სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი ივნისიდან ამოქმედდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.
აღნიშნული რეგლამენტი ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში მომზადდა. სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ სადღეღამისო მოხმარების მაქსიმალურ რაოდენობას; უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით.
რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესს.
დაუშვებელია ბაზარზე განთავსდეს სასურსათო დანამატი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ბიზნესოპერატორი, რომელიც განათავსებს ბაზარზე სასურსათო დანამატს, ვალდებულია, წინასწარ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს სურსათის ეტიკეტის ნიმუში.
სურსათის (სასურსათო) დანამატი - სასურსათო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ნორმალური კვების რაციონის შესავსებად და წარმოადგენს საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე სხვა ნივთიერებების კონცენტრირებულ წყაროს, ცალკე ან კომბინირებული სახით, ბაზარზე განთავსებულია დოზირებული ფორმით, კერძოდ, კაფსულების, პასტილის, დრაჟეების, ტაბლეტების, აბების და სხვა მსგავსი ფორმებით, მცირე ზომის პაკეტებში დაფასოებული ფხვნილის, ამპულების, წვეთის დოზირების მქონე ფლაკონების, სითხეების, ფხვნილებისა და სხვა მსგავსი ფორმებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.