„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი კომპანიის ერთწლიან საქმიანობას აფასებს
„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ნინა გადელია Business Insider Georgia-სთან კომპანიის ერთწლიან საქმიანობას აფასებს.
ნინა გადელია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს კომპანიის მიერ ჯამურად გაშვებული სიმძლავრე 6 მეგავატს აღწევს, მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, სიმძლავრის მოცულობა 2025 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.
„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნასაც აფასებს და ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით, მომართვიანობა გაზრდილია.
„ექსპულატაციაში ჯამურად 6 მეგავატის სიმძლავრის სადგურებს გავუშვებთ, ვფიქრობ, ეს ერთი წლის კომპანიისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ამ დროისთვის, დამატებით 25-30 მეგავატამდე პროექტებზე ვმუშაობთ, თუმცა მათი დასრულება წელს ვერ მოესწრება და 2025 წელზე გადავა.
მოთხოვნას რაც შეეხება, საერთო სურათით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე წლის მოთხოვნამ გასული წლების მომართვიანობას გადააჭარბა. აქამდე თუ მომხმარებლისთვის ახსნა გვიწევდა, თუ რა არის მზის პანელი და რა ბენეფიტები აქვს მას - ახლა ეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია; მომხმარებელი სრულად ინფორმირებული გვიკავშირდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ აქამდე მომხმარებლებს შორის ძირითადად ქარხნები, სასაწყობე მეურნეობები ჭარბობდნენ - დღეს მზის პანელების მონტაჟით ნებისმიერი ტიპის კომპანია ინტერესდება“ - ამბობს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი.
ნინა გადელია „შაინ ენერჯის“ სიახლეზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა პროექტების განხორციელების ვადა.
„ჩვენ შევძელით, რომ მზის პანელებისა და მოდულების შემოტანასთან დაკავშირებით ლოდინი აღარ გვიწევს. პროდუქცია სულ მარაგშია, ჩვენთან მოსულმა კონტრაქტორმა იცის, რომ პროექტი მოკლე ვადებში განხორციელდება. ამ მიმართულებით დროის დაზოგვა მნიშვნელოვანია, რადგან სამშენებლო პროცესს, მაქსიმალური სიმძლავრის შემთხვევაში დაახლოებით 20-25 დღემდე სჭირდება. შესაბამისად, ნედლეულის მუდმივად მარაგში ქონა სამუშაოებს მკვეთრად ამარტივებს“ - განმარტავს ნინა გადელია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.