სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
მსოფლიოს წამყვანმა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Moody’s Ratings (Moody’s) დაადასტურა სილქ როუდ ჯგუფის გრძელვადიანი კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი B1, ისევე, როგორც კომპანიის მიერ 2025 წელს გამოშვებული 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B1. ამასთან, რეიტინგის პერსპექტივა შეცვალა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“.
Moody’s-ის მიერ B1 რეიტინგის დადასტურება და პერსპექტივის „სტაბილურიდან“ “პოზიტიურამდე” გაუმჯობესება მიუთითებს იმაზე, რომ სააგენტო სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო პროფილს სტაბილურად აფასებს და სამომავლოდ მისი გაუმჯობესების პოტენციალს ხედავს.
Moody’s-ის რეიტინგი წარმოადგენს კომპანიის ან სახელმწიფოს მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების დამოუკიდებელ შეფასებას. მისი რეიტინგები გამოიყენება ინვესტორების, ბანკების, ობლიგაციების მფლობელებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ იმის შესაფასებლად, რამდენად სანდოა მსესხებელი და რამდენად მაღალია მსესხებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი.
სილქ როუდ ჯგუფი არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს და სტუმარმასპინძლობის, უძრავი ქონების და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედ ჰოლდინგის სხვა კომპანიებს.
კომპანიის შეფასებისას Moody’s როგორც წესი, აანალიზებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მომგებიანობა; ვალის მოცულობა და მისი მომსახურების შესაძლებლობა; ფულადი ნაკადები; ბიზნესის დივერსიფიკაცია და სტაბილურობა; კომპანიის საქმიანობის სექტორები და ბაზრები; ლიკვიდურობა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური და სხვა გარე რისკები.
B1 რეიტინგის დადასტურება, რეიტინგის პროგნოზის „პოზიტიურზე“ ცვლილებასთან ერთად, წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფის“ ამჟამინდელი საკრედიტო პროფილისა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივების დადებით შეფასებას.
გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი: “ძალიან სასიხარულოა, რომ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა, ეს ახალ შესაძლებლობებს ქმნის მომავალი განვითარებისთვის. ახლო მომავალში კიდევ არაერთ დადებით სიახლეს ველით, რასაც მოგვიანებით შეგატყობინებთ. ”
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.