შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა - მარიამ ჩახვაშვილი
ამჟამად ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ, თურქეთი კი ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარია, თუმცა გარკვეულ წლებში ექსპორტს სომხეთის მიმართულებითაც ვეწეოდით - რაც შეეხება რუსეთსა და აზერბაიჯანს, მათ საკუთარი ენერგორესურსები იმგვარ ფასად აქვთ, რომ ჩვენი ელექტროენერგიის შესყიდვის საჭიროება არ გააჩნიათ, თორემ ფიზიკურად გატანის შესაძლებლობა და ინფრასტრუქტურა არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სამომავლოდ კი, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამუშავდება, საშუალება მოგვეცემა, ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც განვახორციელოთ“.
„რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ევროკავშირში ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალი ტარიფებია; განსაკუთრებით ენერგეტიკული კრიზისის დროს ფასები მკვეთრად, 3-4-ჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, რის გამოც ეს ალტერნატიული ხაზი ევროპული მხარისთვისაც მეტად მიმზიდველი გახდა.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ამ ინიციატივას ურთიერთინტერესის პროექტის -Project of Mutual Interest (PMI) - სტატუსი მიანიჭა, რაც მათ ოფიციალურ დაინტერესებაზე მიუთითებს. ევროპული მხარე მზად არის, გამოყოს შეღავათიანი ფინანსური რესურსი, იქნება ეს დაბალპროცენტიანი სესხის თუ გრანტის სახით, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პროექტი სწორედ მათი ფონდებიდან დავაფინანსოთ.
ეს ორმხრივი ინტერესი აჩვენებს, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ. ანალოგიურად ვუყურებთ ამ პროცესს ჩვენც - ეს არის ახალი ბაზრების ათვისებისა და ბევრწილად უფრო სტაბილურ, მაღალმარჟიან პლატფორმებზე გასვლის საუკეთესო შესაძლებლობა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთის მხრივ ჩვენი ამოცანაა დეფიციტის შემცირება, მეორეს მხრივ ექსპორტის სწორი მართვა“, - აღნიშნა ჩახვაშვილმა.
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგია სეზონურობით ხასიათდება, ქვეყანას ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია, რაც მათი მაქსიმალური ათვისების აუცილებლობას განაპირობებს.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.