შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
შენი პირველი პროფესიული ნაბიჯები, შეგიძლია სწორედ თიბისიში გადადგა.
თუ ეძებ შესაძლებლობას, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევს, ახლა საუკეთესო დროა, თიბისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას შემოუერთდე.
თიბისიში იმუშავებ სფეროს წამყვან პროფესიონალებთან, რეგიონის ლიდერ კომპანიაში, ჩაერთვები რეალურ პროექტებსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და იმ გამოცდილებას მიიღებ, რომელიც კარიერის დასაწყისშივე შენი მნიშვნელოვანი საყრდენი გახდება.
პროგრამის კურსდამთავრებულთა 70% კარიერას თიბისიში აგრძელებს, რაც ნიშნავს, რომ სტაჟირება შეიძლება შენთვის მხოლოდ პირველი პროფესიული გამოცდილება კი არა, თიბისის გუნდის წევრობის დასაწყისიც გახდეს.
თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ხარ მიზანსწრაფული, გამბედავი და ახალი შესაძლებლობებისთვის ღია - გაეცანი მიმართულებებს, აირჩიე შენთვის საინტერესო სფერო და დარეგისტრირდი თიბისის სტაჟირების პროგრამაზე.
თიბისიში შენი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი არაერთი მიმართულება დაგხვდება:
• საინვესტიციო საბანკო ბიზნესი - TBC Capital;
• AI ინჟინერია;
• კორპორატიული ბიზნესის მართვა;
• Concept, WM და მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსების მართვა;
• ადამიანური კაპიტალის მართვა;
• ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი;
• იურიდიული მიმართულება;
• გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები - ESG;
• სამშენებლო რისკების პრევენცია და კონტროლი - Construction, CB;
შენ ჩაერთვები 6-12-თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში, რომელიც შენს განვითარებაზეა მორგებული.
სტაჟირების პერიოდში გექნება უნივერსიტეტთან შეთავსებადი, შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, იმუშავებ წამყვან პროფესიონალებთან და გეყოლება მენტორი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში დაგეხმარება, გაგიზიარებს გამოცდილებას და იზრუნებს შენს პროფესიულ განვითარებაზე.
ეს მხოლოდ პირველი სამუშაო გამოცდილება არ არის - ეს შესაძლებლობაა, გამოსცადო საკუთარი უნარები, გაიცნო პროფესიული გარემო და გადადგა პირველი ნაბიჯი კარიერისკენ, რომელიც თავად გინდა შექმნა.
თიბისის სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი.
თუ კითხვები გაქვს, მოგვწერე: HRinternship@tbcbank.ge
დარეგისტრირდი დღესვე და დაიწყე კარიერა თიბისიში.
მთავარია გჯეროდეს შენი პირველი ნაბიჯის.
სხვა სიახლეები
ცნობისმოყვარეობიდან ინოვაციების დანერგვამდე - ელისო პაპუაშვილის გზა საქართველოს ბანკში
28.09.2026.17:45
პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი პასუხისმგებლობების აღებას არ ნიშნავს, იგი ხშირად მორიგი საინტერესო მიმართულების არჩევაში, უცნობი სფეროს სწავლასა და ისეთი ინოვაციური იდეების დანერგვაში გამოიხატება, რომელიც სხვების მუშაობასაც ამარტივებს.
სწორედ ასეთი კარიერული ისტორია აქვს ელისო პაპუაშვილს, რომელიც საქართველოს ბანკს 2018 წელს, საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე შეუერთდა. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობამ საბანკო საქმიანობის განსხვავებული მხარეების გაცნობის შესაძლებლობა მისცა. დღეს ის საშუალო ბიზნესის პერსონალური ბანკირია და ამ როლში კომპანიების საქმიანობისა და ფინანსების ანალიზთან ერთად, იმ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზეც მუშაობს, რომლებიც ასობით თანამშრომლის საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ამ სტატიაში ელისო განვლილ გამოცდილებასა და საქართველოს ბანკის ღირებულებებზე - შექმნასა და მოქმედებაზე, გულშემატკივრობაზე, მოტივაციაზე და გამბედაობაზე - გვიამბობს.
სხვადასხვა როლიდან საშუალო ბიზნესამდე
საქართველოს ბანკში მუშაობის დაწყებისას ელისო პაპუაშვილის მთავარი მოლოდინი პროფესიული განვითარება იყო. საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციას მომხმარებლებთან ურთიერთობის დისტანციური მენეჯერისა და საოპერაციო ბანკირის როლები მოჰყვა, შემდეგ კი საშუალო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა.
თითოეულმა ეტაპმა საბანკო საქმიანობის განსხვავებული ნიუანსები გააცნო. საოპერაციო ბანკირის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში კი საუკეთესო საოპერაციო ბანკირის ჯილდოც მოიპოვა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა შვიდი თვის წინ დადგა, საშუალო ბიზნესის პერსონალური ბანკირის პოზიცია აირჩია. ახალი როლი სრულიად განსხვავებულ ცოდნასა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა.
„ფაქტობრივად, ნულოვანი გამოცდილებით შევუერთდი ამ დიდ და საინტერესო ისტორიას. ყოველდღიურად ვეცნობი სხვადასხვა ინდუსტრიას, ვაანალიზებ კომპანიების საქმიანობას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში ვმონაწილეობ, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე. დღეს ყველაზე დიდ კმაყოფილებას მანიჭებს გუშინდელი დღის დღევანდელ დღესთან შედარება“, — აღნიშნავს ელისო.
როცა შექმნა და მოქმედება შენი საქმიანობის ნაწილია
ელისოსთვის პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი ცოდნის მიღებას არ უკავშირდება. მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენება და სხვებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტების შექმნა მისი საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია.
იგი გასული წლის განმავლობაში ის საქართველოს ბანკის AI Ambassador-ის პროგრამაში მონაწილეობდა. პროგრამა ხელოვნური ინტელექტის ენთუზიასტებს შესაძლებლობას აძლევდა, საკუთარი ცოდნა სხვა თანამშრომლებისთვისაც გაეზიარებინათ.
სწორედ ამ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შექმნა Eliso — AI ინსტრუმენტი, რომელიც ბანკირებს კომპანიების ფინანსური ანალიზის უფრო სწრაფად და სტრუქტურირებულად შესრულებაში ეხმარება. ინსტრუმენტს უკვე საშუალო ბიზნესის მიმართულების გუნდი იყენებს და ის დაახლოებით 150 თანამშრომლის ყოველდღიურობის ნაწილია.
„ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ის არის, როდესაც იდეა პრაქტიკულ ღირებულებად იქცევა.“
გულშემატკივრობა, რომელიც საქმით გამოიხატება
საქართველოს ბანკის ღირებულებებიდან ელისოსთვის “გულშემატკივრობა” ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ცნებაა. ეს მისთვის მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაში არ გამოიხატება, არამედ ყოველდღიურ საქმიანობაში კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებას, პროცესების გამარტივებას და ისეთი გადაწყვეტილებების ძიებას გულისხმობს, რომლებიც სხვებსაც აძლევს განვითარების შესაძლებლობას.
სწორედ ამ მიდგომიდან დაიბადა Eliso-ს შექმნის იდეაც. ინსტრუმენტი თავდაპირველად კონკრეტული სამუშაო საჭიროების პასუხი იყო, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ ერთი ადამიანის მუშაობის გამარტივება არ ყოფილა - იდეა საბოლოოდ დიდი გუნდისთვის პრაქტიკულ ინსტრუმენტად იქცა.
მოტივაცია, რომელსაც ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს
უწყვეტი განვითარების სურვილს ელისოს შემთხვევაში ცნობისმოყვარეობაც ამოძრავებს. აინტერესებს, როგორ მუშაობს კონკრეტული პროცესი, რა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ და სად შეიძლება ტექნოლოგიამ უფრო ეფექტური შედეგის მიღებაში დაეხმაროს.
ამიტომ განსაკუთრებით დიდ მოტივაციას აძლევს ის მომენტები, როდესაც იდეა რეალურ შედეგს იძლევა და მისი ღირებულება სხვა ადამიანებისთვისაც ხელშესახები ხდება.
„მიყვარს ისეთი გამოწვევები, რომლებიც მაიძულებს ვისწავლო ახალი, გავიაზრო პროცესები და უკეთესი გადაწყვეტილებები ვიპოვო. როდესაც ვხედავ, რომ ჩემი იდეა ან ინიციატივა რეალურ შედეგს იძლევა და სხვებისთვისაც სასარგებლოა, ეს მაძლევს სურვილს, მუდმივად განვვითარდე და ახალი შესაძლებლობები ვეძებო.“
რჩევა მათ, ვინც კარიერას ახლა იწყებს
ელისოსთვის კარიერის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი მზა პასუხების ცოდნა კი არა, სწავლის სურვილი და გამბედაობა იყო. ახალი გამოწვევების მიღება, კითხვების დასმა და მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება კი დღესაც პროფესიული ზრდის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.
“მედიუმ ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე გადასვლა ჩემთვის სწორედ ასეთი - გაბედული გადაწყვეტილება იყო. ვიცოდი, რომ წინ სრულიად ახალი პასუხისმგებლობები და გამოწვევები მელოდა, თუმცა მჯეროდა, რომ განვითარებისთვის სწორედ ასეთ გარემოში უნდა მოვხვედრილიყავი.
დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე გამბედავი ნაბიჯი ცვლილებების მიღებაა. თუ მზად ხარ ისწავლო, იკითხო და შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოიტანო, სწორედ ეს გაყალიბებს პროფესიონალად.
ამიტომაც მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვურჩევდი, რომ არ ეშინოდეთ გამოწვევების და არასოდეს შეწყვიტონ სწავლა. კარიერის დასაწყისში ბუნებრივია, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი არ გექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია სურვილი - ყოველდღე ერთით მეტი რამ ისწავლო.“