შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
Glovo, საქართველოს წამყვანი მრავალკატეგორიული ტექნოლოგიური პლატფორმა, მომხმარებლებს ChatGPT-ისა და Claude-ის პლატფორმებისთვის შექმნილ AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს სთავაზობს. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხელოვნურ ინტელექტთან ბუნებრივი დიალოგის საშუალებით აღმოაჩინონ, მოძებნონ და შეუკვეთონ ადგილობრივი რესტორნებისა და მაღაზიების პროდუქტები.
ამ ინტეგრაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ Glovo-ზე ხელმისაწვდომი ათასობით პროდუქტი მოიძიონ, შეადარონ შეთავაზებები და მარტივი, სასაუბრო ფორმით შეუფერხებლად გააგრძელონ შეძენის პროცესი. კატეგორიებსა და ფილტრებში ძიების ნაცვლად, მათ შეუძლიათ უბრალოდ აღწერონ, რა სჭირდებათ – მაგალითად: „მჭირდება დაბადების დღის საჩუქარი 100 ლარის ფარგლებში“ ან „მომიძებნე ადგილები ჩემთან ახლოს, სადაც ჯანსაღი ვახშმის შეკვეთა შემიძლია“. ამის შემდეგ AI ასისტენტი აანალიზებს მოთხოვნას, ეძებს შესაბამის პროდუქტებს, ამოწმებს ადგილობრივ ხელმისაწვდომობას და მომხმარებელს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
გონივრული და ბუნებრივი შოპინგის გამოცდილება
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი Glovo-ს ანგარიშს ChatGPT-ს ან Claude-ს დაუკავშირებს, შოპინგის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და პერსონალიზებული ხდება. ასისტენტი იმახსოვრებს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორებიცაა ბიუჯეტი, კვებითი პრეფერენციები და სასურველი პროდუქტის კატეგორიები, რათა დიალოგის განმავლობაში მომხმარებელს სულ უფრო ზუსტი და მის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციები შესთავაზოს.
ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს Glovo-ს ადგილობრივი პარტნიორებისგან ხელმისაწვდომ ხუთამდე პერსონალიზებულ პროდუქტს სთავაზობს. თითოეულ შეთავაზებაში მოცემულია პროდუქტის ფოტო, ფასი, მაღაზიის შესახებ ინფორმაცია და მომხმარებელთა შეფასებები. “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად გადადის Glovo-ს აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე, სადაც უსაფრთხოდ ასრულებს შეკვეთასა და გადახდას.
„ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რათა Glovo-ს სერვისები იმ პლატფორმებზე გავხადოთ ხელმისაწვდომი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ. ChatGPT-სა და Claude-ზე ხელმისაწვდომობა მათ შესაძლებლობას აძლევს, ბუნებრივი დიალოგის საშუალებით მარტივად გაეცნონ Glovo-ს შეთავაზებებს. Glovo ყოველთვის იყო ყოველდღიური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ფართო არჩევანსა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობდა, ხოლო ეს ინიციატივა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ - განაცხადა Glovo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში, არტემ კოლოსიუკმა.
როგორ მოძებნოთ პროდუქტები Glovo-ს აპლიკაციაში ChatGPT-ის ან Claude-ის დახმარებით:
● მომხმარებელმა ChatGPT ან Claude უნდა დააკავშიროს Glovo-ს აპლიკაციასთან პლაგინის მეშვეობით;
● სინქრონიზაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა აკრიფოს @glovo, შემდეგ კი თავისი მოთხოვნა;
● AI პლატფორმა მომხმარებელს ხუთი ხელმისაწვდომი ვარიანტის კარუსელს შესთავაზებს;
● თუ მომხმარებელს რომელიმე პროდუქტის შეძენა ან Glovo-ს აპლიკაციაში ძიების გაგრძელება სურს, უნდა დააჭიროს “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკს, რომელიც მას Glovo-ს აპლიკაციაზე ან ვებგვერდზე გადაიყვანს.
● შეკვეთის დადასტურების შემდეგ, პარტნიორი ობიექტი მოამზადებს შეკვეთას, ხოლო კურიერი მის ასაღებად გაემართება. მომხმარებელი შეკვეთას რამდენიმე წუთში მიიღებს.
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/
სხვა სიახლეები
კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
26.10.2026.16:18
„ვოლნათს.ჯი“ საგარეჯოში კაკლის მოსავლის აღების პროცესშია. წელს კომპანია საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 600 ტონა მოსავალს ელოდება, დამატებით კი ადგილობრივი ფერმერებისგან 1,200 ტონამდე კაკალს ჩაიბარებს. მოსავლის მიღებასა და დამუშავებას თანამედროვე საწარმო უზრუნველყოფს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით შენდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 30 მილიონ ლარამდეა, საიდანაც ბანკის დაფინანსება 13 მილიონ ლარს შეადგენს. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.
„ვოლნათს.ჯი“ 150 ჰექტარზე გაშენებულ კაკლის ბაღებსა და გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს. საწარმოს დღიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 80 ტონა კაკალია. წარმოების პროცესი მოსავლის რეცხვით იწყება, რის შემდეგაც კაკალი სენსორული სისტემების საშუალებით ხარისხის მიხედვით გადაირჩევა. შემდეგ პროდუქტი საშრობ სივრცეში გადადის, სადაც ტენიანობა მუდმივად კონტროლდება. ბოლო ეტაპზე კაკალი ზომების მიხედვით კალიბრდება და იფუთება. პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასა და დიდი მოცულობის მოსავლის ეფექტიანად დამუშავებას უზრუნველყოფს.
კომპანია პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, სადაც პრემიუმ ხარისხის კაკალზე მოთხოვნა მაღალია. სატესტო პარტიები კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიასა და ავსტრიაში, გადის.
სამომავლოდ „ვოლნათს.ჯი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - 2027 წელს კომპანია 70%-ით მეტ კაკალს გადაამუშავებს; ასევე დაგეგმილია შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
თიბისი სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი და აქტიური დამფინანსებელია. ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს წარმოების ზრდას, ფერმერებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას.