„სეზანი“ პრემიუმ ხაზის შესაფუთი და სასაჩუქრე ყუთების წარმოების სექტორში შევიდა
„სეზანი“ პრემიუმ ხაზის შესაფუთი და სასაჩუქრე ყუთების წარმოების სექტორში შევიდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სტამბა „სეზანის“ გენერალურმა მენეჯერმა სალომე შავერდაშვილმა განუცხადა.
„ამ მიმართულებას ვავითარებთ. 2024 წელს ვიყიდეთ A1 ფორმატის საბეჭდი დანადგარი. რის შედეგადაც წარმადობის დრო განახევრდა. მაგალითად, შეკვეთის შესასრულებლად 10 საათის ნაცვლად 5 გვჭირდება. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე დანადგარის შეძენას წლის ბოლოსთვის, რაც საშუალებას მოგვცემს რვეულებისა და ბლოკნოტების წარმოების ხაზი კიდევ უფრო განვავითაროთ“,- აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
„სეზანის“ სტამბა თბილისში, არჩილ მეფის 1-ელში მდებარეობს. აქვე კომპანიის ოფისიც.
„ბრენდის ისტორია 35 წლის წინ ერთი ორფერიანი საბეჭდი დანადგარით დაიწყო. 90-იან წლებში და კომპანიას „პრინტ-შოპი“ ერქვა და 1998 წლამდე ამ სახელწოდებით ოპერირებდა. შემდეგ კომპანია გაიზარდა და ოფიციალურად დაარსდა „სეზანი“.
„კომპანიაში გუნდი და დამფუძნებელი არ შეცვლილა“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.
სტამბის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ წარმოებაში იყენებენ მხოლოდ ევროპულ ნედლეულს და შესაბამისად დამზადებული პროდუქციის ხარისხი მაღალია.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ წარმოებაში ვიყენებთ მაღალი ხარისხის ევროპულ ნედლეულს. დღეს ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და ბოლო წლებში ძალიან გაჯერებულია სარეკლამო კომპანიებითა და პატარა მოცულობის სტამბებით, რომლებიც მუშაობენ უფრო დაბალ ტირაჟებზე. ჩვენი უპირატესობაა ის, რომ მაღალტექნოლოგიური საწარმო გვაქვს და მაღალ ტირაჟებს ვემსახურებით. საქართველოს ბაზარი მცირეა და ხშირად არის შეკვეთები დაბალ ტირაჟზე და მცირე სტამბებს კონკურენციას ამ კუთხით ვერ ვუწევთ, თუმცა ჩვენი სტამბის სერვისით სარგებლობენ ისინი ვისთვისაც ხარისხისა და ნედლეულის კომპონენტების ბალანსი მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.
მისი თქმით, კორპორაციულ დამკვეთს სთავაზობენ ისეთ სერვისსა და ფასს, რომ მომსახურება იყოს გრძელვადიანი.
„ჩვენი დამკვეთები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები ისე ბიზნესი. ვთანამშრომლობთ საბანკო სექტორთან, კავშირგაბმულობის კომპანიებთან. ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სახელმძღვანელოების ბეჭდვაში, რაც კომპანიის საქმიანობაზე დადებითად აისახება. საშემოდგომოდ და საახალწლოდ დაკვეთების მოცულობა მაღალია“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.
სალომე შავერდაშვილი ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროფესიული კადრებისა და ხარისხიანი ნედლეულის დეფიციტია.
„სეზანი“ 35 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ბიზნესში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
06.10.2026.12:19
9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!