შიდა პროცესების ოპტიმიზაცია და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია - როგორია „ლინეიტის“ განვითარების სტრატეგია
„ლინეიტი“ არის ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე სულაბერიძე, Business Insider Georgia-სთან მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ამ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს შიდა გადაწყობა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და პროცესების ოპტიმიზაცია. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ადამიანური რესურსების დროითი დატვირთვა და თანამშრომლების დრო უფრო ეფექტურად გადავანაწილოთ.
ეს ნიშნავს, რომ მათი დროის რესურსი უკეთ იქნება ორგანიზებული, ათვისებული და გამოყენებული, რაც საბოლოოდ აისახება იმაზე, რომ თუ ადრე ერთი ადამიანი ერთ პროექტზე მუშაობდა, დღეს შესაძლებელი იქნება ერთდროულად რამდენიმე პროექტში იყოს ჩართული და მაინც შეინარჩუნოს იგივე ხარისხი როგორც პროდუქტის, ისე სერვისის მიწოდების კუთხით.
გარდა ამისა, ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. 2026 წელს გავაქტიურდით როგორც ამერიკის, ისე ევროპის ბაზარზე პარტნიორული მიმართულებით (partnerships). ამ ეტაპზე რამდენიმე დიდ კომპანიასთან დავამყარეთ პარტნიორობა, მათ შორის არის ClickHouse. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვცდილობთ მათი კლიენტებისთვის ერთობლივად დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები - ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ უკვე წარმატებით დავნერგეთ ამერიკულ ბრენდებსა და პროექტებში. ახლა მიზნად გვაქვს მსგავსი პროექტების განხორციელება ევროპის ბაზარზეც და ამ გამოცდილების იქ გადატანა.
ასევე, ჩვენი მთავარი ამოცანა შეიცვალა პოზიციონირების კუთხითაც: თუ აქამდე ვმუშაობდით როგორც საერთაშორისო მასშტაბის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, დღეს ვპოზიციონირებთ როგორც ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და განხორციელების საკონსულტაციო კომპანია. ჩვენი მიზანია ბიზნესებს შევთავაზოთ სრულფასოვანი გადაწყვეტილებები, პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ოპერაციულ ეფექტიანობას.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია ოფისებს ფლობს, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. შესაბამისად, აქტიურად ვრჩებით ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად და ვცდილობთ მოვიზიდოთ ახალი ტალანტები, განსაკუთრებით Data engineering-ისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საქმიანობა სრულად ერგება კლიენტების მოთხოვნებს AI-ის მიმართულებით, ჩვენ ვაძლევთ თანამშრომლებს შესაძლებლობას, საქართველოდან, სომხეთიდან ან სხვა რეგიონული ოფისებიდან იმუშაონ საინტერესო და თანამედროვე პროექტებზე, რომლებზეც წვდომა აქვთ წამყვან ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან.
სამომავლოდ, მასშტაბურ გაფართოებას არ ვგეგმავთ. ჩვენი მთავარი ფოკუსი შიდა პროცესების ოპტიმიზაციის სრულად დასრულებაა “, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
ინფორმაციისთვის, კომპანია საქართველოში დაახლოებით 150 ადამიანს ასაქმებს, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით „ლინეიტის“ გუნდი 300-მდე წევრს აერთიანებს. კომპანიის სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. გარდა ამისა, „ლინეიტს“ ოფისები აქვს თბილისში, ერევანში და სერბეთში.
სხვა სიახლეები
Robo Coder - 2026–2027 სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობებით
09.09.2026.18:00
2026-2027 სასწავლო წელს ტექნოლოგიური განათლების ცენტრი ROBO Coder ახალი იდეებითა და მიმართულებებით ხვდება. ცენტრი აგრძელებს უკვე წარმატებული პროგრამების განვითარებას და ამავდროულად ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო ბექაურს ესაუბრა.
”ROBO Coder-ის პროგრამებში წელს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პროგრამირებასა და თამაშების შექმნას. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად მოიფიქრონ თამაშის იდეა, შექმნან პერსონაჟები და თამაშის მექანიკა და საკუთარი იდეა რეალურ ციფრულ პროდუქტად აქციონ.
ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Robo Coder Anywhere - მობილური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში ROBO Coder-ის გუნდი თავად მივა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ბავშვებს ადგილზე შესთავაზებს რობოტიკისა და პროგრამირების გაკვეთილებს. ამგვარად, თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება უფრო მეტი ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
2026–2027 სასწავლო წლის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ინტერესი შეინიშნება როგორც ROBO Coder-ის მოქმედი მოსწავლეების მხრიდან, რომლებიც სწავლის შემდეგ ეტაპზე გადადიან, ასევე ახალი მოსწავლეების მხრიდანაც.
მოთხოვნა სხვადასხვა ასაკობრივ მიმართულებაზეა - 3-5 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი კურსებიდან 10-15 წლის მოზარდებისთვის პროგრამირებისა და თამაშების შექმნის კურსებამდე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური განათლების მიმართ ინტერესი ბავშვების სხვადასხვა ასაკში იზრდება.
თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად Robo Coder-ის სასწავლო პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტიც. ცენტრის მიზანია, ბავშვებმა AI მხოლოდ მზა ინსტრუმენტის სახით არ გამოიყენონ. ისინი სწავლობენ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკუთარი იდეების განვითარებისა და განხორციელებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო ეს პროცესი თამაშების შექმნისას ხდება, როდესაც ბავშვი თავად არის იდეის ავტორი, ხოლო AI მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების დამატებითი ინსტრუმენტია.
ამასთან, ROBO Coder აგრძელებს იმ მიმართულების განვითარებას, რომლითაც ცენტრმა წლების განმავლობაში ბევრი ბავშვის ინტერესი მოიპოვა - Lego რობოტოტექნიკა. ტრადიციული კურსები კვლავ რჩება სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილად. რეალური მოდელების აწყობა ბავშვებს ეხმარება წვრილი მოტორიკის, სივრცითი აზროვნების, ყურადღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.
თუმცა Robo Coder-ისთვის ტრადიციების შენარჩუნება განვითარებაზე უარის თქმას არ ნიშნავს. პირიქით - ცენტრის მთავარი მიზანია, პრაქტიკული სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებს დაუკავშიროს.
2026–2027 სასწავლო წლის მთავარი პრიორიტეტი სწორედ განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნაა. Robo Coder-ის მიზანია, შეინარჩუნოს ის, რაც ბავშვებისთვის საინტერესო და ეფექტურია, და ამავდროულად მუდმივად დაამატოს ახალი მიმართულებები.
სამომავლოდ Robo Coder-ის ხედვაა, განვითარდეს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების სივრცე, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ მათი შემქმნელებიც ხდებიან“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.