შაქრის ერთადერთი მწარმოებელი „აგარის შაქარი“ მუშაობას აპრილიდან განაახლებს
შაქრის მწარმოებელი ერთადერთი საწარმო „აგარის შაქარი“, რომელიც მიმდინარე წელს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდა, აპრილიდან მუშაობას განაახლებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გარდა საწარმოში ჩასატარებელია გასულ წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
„ქარხანა გეგმურად 2022 წლის 31 დეკემბერს რემონტის ჩასატარებლად დაიხურა. ქარხნის ფუნქციონირების შეჩერება მუშაობის სპეციფიკის ნაწილია. მიმდინარეობს გასული წლის სექტემბერში ხანძრისგან დაზიანებული ნედლეულის საწყობის მთლიანი რეკონსტრუქცია, რაც შედარებით უფრო მეტ დროს მოითხოვს“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს შპს „აგარის შაქრის“ კომპანიაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქარხნის მუშაობა სარემონტო სამუშაოები დასრულების შემდეგ განახლდება. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადაა აპრილია. შპს აგარის შაქრის კომპანიაში განმარტავენ იმასაც, რომ სახელმწიფოსთან ბიზნესისთვის მხარდაჭერის პაკეტზე კონსულტაციები გრძელდება.
„ვინაიდან ჯერ სარემონტო სამუშაოების დამთავრებამდე დიდი დროა, ვფიქრობთ, ამ ვადაში შეთანხმებას მივაღწევთ. როგორც იცით „აგარის შაქრის“ ქარხანა ერთადერთია საქართველოში და მთავრობის მიერ ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის. ამასთან ქარხანა ადგილობრივ ბაზარზე პირველადი სასურსათო მოხმარების პროდუქტის შაქრის მიწოდებას განახორციელებს და დეფიციტის წარმოქმნას შეუშლის ხელს“, - აცხადებს საქართველოში შაქრის მწარმოებელი ერთადერთი საწარმოს მენეჯმენტი. დაკავებული.
„აგარის შაქრის“ კომპანიაში ამბობენ იმასაც, ევროპიდან არაპირდაპირ სუბსიდირებული მწარმოებლებისგან საქართველოში დაბალ ფასში იმპორტირებული თეთრი შაქრის იმპორტიორებისთვის კონკურენციის გაწევა რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევრო პროდუქტი საბაჟო მოსაკრებლებისგან გათავისუფლებულია.
„იმედს ვიტოვებთ, რომ სარემონტო სამუშაოები დაგეგმილ დროში მოესწრება და ქარხანა აპრილის თვიდან განაახლებს მუშაობას. რაც შეეხება შაქრის მარაგებს, ქარხანას საკმარისი მარაგი აქვს, რომ ქარხნის გახსნამდე ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას“, - საცხადებენ კომპანიაში.
საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, შპს აგარის შაქრის კომპანიაში 51%-იანი წილის მფლობელია შპს ანატოლია თრეიდ კომპანი, 16.335%-ს ფლობს შპს ნირეზოუნ-საქართველო, 24.497%-ს შპს უნივერსალ კაპიტალ გრუპი, ხოლო დარჩენილ 8.168%-ს კი ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედ /არაბთა გაერთიანებული საემიროები/.
კომპანიის დირექტორი კი აზერბაიჯანის მოქალაქე ალხან ალიზადაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.