Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე (UNGA High-Level Week), ნიუ-იორკში სელფი ორი მომხსენებლით იქნება წარმოდგენილი - კომპანიის გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძე და რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ.
სელფის გენერალური დირექტორი, გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) Leaders Summit 2026-ზე მონაწილეობს სესიაში „Integrity as a Competitive Advantage“ („კეთილსინდისიერება, როგორც კონკურენტული უპირატესობა“), რომელიც ბიზნესის, აკადემიური სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. სესიის მომხსენებლებს შორის არიან Harvard Business School-ის პროფესორი ლინ პეინი და Deloitte-ის, RELX-ის, Safaricom-ის, AtkinsRéalis-ისა და CMPC-ის წარმომადგენლები.
Leaders Summit-ი გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში იმართება. წელს სამიტი 22-23 სექტემბერს ნიუ-იორკში თავს მოუყრის მსოფლიოს ბიზნესლიდერებსა და ექსპერტებს, მდგრადი ზრდისა და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ კერძო სექტორის როლის განსახილველად.
სესიაზე როსტომი საერთაშორისო აუდიტორიას სელფის ტრანსფორმაციის გამოცდილებასა და კომპანიის ხედვას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კეთილსინდისიერება და შესაბამისობის მაღალი სტანდარტები იქცეს არა მხოლოდ კორპორაციულ ვალდებულებად, არამედ ნდობისა და გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის საფუძვლად.
25 სექტემბერს კი, სელფის რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ია დისკუსიის „AI and People: Inclusion, Skills, and the Future of Work“ მომხსენებელი იქნება. მსჯელობა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას, სამუშაო გარემოს ცვლილებას, ახალი უნარების განვითარებასა და ინკლუზიურ ციფრულ ტრანსფორმაციას შეეხება. ია საერთაშორისო აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის ეთიკის, მმართველობისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით საკუთარ ხედვასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს.
სელფის მონაწილეობას ხსენებულ დისკუსიებში კომპანიის მიერ ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და შესაბამისობის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებიც ამყარებს. 2025 წელს სელფი გახდა ერთადერთი ტელეკომ კომპანია საქართველოში, რომელმაც ISO 37001 ანტიკორუფციული მართვის სისტემისა და ISO 37301 შესაბამისობის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატები მოიპოვა.
სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი და აქტიურად მონაწილეობს პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის, გამჭვირვალობისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
Nutera წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
21.09.2026.12:00
Nutera საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ეტაპობრივად აფართოებს როგორც პროდუქციის ასორტიმენტს, ისე გაყიდვების არხებს. კომპანია თანამშრომლობს რამდენიმე ქსელურ მაღაზიასთან, ზრდის საწარმოო შესაძლებლობებს და მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს სთავაზობს.
რა ეტაპზეა Nutera-ს განვითარება, როგორ გაიზარდა პროდუქციის ხელმისაწვდომობა, რა სიახლეები დაემატა ასორტიმენტს და რა გეგმები აქვს კომპანიას - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა თამაზ გიუნაშვილმა ისაუბრა.
საქმიანობის დაწყებიდან დღემდე როგორ აფასებთ კომპანიის განვითარების დინამიკას და რა არის ამ ეტაპზე ბრენდის მთავარი მიღწევები?
კომპანია საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ეტაპობრივად და სტაბილურად ვითარდება, რაც, პირველ რიგში, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში აისაეხება. განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს თანამშრომლობის დაწყება როგორც საბითუმო, ისე ქსელურ მაღაზიებთან, რამაც ჩვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობა და ბაზარზე პოზიციონირება მნიშვნელოვნად გააძლიერა.
ასევე, მოზიდული ფინანსური რესურსების შედეგად საწარმოს დაემატა ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც ზრდის წარმოების წარმადობას, ამარტივებს სამუშაო პროცესებსა და ხელს უწყობს მათი უფრო ავტომატიზებული და ეფექტიანი მართვის დანერგვას.
დღეს ჩვენი მთავარი მიღწევაა ის, რომ კომპანია მუდმივად აფართოებს შესაძლებლობებს, ზრდის წარმოების მასშტაბებსა და ეტაპობრივად იმკვიდრებს უფრო მყარ პოზიციას ბაზარზე.
წინა ინტერვიუში ასორტიმენტის გაფართოებაზე საუბრობდით - რა სიახლეები დაემატა ამ მიმართულებით და კიდევ რა ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავთ?
ჩვენი ასორტიმენტი ეტაპობრივად ფართოვდება მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ბაზრის ინტერესების შესაბამისად. ბოლო პერიოდში პროდუქტების ხაზს შეემატა არაქისის კარაქის ახალი ნაირსახეობა - ხრაშუნა (Crunchy) არაქისის კარაქი. კლასიკური არაქისის კარაქისგან განსხვავებით, მას აქვს შედარებით მყარი კონსისტენცია და ძირითადი მასა წარმოდგენილია კლასიკური არაქისის კარაქით, რომელშიც დამატებულია მცირე ზომის არაქისის გრანულები, რაც პროდუქტს განსხვავებულ ტექსტურასა და გემოს სძენს.
ასევე, ჩვენი ერთგული მომხმარებლის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მალე ასორტიმენტის ახალი პროდუქტის ხაზით გავამდიდრებთ. მისი დეტალები და განსაკუთრებული მახასიათებლები ამ ეტაპზე საიდუმლოდ დარჩება, რადგან გვინდა, ეს სიახლე ჩვენი მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიურპრიზად დავტოვოთ.
გვჯერა, რომ ახალი ხაზი მომხმარებელთა განსაკუთრებულ ინტრესს დაიმსახურებს და ჩვენი ასორტიმენტის ერთ-ერთ გამორჩეულ და მოთხოვნად მიმართულებად იქცევა.
როგორ განვითარდა Nutera-ს გაყიდვების არხები საქმიანობის დაწყებიდან დღემდე და რამდენად გაიზარდა პროდუქციის ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისთვის?
ჩვენი ბოლო ინტერვიუდან დღემდე „ნუთერას“ პროდუქციის ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ეტაპზე უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე ქსელურ მაღაზიასთან, მათ შორის „ზღაპართან“, „ნატურალთან“, „სუზალასთან“და „პონტო მარტისთან“, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პროდუქცია უფრო ფართო მომხმარებელთა წრეს მივაწოდოთ.
ამასთან, აქტიურად ვაგრძელებთ გაყიდვების არხების გაფართოებას და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქსელურ მაღაზიებთანაც. შესაბამისად, სამომავლოდ ჩვენი პროდუქცია კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი, რაც „ნუთერას“ განვითარებისთვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები? იგეგმება თუ არა ახალი გაყიდვების არხების, თანამშრომლობების ან ბაზრების მიმართულებით გაფართოება?
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სამომავლო მიზანი წარმოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაა, რათა ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. ამ მიმართულებით უკვე ვზრდით დღიურ წარმადობას და ვაგრძელებთ საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას.
უახლოეს მომავალში მომხმარებლებს სრულიად ახალ პროდუქტების ხაზსაც შევთავაზებთ, რაც ჩვენი ასორტიმენტის კიდევ უფრო მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ გაყიდვების არხების გაფართოებაზე და ვგეგმავთ, რომ „ნუთერას“ პროდუქცია კიდევ უფრო მეტ მაღაზიათა ქსელში გახდეს ხელმისაწვდომი.
ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავზარდოთ როგორც წარმოების მასშტაბი, ისე ბრენდის ცნობადობა და მომხმარებელთა ხელმისაწვდომობა ჩვენს პროდუქტებზე.