შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება, იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე არის გაზსადენების და ნავთობსადენის პროექტები - გიორგი მარგებაძე
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე აცხადებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ნავთობისა და გაზის ტრანზიტული ინფრასტრუქტურაა, რადგანაც ქვეყანას ტრანზიტის გარდა საკუთარი ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობასაც გაუჩენს.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, რომელიც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა, 4 500 მეგავატიანი პოტენციალის სრულად ათვისების შემთხვევაში, ექსპორტიდან წლიური შემოსავალი თეორიულად 4 მილიარდ ევრომდე შეიძლება გაიზარდოს, რაც ენერგეტიკაში ინვესტიციების მკვეთრ ზრდასაც განაპირობებს.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება. იმაზე მნიშვნელოვანი პროექტი, პირადად მე თუ მკითხავთ, ვიდრე არის გაზსადენების და ნავთობსადენის პროექტები, რომლებიც საქართველოს გავლით თურქეთის მიმართულებით მიდის. ვგულისხმობ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და TANAP-ს. იმიტომ რომ ჩვენ ამ კუთხით ტრანზიტორი ქვეყანა ვართ, არა გვაქვს ჩვენი გაზი და ნავთობი და შავი ზღვის კაბელი იმ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი, რომ გარდა ტრანზიტისა, საკუთარი პროდუქციის - ელექტროენერგიის გატანას შევძლებთ და ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება უშუალოდ ინვესტიციის მოზიდვას, დღეს ჩვენი პოტენციალი ელექტროენერგიის გატანის მიმართულებით არის თურქეთი, სომხეთის მიმართულებითაც გაგვაქვს ელექტროენერგია, ამ ყველაფერს რომ დაემატება აღმოსავლეთ ევროპა, სადაც ვაჭრობა ევროცენტებში მიმდინარეობს - გააორმაგებს კი არა გაათმაგებს ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკის კუთხით.
უშუალოდ ციფრებზე რომ გადავიდეთ - შავი ზღვის კაბელის 1 500 მეგავატს თუ დავუმატებთ „მწვანე დერეფნის“ 3 000 მეგავატს, ჯამში 4 500 მეგავატს მივიღებთ. ეს წელიწადში დაახლოებით 38 მილიარდი კილოვატ-საათია, რაც ფულად ერთეულში 4 მილიარდ ევროს, ეროვნულ ვალუტაში კი 12 მილიარდ ლარს შეადგენს.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს მხოლოდ თეორიაა, მაგრამ პრაქტიკული მაგალითისთვის შეგვიძლია ნორვეგიის გამოცდილება ავიღოთ, რომელსაც ბრიტანეთში აქვს ერთი წყალქვეშა კაბელი, ნიდერლანდებში აქვთ ორი კაბელი, გერმანიის მიმართულებით აქვთ კაბელი და საკუთარი ჰიდრორესურსის თითქმის 100% აქვთ ათვისებული. მდინარეს ვერ ნახავთ, სადაც არ დგას ჰიდროელექტროსადგური. ე.ი. საკუთარი მოხმარების 99% მოდის ჰიდროზე და 1%-ს ინაწილებს მზე და ქარი. უბრალოდ საჭირო არის სწორი დაგეგმარება, მუშაობა და მონდომება - თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.