School 360 - საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმა სკოლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის
School 360 საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც სკოლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მეგი კიკალეიშვილი-ქავთარაძეს, და კომპანიის დირექტორს, ანნა ქათამაძეს, ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
School 360 არის საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სკოლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებს ერთ სივრცეში. ჩვენი მიზანია სასკოლო პროცესების გამარტივება და დროის დაზოგვა. კომპანია 2026 წელს შეიქმნა და ამჟამად აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე.
რა სერვისებს აერთიანებს პლატფორმა ამ ეტაპზე და როგორ ამარტივებს ის მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლების ყოველდღიურ პროცესებს?
School 360-ის მეშვეობით მშობლებს შეუძლიათ შეუკვეთონ სკოლაზე მორგებული სასკოლო საკანცელარიო ნაკრები School Box-ები, რომლებიც სრულად შეესაბამება სასწავლო წლის მოთხოვნებს, ასევე სხვადასხვა წრეებისთვის განკუთვნილი ნაკრები, მათ შორის ხელოვნების, ცურვის, ცეკვის და ა.შ.
მომხმარებელს ასევე შეუძლია შეუკვეთოს ცალკეული საკანცელარიო ნივთები, წიგნები, იქირაოს საკარნავალო ფორმები, შეიძინოს სკოლის ფორმა, ან მიმართოს ონლაინ ასისტენტს ნებისმიერ სხვა საკითხზე. ეს ყველაფერი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად.
გარდა ამისა, პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო სერვისს და სთავაზობს მომხმარებლებს კომპანიების კატალოგს. მასტერკლასები, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, ღონისძიებების ორგანიზება და სხვა. სკოლებისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ ადმინისტრაციულ დატვირთვას, ხოლო მშობლებისთვის - ერთ სივრცეში ყველა საჭირო სერვისზე სწრაფ და მარტივ წვდომას.
რას მიიჩნევთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის კომპლექსური მიდგომა. School 360 არ არის მხოლოდ სასკოლო ნივთების პლატფორმა - ეს არის სკოლების პარტნიორი, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო სერვისს ერთ ეკოსისტემაში.
კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი მიზანია School 360 გახდეს საქართველოს წამყვანი დამხმარე ონლაინ პლატფორმა. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ კერძო სკოლებთან თანამშრომლობის გაფართოებას, ვიმატებთ პარტნიორ კომპანიებს, ვაუმჯობესებთ ონლაინ გადახდისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვხედავთ School360-ს, როგორც სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც სკოლების, მშობლებისა და მოსწავლეების ყოველდღიურ საჭიროებებს ერთ სივრცეში დააკმაყოფილებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯეოკეპმა“ ახალი საწარმო გახსნა
27.07.2026.14:30
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ჯეოკეპმა“ თბილისში, გივი ამილახვარის #17-ში ახალი საწარმო გახსნა.
ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ევროს შეადგენს, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მლნ. ევროა.
ინფორმაციისთვის, „ჯეოკეპი“ 2014 წელს პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა და დღეს პლასტმასისა და მინის ბოთლებისთვის სხვადასხვა ტიპის ალუმინის საცობებს აწარმოებს. კომპანია ამ ტიპის პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელია ამიერკავკასიის რეგიონში და მომხმარებლებს 8 სახეობის სხვადასხვა მოდიფიკაციის ალუმინის საცობს სთავაზობს.
2019 წელს „ჯეოკეპის“ ჯგუფს კომპანია „ჯამპლასტი“ შეუერთდა, რომელიც ასევე ალუმინის საცობების წარმოებაზეა სპეციალიზებული. კომპანიის პროდუქცია უკვე ექსპორტზე გადის როგორც ამიერკავკასიის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში.
დღეს კომპანია 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ოპერირებს, 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და წელიწადში 700-800 მილიონ საცობს აწარმოებს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში „ჯეოკეპი“ ახალი საწარმოო ხაზების დამატებასა და წარმოების მოცულობის 1-1.2 მილიარდ საცობამდე გაზრდას გეგმავს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
„საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ექსპორტის შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს.„ჯეოკეპის“ ახალი საწარმო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს წარმოების სექტორს საქართველოში და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. გვჯერა, რომ კომპანია წარმატებით განაგრძობს ზრდას და ქართულ წარმოებას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო გერგედავამ.