სექტემბერში Camex Airlines-ის ავიაპარკი კიდევ ერთი თვითმფრინავით შეივსება
სექტემბრიდან ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ის ავიაპარკს კიდევ თვითმფრინავი დაემატება, რაც კომპანიის გამტარუნარიანობას 40%-ით გაზრდის.
როგორც Business Insider Georgia-სთან Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, სექტემბრიდან ავიაკომპანიის ავიაპარკში მყოფ სამ საჰაერო ხომალდს უკვე მეოთხე - Boeing 767-300ERF დაემატება.
„სექტემბრიდან უკვე გვეყოლება 2 ერთეული Boeing 737-800, 22 ტონიანი ბორტი და 2 ერთეული Boeing 767-300ERF, 55 ტონიანი ბორტი. ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს დღეს ახალი ბორტების მოძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა იმედს არ ვკარგავთ და გამომდინარე ჩვენი ბიზნეს მოდელიდან ვცდილობთ, რომ ბორტები კიდევ დავამატოთ. ჯერჯერობით ეს მარტივი არ არის და არ ვიცით თუ როდის და რამდენი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.
აღსანიშნავია, რომ Camex Airlines-ი გარდა ტრანზიტული ტვირთებისა საქართველოს ტვირთებსაც აქტიურად ემსახურება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.
Camex Airlines-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო წლებში ქართული სატვირთო ავიაკომპანიების და ზოგადად სატვირთო ავიაპარკი ისე გაიზარდა, რომ ქართული კომპანიები უკვე კონკურენციაში შევიდნენ უცხოურ საჰაერო სატვირთო გადამზიდავებთან.
„ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ბაზარზე, იმპორტზე, 4-5 ოპერატორი მუშაობდა, თუმცა ბოლო წლების ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ქართული კომპანიები აქტიურად არიან უკვე ჩართულები და საქართველოში შემომავალ ტვირთებზე, ანუ იმპორტზე აქტიურად მუშაობენ. რაც შეეხება ტვირთბრუნვას და ზოგადად საქართველოში საჰაერო კარგოს ზრდას, ეს განპირობებულია საქართველოში ჩინური ელექტრონული პლატფორმების გააქტიურებით და ალბათ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი - თვითონ ამ ჩინური პლატფორმების პროგნოზს თუ დავუჯერებთ“, - აცხადებს სეთურიძე.
მისივე თქმით, ბაზარზე კონკურენცია არის და ქართული სატვირთო ავიაკომპანიები უკვე კონკურენციას უწევენ აზერბაიჯანულ და თურქულ სატვირთო გადამზიდავებს.
„რა თქმა უნდა ყველა ქართული ავიაკომპანია ვინც დღეს ოპერირებს კონკურენციაშია, როგორც Silk Way-სთან, რადგანაც აღმოსავლეთიდან მომდინარე ტვირთები მათი წილი იყო, და ასევე Turkish Cargo-სთან. Turkish Airlines-ს საკმაოდ კარგი ქსელი აქვს მსოფლიოს მასშტაბით და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მაღალ ფასშიც ყიდის პროდუქტს. ასე, რომ ჩვენ საკმაოდ ხელსაყრელი პოზიცია გვიკავია და რა თქმა უნდა კონკურენციას ვუწევთ“, განმარტავს Camex Airlines-ის ხელმძღვანელი.
გიორგი სეთურიძის თქმით, ქართული სატვირთო გადამზიდავებისთვის მთავარი ბაზარი მაინც საერთაშორისო ტვირთებია.
„ქართული კომპანიები ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე, ანუ ქართული ეკონომიკა ჩვენთვის სულ რამდენიმე პროცენტია რეალიზაციაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გაქვს იმის საშუალება, რომ იმპორტზე ზოგიერთ შემთხვევაში მოვნახოთ ისეთი ბაზრები, სადაც აი ამ ნიშურ პროდუქტს ავითვისებთ და კლიენტებს ამ სერვისსაც შევთავაზებთ.
მსოფლიო საჰაერო კარგოს ბაზრის ტრენდი, რომ შევაფასოთ თვითონ ტვირთბრუნვა მზარდია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციები აფასებენ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში, დაახლოებით წელიწადში 4%-იანი ზრდით. მაგრამ ამავე დროს თვითონ საერთაშორისო სატვირთო ფლოტი განიცდის საკმაოდ დიდი კრიზისს. გამომდინარე აქედან მომავალ პერიოდში ახალი თვითმფრინავების დამატება, ნებისმიერი ოპერატორისთვის საკმაოდ დიდ სირთულეებს წარმოადგენს და ისინი ვინც ბაზარზე ვართ, ჩვენთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ დატვირთვის კუთხით პრობლემა არ უნდა შეგვექმნას“, - აცხადებს სეთურიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.