სასტუმრო თითქმის მთელი აგვისტო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობდა - Radisson RED Tbilisi
თითქმის მთელი აგვისტო სასტუმრო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობდა, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბესო გოგინავამ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნეს სეგმენტის ზრდა სექტემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება.
"ტურისტების ზრდა დაფიქსრირდა ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ევროპიდან. თუმცა, როგორც წესი ზაფხული ბიზნეს სეგმენტისთვის დაბალი სეზონია და მოთხოვნის მატებას სექტემბრის მეორე ნახევრიდან ველოდებით", - აღნიშნა სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
მისივე განმარტებით, კორპორატიულ სეგმენტზე მეტად სასტუმროს მაგალითზე ინდივიდუალური სეგმენტი გაიზარდა.
"კორპორატიული სეგმენტი ისე არ იზრდება, როგორც ველოდით. ამ ეტაპზე, B2C-სთან შედარებით, კორპორატიული ჯავშნებზე მოთხოვნა არ არის მაღალი. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს აისახა სასტუმროს დატვირთულობაზე, რადგან ინდივიდუალური ჯავშნებით იმაზე გაცილებით უკეთესი შედეგი დაფიქსირდა, ვიდრე ველოდით", - განმარტავს სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.