სებ-ის მხრიდან დაკვირვების რეჟიმის შენარჩუნება და რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება წლის ბოლომდე გონივრული გადაწყვეტილება იქნება - ლაშა ქავთარაძე
სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.0%-ზე დატოვება მოსალოდნელი იყო - აცხადებს „გალტ ენდ თაგარტის“ მთავარი ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. მისი თქმით, ამის ორი გამოკვეთილი მიზეზი არსებობს: მზარდი ინფლაცია და გეოპოლიტიკური რისკები.
როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, წლიური ინფლაცია 2025 წლის მარტიდან მატულობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია. ეს დინამიკა უმთავრესად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდამ განაპირობა, რომელიც აგვისტოში წლიურად 6.6%-ით გაიზარდა. განსაკუთრებულად საყურადღებოა საბაზო და მომსახურების ინფლაციის დაჩქარება: საბაზო ინფლაციამ აგვისტოში 2.8% შეადგინა, ივლისის 2.2%-ის შემდეგ, ხოლო მომსახურების სექტორის ინფლაციამ აგვისტოში 4.2%-ს მიაღწია.
შიდა ფაქტორებთან ერთად, ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური გარემოც.
ლაშა ქავთარაძის თქმით, ისრაელ-ირანის ბოლო კონფლიქტმა ნათლად აჩვენა, რამდენად სწრაფად შეიძლება ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდამ ინფლაციური წნეხი შექმნას.
მისი განმარტებით, გეოპოლიტიკური რისკების შემდგომი რეალიზაცია, ერთი მხრივ, ნავთობის გაძვირებით იმპორტირებულ ინფლაციას გააძლიერებს, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა სურსათის ბაზრებზეც უარყოფითად აისახოს მიწოდების ჯაჭვების მოშლის შედეგად.
„ასეთ ვითარებაში, სებ-ის მხრიდან დაკვირვების რეჟიმის შენარჩუნება და რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება წლის ბოლომდე გონივრული გადაწყვეტილება იქნება. როდესაც ფასების ზრდის ტენდენცია უკვე გააქტიურებულია, მონეტარული პოლიტიკის ნაადრევმა შემსუბუქებამ შეიძლება ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას შეუწყოს ხელი,“ - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.