჩნდა.
ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი სტაბილური ADR-ის შენარჩუნება იყო და ფასების დემპინგზე არ წავსულვართ. მართალია, წინა წელთან შედარებით პროცენტული დატვირთულობის მაჩვენებელმა მოიკლო, თუმცა სწორად შერჩეულმა საფასო პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, რომ თითოეული გაყიდული ოთახიდან მაქსიმალური მარჟა მიგვეღო და შემოსავლების კუთხით საერთო ბალანსი შეგვენარჩუნებინა.
როგორ შეიცვალა სტუმრების მოთხოვნა და რომელი ბაზრებიდან იყო წელს ყველაზე მეტი სტუმარი?
წელს სტუმრების სეგმენტის ძალიან საინტერესო დივერსიფიკაცია მივიღეთ:
აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ნორვეგია - ეს ის სეგმენტია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბუნებაში დასვენებას, ბორჯომის ეკოლოგიასა და ჩვენს პრემიუმ მომსახურებას.
ჩინეთი და ყაზახეთი: პირდაპირი რეისების სტაბილურობისა და მოქნილი სავიზო პოლიტიკის წყალობით, ამ ქვეყნებიდან მოთხოვნა გაიზარდა და ზაფხულის განმავლობაში გარკვეული წილი დაიკავა. აზიის ბაზრიდან, კერძოდ ჩინეთიდან და ინდოეთიდან, წამოვიდა ბიუჯეტზე ორიენტირებული ჯგუფური ნაკადები. ეკონომ-სეგმენტის მოგზაურების ქცევა და მოლოდინები საგრძნობლად განსხვავდება პრემიუმ სტუმრებისგან, რამაც საოპერაციო გუნდისგან მაქსიმალური მოქნილობა მოითხოვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სერვისების სწორად ადაპტირება ისე, რომ ლოჯისტიკური თუ კულინარიული სპეციფიკა ეფექტურად დაგვეკმაყოფილებინა და პარალელურად, სასტუმროს მაღალი ხარისხის სტანდარტი უცვლელად შეგვენარჩუნებინა.
გარდა ამისა, პირდაპირი გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტიურად ვიყენებთ IHG One Rewards-ის პროგრამას ინდივიდუალური სტუმრებისთვის, ხოლო ჯგუფურ და კორპორაციულ სეგმენტში კი IHG Business Rewards-ს, რაც გვეხმარება შუამავლების გარეშე პირდაპირი ჯავშნების წილი მუდმივად გავზარდოთ.
რა ტენდენციები გამოიკვეთა მიმდინარე სეზონზე და რა ტიპის სერვისებზე/შეთავაზებებზე იყო ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ჩვენი მთავარი უპირატესობა კვლავ გამაჯანსაღებელი მიმართულება იყო. სტუმრები აღარ მოდიან მხოლოდ ღამის გასათევად - მათ სურთ სრული ფიზიკური და მენტალური განტვირთვა.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა ბორჯომის მინერალური წყლის აბაზანებზე, სპეციალურ ანტისტრეს და დეტოქს-პროგრამებზე. განსაკუთრებით გაიზარდა ხანგრძლივი ვიზიტების წილი ყაზახი და უზბეკი სტუმრების მხრიდან. ოჯახური დასვენებისთვის გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენმა ორსართულიანმა საბავშვო გასართობმა ცენტრმა საკუთარი კინოთეატრით, რამაც მშობლებს საშუალება მისცა სრულფასოვნად ესარგებლათ სპა-სერვისებით.
როგორია მოლოდინი წლის დარჩენილ პერიოდზე და რა არის სასტუმროს მთავარი გეგმები სეზონის დასრულების შემდეგ?
შემოდგომის სეზონს საკმაოდ ოპტიმისტურად ვხვდებით: გრძელდება აქტიური ტურ-სერიები ავსტრალიიდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, ჩინეთიდან და განახლდა ინდოეთიდან ტურისტული ნაკადი.
სეზონის შემდგომ მთავარ გეგმებს რაც შეეხება, ესენია: შემოდგომა-ზამთრის პერიოდზე სეზონური სპა და გამაჯანსაღებელი პაკეტების შემუშავება, MICE სეგმენტის გაძლიერება, IHG Business Rewards-ის მხარდაჭერით კორპორაციული კლიენტებისა და ჯგუფების მოზიდვა ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, შემოდგომის განახლებული მენიუს წარდგენა და გამაჯანსაღებელი იოგა-სესიების გაფართოება.