„შატო ვარციხეში“ დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი და საჯინიბო გაიხსნება - ინვესტიცია ₾500 ათასია
კომპანია „ვარციხის მარნის“ დირექტორი თამაზ ცირეკიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2024 წლის სეზონზე „შატო ვარციხეში“ ტურისტების ნაკადის სიმცირეა, თუმცა კომპანია, შატოს გაფართოებას გეგმავს და ამისთვის ₾500 ათასის ინვესტიცია განხორციელდა.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის „შატო ვარციხის“ ტერიტორიაზე 20 კოტეჯია და შატოს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტები სტუმრობენ. იმისთვის, რომ შატო წლის ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს, 2024 წლის სეზონზე სიახლეებს გეგმავენ.
„ვაშენებთ დახურულ აუზს, საკონფერენციო დარბაზს შუაგულ ტყეში და ასევე ცხენების საჯინიბოს, იმისთვის, რომ ზამთრის სეზონზეც დატვირთული ვიყოთ. პროექტის განხორციელება აპრილის ბოლოს დასრულდება. ინვესტიციის მოცულობა $500 ათასია“, - ამბობს „ვარციხის მარნის“ დირექტორი.
„შატო ვარციხე“ 2022 წელს გაიხსნა და 85 ჰექტარზეა განთავსებული. ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 6 მილიონი ლარია.
შატოს ტერიტორიაზე არის რესტორანი ტერასით, სადაც „ვარციხის მარნის“ მიერ წარმოებული ღვინის 60-70% იყიდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.