სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს
კომპანია David Chipperfield Architects იმუშავებს ბობოყვათის კურორტის გენერალურ გეგმაზე. ეს იქნება ახალი, გამორჩეული საკურორტო ზონა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმსა და ქობულეთს შორის მდებარე 15.4 ჰექტარი ფართობის ბობოყვათი-ბობო ბიჩის ტერიტორია გარდაიქმნება სიცოცხლით სავსე, მრავალფუნქციურ ზღვისპირა სივრცედ.
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება შედგა 2026 წლის 11 თებერვალს. გენერალური გეგმა ითვალისწინებს უნიკალური საკურორტო გარემოს შექმნას, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ შენობებს, სპა და ველნეს ცენტრს, სანაპირო საზღვაო ინფრასტრუქტურას, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს, ბავშვებისთვის განკუთვნილ რეკრეაციულ ზონებსა და მრავალფეროვან დასასვენებელ ინფრასტრუქტურას. საცხოვრებელ და სასტუმრო კომპონენტებთან ერთად, პროექტი მოიცავს ნავმისადგომისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებას იახტინგისა და წყალის აქტივობების უზრუნველსაყოფად. პროექტის მიზანია შეიქმნას მიმდებარე ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებული გამორჩეული საკურორტო სივრცე, რომელიც ასახავს რეგიონის ბუნებრივ სილამაზესა და ბიომრავალფეროვნებას.
პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის დასრულება დაგეგმილია 2029 წელს.
„ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა დავიწყოთ ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. ახალ კულტურულ კონტექსტში მუშაობას მოაქვს ახალი შთაგონება, ახალი იდეები და ასევე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მოუთმენლად ველით სილქ როუდ ჯგუფთან და მის ხელმძღვანელთან, გიორგი რამიშვილთან, მჭიდრო თანამშრომლობით ღრმად გააზრებული და ხანგრძლივი ღირებულების მქონე არქიტექტურული პროდუქტის შექმნას“, - აცხადებს ჩიპერფილდი, David Chipperfield Architects-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში შემოგვყავს შეუდარებელი არქიტექტორის დევიდ ჩიპერფილდის ბიურო, რათა ჩვენი ქვეყნის სანაპირო ზოლი გარდაიქმნას შესანიშნავ საკურორტო ზონად, რაც მის სილამაზეს და ბუნებრივ მრავალფეროვნებას ნამდვილად შეეფერება. მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი სერ დევიდ ჩიპერფილდს და გვესაუბრა მისი ჩართულობის შესახებ ბობოყვათი-ბობო ბიჩის პროექტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის დაწყებას ბობოყვათში და, იმედია, მის გაფართოებას სხვა ჩვენ პროექტებზეც. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის არქიტექტორები საქართველოში პროექტებს შექმნიან“, - განმარტავს გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
1985 წელს დაარსებული David Chipperfield Architects საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული არქიტექტურული ბიუროა, რომელიც ცნობილია ხანგრძლივი ღირებულების და უმაღლესი ხარისხის არქიტექტურით კულტურული, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პროექტების სფეროში. სტუდიას ხელმძღვანელობს 2023 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატი სერ დევიდ ჩიპერფილდი. კომპანია გლობალურად წარმოდგენილია ლონდონის, ბერლინის, მილანის, შანხაისა და სანტიაგო-დე-კომპოსტელას ოფისებით. მათ მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა Neues Museum ბერლინში, Amorepacific-ის სათავო ოფისი სეულში და The Bryant ნიუ-იორკში. ბიუროს მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო დიზაინის უმაღლესი ხარისხისთვის.
სილქ როუდ ჯგუფი, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კონგლომერატი, ცნობილია იმით, რომ თავის პროექტებზე მუშაობისთვის იწვევს მსოფლიოში აღიარებულ უმაღლესი რანგის არქიტექტორებს და დიზაინერებს. სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების განვითარების ყველა პროექტის განხორციელებას აწარმოებს კომპანია სილქ დეველოპმენტი.
სხვა სიახლეები
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
23.10.2026.11:35
ლოს-ანჯელესში გამართულ Kong Innovator Awards 2026-ზე თიბისიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ნომინაციაში Top Kong Innovator – Developer Experience გაიმარჯვა. ჯილდო თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტისთვის - API-ინტეგრაციის პლატფორმის განახლებისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესებისთვის გადაეცა.
გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, თიბისი ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ცვლილების შედეგად, პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების, გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა მიეცათ; ცენტრალური გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდა. ამ ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.
განახლებული პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და ქმნის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე - Kong API + AI Summit 2026 - თიბისისწარმომადგენლებმა - სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) აუდიტორიას თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარუდგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Spotify, Dell, Prudential და Ericsson.
Kong Innovator Awards 2026-ზე მიღებული აღიარება ადასტურებს თიბისის ტექნოლოგიური გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას - როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვის, ისე მუშაობის მოდელის გარდაქმნისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით.