სატრანსპორტო ინდუსტრიის მხარდამჭერი გადაწყვეტილებები Magnus Insurance Brokers-ისგან
2026 წლიდან სატრანსპორტო სექტორში საერთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებული სადაზღვევო მოთხოვნები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. Green Card-ის, ტვირთების დაზღვევისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიები მზარდ საჭიროებებს აწყდებიან, რაც სექტორში კომპლექსური და ერთიანი სადაზღვევო გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ზრდის. აღნიშნულ საკითხებზე Business Insider Georgia Magnus Insurance Broker
-ის აღმასრულებელ დირექტორს, მაია კახიანს ესაუბრა.
Magnus Insurance Brokers უკვე მრავალი წელია სატრანსპორტო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს - რას სთავაზობთ დღეს მომხმარებლებს?
Magnus Insurance Brokers უკვე წლებია მუშაობს სატრანსპორტო კომპანიებთან და მათ სთავაზობს სადაზღვევო მომსახურებების ფართო სპექტრს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სავალდებულო პროდუქტი არის Green Card - საერთაშორისო საავტომობილო დაზღვევა, რომელიც უზრუნველყოფს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაფარვას საზღვარგარეთ გადაადგილებისას.
ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო კომპანიებმა ერთ სივრცეში მიიღონ მათთვის საჭირო სადაზღვევო გადაწყვეტილებები და შეძლონ საქმიანობის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელება.
ასევე, აღნიშნული სეგმენტისთვის აქტუალური დაზღვევის სახეობებია გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა და სხვა.
რატომ არის Green Card ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის?
Green Card საერთაშორისო გადაადგილების აუცილებელი და სავალდებულო კომპონენტია. იგი მოქმედებს მრავალ ქვეყანაში და უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას იმ შემთხვევებში, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირს მიადგება ზიანი.
საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა შესაძლოა მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ Green Card წარმოადგენს როგორც სამართლებრივ მოთხოვნას, ასევე ეფექტურ ინსტრუმენტს რისკების მართვისთვის.
დღეს, სატრანსპორტო სექტორი სულ უფრო მეტ კომპლექსურ მომსახურებას საჭიროებს - როგორ პასუხობთ ამ მოთხოვნას?
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება არის სადაზღვევო საბროკერო მომსახურება. ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციის პროცესში ხშირად ვიღებთ მომხმარებლებისგან კითხვებს საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისზე.
სწორედ ამიტომ, მომხმარებლების ინფორმირების მიზნით, მათ ვაცნობთ იმ შესაძლებლობების შესახებაც, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები სთავაზობენ ბაზარს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა T1 დეკლარაციასთან დაკავშირებული მომსახურება, რომელსაც უშუალოდ ახორციელებენ ჩვენი პარტნიორი კომპანიები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Magnus Insurance Brokers არ ახორციელებს T1 დეკლარაციის გაფორმებას და არ არის აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი. ჩვენი როლი შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებითა და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირების ხელშეწყობით.
რას წარმოადგენს T1 დეკლარაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
T1 დეკლარაცია წარმოადგენს საერთაშორისო საბაჟო-საგარანტიო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ტვირთის ტრანზიტის პროცესში. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას იძლევა, ტვირთი გადაადგილდეს საბაჟო ტერიტორიებზე შესაბამისი პროცედურების დაცვით საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.
ეს არის საერთაშორისო ლოგისტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიან ორგანიზებას.
რა ფილოსოფია უდევს საფუძვლად კომპანიის განვითარებას?
ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან მთავარი პრინციპი უცვლელია - მომხმარებელს შევთავაზოთ პროფესიონალური, გამჭვირვალე და ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურება. ამიტომაც ჩვენ შევქმენით ადგილი, ე.წ სადაზღვევო მარკეტი, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტები.
წლებია ვცდილობთ, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ მათთვის საჭირო სადაზღვევო კონსულტაცია და მომსახურება, რაც პირველ რიგში დაზოგავს მათ დროს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობები, ნდობა და თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
რა არის თქვენი მთავარი მიზანი უახლოეს მომავალში?
ჩვენი მიზანია ვიყოთ ყველა სეგმენტისთვის და რა თქმა უნდა სატრანსპორტო სექტორისთვისაც საიმედო პარტნიორი სადაზღვევო მიმართულებით, შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები.
გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის დაზღვევის პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და ეფექტური, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი ბიზნესის განვითარებას.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა
11.11.2026.13:57
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საერთაშორისო ბიზნესქსელ BNI-სთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად პოლონური კომპანიებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორები მონაწილეობდნენ.
ფორუმზე „ამბასადორი აილენდი“ ქართულ გლობალურ ინიციატივად წარადგინეს. მიმდინარე საინვესტიციო სიახლეები მონაწილეებს კუნძულის ინვესტორებმა, Holme Developments-მა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და Origami Holding-მა (საქართველო) გააცნეს. პრეზენტაციები გამართეს პოლონური კომპანიების წარმომადგენლებმაც. აღნიშნული კომპანიები ავიაციის, ინვესტიციების, მარკეტინგის, საბროკერო საქმიანობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ოპერირებენ. მათ შორის იყვნენ LOT Polish Airlines, Polska Grupa Lotnicza, F-Trust iWealth, PWS AluSystem, POiD, GEM Technology, Radmir, 4Results, Manufaktura Dubiński, Götz Group, MOSiR Radom, CI OD Nieruchomości და Trustark Human Solutions.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ამბასადორი აილენდზე“ ამჟამად 10 საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. მათი შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს შეუწყობს კუნძულზე საინვესტიციო გარემოს გამჭვირვალობის, სანდოობისა და დაცულობის გაუმჯობესებას.
BNI-სთან თანამშრომლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ვარშავაში BNI Poland-ის ქსელს შეუერთდა. BNI მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 355 000-ზე მეტ ბიზნესლიდერს აერთიანებს, პოლონეთში კი მისი ქსელი დაახლოებით 2 500 კომპანიას მოიცავს. თანამშრომლობის მიზანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა.

„ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირების სტრატეგია ითვალისწინებს, რომ „ამბასადორი აილენდი” არამხოლოდ საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცე გახდეს, არამედ ისეთი ადგილი, სადაც რეგულარულად გაიმართება ეკონომიკური ფორუმები და მიიღება გრძელვადიანი ბიზნეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ამბასადორი აილენდს" ფორუმის ორგანიზებისთვის, რომელიც თავის მხრივ, გამორჩეულ ღონისძიებას წარმოადგენს და ქმნის სივრცეს, რათა გავაერთიანოთ ბიზნესის ძალები და ერთობლივად შევქმნათ ურთიერთგაგების ხიდები. ის რაც აქ ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით ხდება, მართლაც გასაოცარია და გვაძლევს უდიდეს ინსპირაციას, რათა აქ ჩამოვიყვანოთ პოლონელი მეწარმეები, ვუჩვენოთ მათ განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ამ პროექტშია წარმოდგენილი და განვახორციელოთ ინვესტიციები.” - განაცხადა BNI-ს ელჩმა, რობერტ დებიცკიმ.
ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფორუმები კუნძულზე რეგულარულად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას მთელი წლის განმავლობაში.