სილქი - შენი მეორე ბანკი - ვიდეოს „Backstage“
წლების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ერთგვარ დაუწერელ წესად იქცა, რომ ფინანსური ინსტიტუტები ყველაზე ნაკლებს თავად ბანკინგზე საუბრობენ. ინდუსტრიაში, სადაც კომპანიები „პირველობისკენ“ მიისწრაფვიან და აუდიტორიას საკუთარ უნიკალურობას გამუდმებით, ხმამაღალი ფრაზებით უმტკიცებენ, სილქ ბანკმა სრულიად განსხვავებული მიმართულება აირჩია. ახალი სტრატეგიით სილქი პოზიციონირდება, როგორც ალტერნატიული, „მეორე ბანკი“, რომელიც არ ითხოვს ექსკლუზიურობასა და ერთადერთობას მომხმარებლის მობილურ აპლიკაციებში. ეს არის რაციონალური არჩევანი მათთვის, ვინც დაიღალნენ პათეტიკით და სჭირდებათ მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტი — ყოველგვარი დამატებითი ფილოსოფიის, მენტორობისა და ცხოვრების წესის კარნახის გარეშე.

კამპანიის მთავარი სარეკლამო რგოლის დასაწყისში განთავსებულ გაფრთხილებას საკმაოდ მარტივი და პირდაპირი მიზანი აქვს: ბრენდი თავიდანვე ღიად აცხადებს, რომ ვიდეო არ ემსახურება მოტივაციასა და შთაგონებას. იმ ფონზე, როცა ბაზარზე ბანკები ერთგვარ „დრამატულ მარათონში“ არიან ჩართულნი და ხშირად ადამიანებს ცხოვრებისეულ გურუებადაც კი გვევლინებიან, სილქმა გადაწყვიტა, ზედმეტი ნივთები — და მათთან ერთად ზედმეტი ემოციებიც — პირდაპირი მნიშვნელობით გაეტანა კადრიდან. ყოველივე ამის უკან კი ნათელი ლოგიკა დგას: ფინანსების მართვას სიმარტივე სჭირდება და არა დამატებითი სტრესი ან გადაჭარბებული ემოციები.
ვიზუალური ნარატივი ზუსტად მიჰყვება ამ რაციონალურ ხაზს. კადრის თანდათანობით დაცარიელება ბანკინგის ხელოვნური გართულებებისგან გათავისუფლების მთავარი სიმბოლოა. ყოველი დეტალი, რომელიც ვიდეოს მსვლელობისას სამუშაო სივრციდან ქრება, თავის კონკრეტულ, ირონიულ სათქმელს ამბობს:
• სარკეში ყურება — იმ „ჯერ არნახული“ პროდუქტების უტრირებაა, რომლებზედაც ინდუსტრიაში ხშირად ისე საუბრობენ ხოლმე, თითქოს საქმე უდიდეს, ეპოქალურ აღმოჩენას ეხებოდეს;
• სპორტული ინვენტარი — მკაფიო მინიშნებაა, რომ ბანკს არ სჭირდება მატჩის კომენტატორივით თავგამოდება;
• კვარცხლბეკი სამი ერთიანით — ზუსტი პასუხია ირგვლივ გამეფებულ, „ნომერ პირველებით“ სავსე სამყაროზე, სადაც ყველა შეუცვლელობაზე საუბრობს;
• მეგაფონი და „გრენლანდიის“ პეიზაჟი — სიცარიელეში უმისამართოდ ნასროლი შთამაგონებელი ფრაზების ალეგორიაა. ბოლოს კი, თავად გრენლანდიაც ტოვებს სივრცეს, რათა დარჩეს მხოლოდ ის, რაც მართლა საჭიროა ბანკინგში.

სწორედ ამიტომ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, რომ ბრენდი შეგნებულად ამბობს უარს ოქროს ჯილდოებზე. ვიზუალურ დონეზე ეს ოქროს თასების გატანითა და კადრში ვერცხლისფერი, „მეორეადგილოსნის“ ტიპოგრაფიის დატოვებით გამოიხატა — მეორეობა ხომ ზუსტად იმ მოქნილობასა და თავისუფლებას იძლევა, რასაც პირველობის მუდმივი მტკიცება და შეჯიბრება ზღუდავს.
კამერების მიღმა შემოქმედებითი გუნდისთვის მთავარი გამოწვევა ამ ირონიის ვიზუალურ ენაზე ზუსტად გადათარგმნა იყო.

რეჟისორის პერსპექტივა — დიმა ჩხეიძე
რეკლამის კონცეფცია ისაა, რომ ბანკინგში „არაფერია განსაკუთრებული“. რამდენად რთული იყო რეჟისორულად ამ „სიმარტივის“ შენარჩუნება ისე, რომ მაყურებლისთვის კადრები საინტერესო ყოფილიყო? როგორ იქცა „არაფერი განსაკუთრებული“ საინტერესო სანახაობად და როგორ შეიკრა ვიდეოს მოულოდნელი განვითარება?
ძალიან მიხარია, როდესაც შემოქმედებითი გუნდისგან სრულყოფილი, ჩაკეტილი სცენარი მოდის. ასეთ დროს მთავარი ამოცანა რეჟისორული ხედვის ინტეგრაცია და სცენარის ადაპტაციაა, რაც თავისთავად საინტერესო პროცესია. შემოქმედებითი გუნდის მიერ წარმოდგენილი სცენარი სრულიად შეკრული და დასრულებული იყო. დრამატურგია ისე აიგო, რომ თხრობა ვიზუალურად დატვირთული გარემოდან ჰარმონიულად გადადიოდა სტერილურ, მინიმალისტურ ესთეტიკაში, რითაც სილქ ბანკის პოზიციონირება ზუსტად გამოიხატა.
ჩემი მიზანი იყო, მომეფიქრებინა ფორმა, რომელიც ამ ტრანსფორმაციას მაყურებლისთვის ბუნებრივს გახდიდა. საინტერესო მხატვრული გადაწყვეტები, თხრობის ხაზგასასმელი კამერის მოძრაობა, ვიზუალური მეტაფორები, მუსიკა და ფერების პალიტრა — სწორედ ეს ქმნის იმას, რაზედაც მეკითხებით.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ელემენტი, რამაც მაყურებელი ყველაზე მეტად მოხიბლა?
ვფიქრობ, მაყურებელი თავად მრავალკომპონენტიანმა სარეკლამო რგოლმა მოხიბლა, რაც მთელი გუნდის დამსახურებაა. ამ გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ყველა აინთო იდეით და, პროფესიონალიზმთან ერთად, საქმეში უდიდესი ემოციაც ჩადო. სწორედ ამიტომაა ეს ნამუშევარი საინტერესო და მომხიბვლელი.
თქვენი აზრით, რა არის ამ ვიდეოს მთავარი ხიბლი — ვიზუალური გადმოცემის ხერხები, ირონია, ავთენტიკურობა თუ რაიმე სხვა?
ალბათ, ყველაფერი ერთად. ეს არ იყო მარტივი სცენარი, სტრუქტურულად ბევრ დეტალს მოითხოვდა. კომპლექსური პროდუქტია, სადაც თითოეულმა ელემენტმა თავისი სათქმელი თქვა: ზოგმა მცირე დოზითა და ფრთხილად, ზოგმა კი — აქტიურად და პირდაპირ. ესთეტიკისა და ირონიის საინტერესო კომბინაცია მივიღეთ, რაც ვიდეოს მთავარ ხიბლს განაპირობებს.

რა სიმბოლოებია ვიდეოში? არის თუ არა ისეთი მცირე დეტალები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, თუმცა მთლიანობაში რეკლამის ხასიათს ქმნის?
რგოლი იწყება ვიზუალურად დატვირთულ სივრცეში, სადაც ბევრი განსხვავებული ნივთია: ძველებური ქანდაკებები, ნახატები, რარიტეტული და თანამედროვე ობიექტები. ისინი ორგანულად შევუხამეთ ერთმანეთს, რათა პოპკულტურისთვის დამახასიათებელი შტრიხებიც შეგვეტანა. მთავარი გმირი გადაადგილდება და გვესაუბრება, იცვლება გარემოებები და თითოეული ნივთი მაყურებელში გარკვეულ ასოციაციას იწვევს, რაც ნარატორის ტექსტს ემოციურად უკავშირდება.
საბოლოოდ, ჩვენც ამ „მოგზაურობის“ თანამონაწილეები ვხდებით და გზადაგზა ვიზუალურ ემოციებსა და შეგრძნებებს ვაგროვებთ. სცენარი იძლეოდა საშუალებას, თხრობის ასეთი მრავალფეროვანი შრეები გამომეყენებინა, რაც დიდი სიამოვნებით გავაკეთე.

ბრენდის მთავარი გზავნილის მიღმა, რა იყო თქვენი, როგორც რეჟისორის, სათქმელი ამ ვიდეოში? რა ემოციით გინდოდათ, რომ მაყურებელი დარჩენილიყო ნახვის შემდეგ?
სცენარზე მუშაობისას განვითარების არაერთი გზა არსებობს. სწორედ მიმართულების შერჩევა განაპირობებს რგოლის ინდივიდუალიზმსა და მაყურებელთან კომუნიკაციის ფორმას. ყველაზე დიდი აქცენტი სწორი ვექტორის პოვნაზე გავაკეთე, რომელსაც შემდეგ მთელი გუნდი გავყევით.
ჩემთვის მთავარია, შევქმნა ესთეტიკური ნამუშევარი, რომელიც ადამიანებს ახალ ცოდნას, ემოციასა და შეგრძნებას მისცემს. რადგან შემოქმედებითი გუნდიც იმავე ფასეულობებს იზიარებდა, დიდი სიხარულით შევასხი ხორცი ამ იდეას. ჩემი, როგორც რეჟისორის, სათქმელი ისაა, რომ სამყარო არც წრფივია და არც სიბრტყული; აქ არ შეიძლება ითქვას, რომ ერთი რამ მეორეზე მაღლა დგას. ის ბევრად საინტერესო, უსასრულო და მრავალფეროვანია, სადაც თითოეულ დეტალს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

აღმასრულებელი პროდიუსერის პერსპექტივა — თამთა ნავროზაშვილი
როგორ დაიწყო პროექტზე მუშაობა და რა იყო პროდიუსერული თვალსაზრისით ყველაზე დიდი გამოწვევა სცენარის გაცნობისთანავე?
პროცესი დიდი ემოციითა და სასიამოვნო მღელვარებით დაიწყო. ძალიან მომწონდა გამბედავი კონცეფცია, რომელიც საინტერესოდ უნდა გაგვეცოცხლებინა.
სცენარზე მუშაობა მუდმივი შემოქმედებითი ძიებაა, რა დროსაც ბევრი ახალი იდეა იბადება. პროდიუსერული თვალსაზრისით, მთავარი გამოწვევა ამ ჩანაფიქრების რეალობასთან ადაპტირება და მათი პრაქტიკული აღსრულება იყო. ბუნებრივია, ყველა აზრი საბოლოო პროდუქტში ვერ მოხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბალანსი იპოვო: შეინარჩუნო შემოქმედებითი ხედვა და, ამავდროულად, შეძლო მეორეხარისხოვანი დეტალების დათმობა. ჩვენ მოვახერხეთ გუნდის იდეების არსებულ რესურსებზე მორგება, პრიორიტეტები სწორად განვსაზღვრეთ და ისეთი შედეგი მივიღეთ, რომ ვიდეოში დანაკლისის შეგრძნება არ გვაქვს.
რა როლი ითამაშა პრეწარმოების ეტაპმა იმაში, რომ გადასაღებ მოედანზე კრიზისები თავიდან აგეცილებინათ?
პრეწარმოება პროექტის მთავარი ღერძია. ამ ეტაპის წარმატებით გასავლელად გაერთიანდა გუნდი, რომლის პროფესიონალიზმსაც უდიდეს პატივს ვცემ. ერთობლივმა და დეტალებზე ორიენტირებულმა მუშაობამ საშუალება მოგვცა, გადაღების პროცესში ნებისმიერ სირთულეს მომზადებულები დავხვედროდით.
ჩვენი მიზანი იყო, მოედანზე იმპროვიზაციისთვის სივრცე მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით დაგვეტოვებინა. მართალია, მოულოდნელობები ამ სფეროს თანამდევი ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანი ფორსმაჟორი არ გვქონია და უშუალოდ გადაღებისას მთლიანად კრეატიულ პროცესზე ვიყავით ფოკუსირებულნი.

რა იყო ის ერთი მომენტი კადრს მიღმა, რომელმაც დაგანახვათ, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა?
მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში, როცა გუნდს ვუყურებდი და ვხედავდი, როგორი აზარტითა და ენერგიით მუშაობდა თითოეული რგოლი საერთო მიზნისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ გამორჩეულ შედეგს მივიღებდით.
რა არის ის გამოცდილება, რომელსაც ამ პროექტიდან მომავალ კამპანიებში გადაიტანთ?
ეს პროექტი ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება აღმოჩნდა შემოქმედებითი ხედვისა და რეალური რესურსების დაბალანსების კუთხით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო მოქნილი სიახლეების მიმართ და მუდმივად გქონდეს მათი აღსრულების მზაობა, ნაცვლად იმისა, რომ იდეა წინასწარ შეუძლებლად მიიჩნიო.
მომავალ კამპანიებში ჩემი მთავარი ფოკუსი ამ „კრეატიული დისციპლინის“ შენარჩუნება იქნება: შევქმნა ისეთი გარემო, სადაც გუნდს თამამი ექსპერიმენტების სურვილი ექნება, მე კი — მათი რეალიზების შესაძლებლობა მოცემული ჩარჩოების ფარგლებში. ამასთანავე, პროექტმა დამანახვა, რომ იდეალური შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდში ერთმანეთის მიმართ უდიდესი ნდობა არსებობს. ერთობა ნებისმიერი საქმის წარმატების საყრდენია, რისთვისაც მთელ გუნდს დიდ მადლობას ვუხდი.

დასკვნა მარტივია: ცხოვრება ისედაც საკმარისად დრამატულია და ბანკი მისი დამატებითი წყარო არ უნდა იყოს. როდესაც ვიდეო სრულდება, ეკრანზე რჩება სრულიად დაცარიელებული, სუფთა სივრცე. ზედმეტი ნივთების, მძიმე პათეტიკისა და დაუსრულებელი შეჯიბრებითობის გარეშე, საბოლოოდ გვაქვს მხოლოდ მთავარი არსი — ფუნქციური, ალტერნატიული და ხელსაყრელი „მეორე ბანკი“. დარჩა მხოლოდ ბანკინგი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ახალი ფილიალები, განახლებული ციფრული გამოცდილება და ბრენდის გაძლიერება - როგორ ვითარდება HER STORE
სხვა სიახლეები
ახალი ფილიალები, განახლებული ციფრული გამოცდილება და ბრენდის გაძლიერება - როგორ ვითარდება HER STORE
07.05.2026.14:00
HER STORE არის ქალის აქსესუარების ბრენდი, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ბრენდი გამოირჩევა თანამედროვე სტილით, დახვეწილი დიზაინითა და მრავალფეროვანი კოლექციებით, რომლებიც მოიცავს როგორც ყოველდღიურ, ისე სპეციალური შემთხვევებისთვის შექმნილ სამკაულებს. HER STORE-ის განვითარების ეტაპზე, გაფართოებულ ასორტიმენტსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს ნინი დანელიას ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ HER STORE-ის განვითარების ამჟამინდელ ეტაპს და რა მთავარი მიღწევები ჰქონდა ბრენდს ბოლო პერიოდში?
HER STORE დღეს განვითარების ძალიან საინტერესო და უფრო მომწიფებულ ეტაპზეა. ბრენდი, რომელიც 2019 წელს ონლაინ სივრცეში დაიწყო, დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ერთ-ერთი ცნობადი ქართული სამკაულის ბრენდი - ფიზიკური ფილიალებით, ძლიერი ციფრული პლატფორმით და ერთგული მომხმარებლების საზოგადოებით.
ბოლო პერიოდი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ორი თვის წინ გავხსენით ახალი ფილიალი თელავის ახალ მოლში, რაც რეგიონული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლახან HER STORE-მა ექვსი წლის იუბილეც აღნიშნა და ეს თარიღი ჩვენს მომხმარებლებთან ერთად გავიზიარეთ - იმ ადამიანებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი ბრენდის ისტორიის ნაწილი გახდნენ.
ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ონლაინ გამოცდილების გაუმჯობესებაც. მარტში სრულად განვაახლეთ ვებ-გვერდი, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის ონლაინ შოპინგი უფრო მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ბრენდთან შეხების ყველა წერტილში იგრძნოს ერთი და იგივე ხარისხი, ესთეტიკა და ემოცია.
რას ეფუძნება ასორტიმენტის გაფართოების სტრატეგია და რა ახალი მიმართულებები დაემატა კოლექციას?
HER STORE-ის ასორტიმენტის გაფართოების სტრატეგია ყოველთვის მომხმარებლის სურვილებზე, ყოველდღიურ საჭიროებებსა და სტილის ცვლილებებზე დაკვირვებას ეფუძნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოლექციაში დამატებული თითოეული ახალი პროდუქტი არ იყოს მხოლოდ ლამაზი აქსესუარი, არამედ ჰქონდეს ხასიათი, ემოცია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების რეალური ღირებულება.

ბოლო პერიოდში კოლექციას დაემატა უფრო მრავალფეროვანი და პერსონალური მიმართულებები - სამკაულები, რომლებიც მომხმარებელს საკუთარი სტილისა და განწყობის გამოხატვაში ეხმარება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პერსონალიზებულ დეტალებს, სიმბოლურ აქსესუარებს, სასაჩუქრე ბოქსებსა და gifting experience-ს, რადგან ჩვენთვის სამკაული ხშირად საჩუქარზე მეტია - ის ემოციის გადაცემის ფორმაა.
ასორტიმენტის გაფართოების მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი ბრენდის — HIM-ის შექმნაც. HIM მამაკაცის სამკაულების ხაზია, რომელიც HER STORE-ის გამოცდილებაზე დგას, თუმცა დამოუკიდებელი ხასიათი და ესთეტიკა აქვს. მისი შექმნის იდეა სწორედ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნიდან გაჩნდა - ძალიან ხშირად იყო ინტერესი მამაკაცის სამკაულების მიმართ, რის გამოც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ცალკე მიმართულება, რომელიც მამაკაცებისთვის მინიმალისტურ, ძლიერ, კომფორტულ და ყოველდღიურად ტარებად სამკაულებს გააერთიანებდა.
როგორია დღეს ბრენდის პოზიციონირება ბაზარზე და რა განასხვავებს მას კონკურენტებისგან?
დღეს HER STORE პოზიციონირდება როგორც თანამედროვე, ემოციური და ხელმისაწვდომი ქართული სამკაულის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ სამკაულს, არამედ მთლიან გამოცდილებას. თავიდანვე გვინდოდა შეგვექმნა ბრენდი, რომელთანაც ადამიანები ემოციურ კავშირს იგრძნობდნენ.

ვფიქრობ, HER-ის მთავარი განსხვავება სწორედ ამაშია. ჩვენთვის სამკაული ხშირად კონკრეტულ ემოციას, მოგონებას ან თვითგამოხატვის ფორმას უკავშირდება. ამიტომ ბრენდის ყველა დეტალი - პროდუქტი, შეფუთვა, სოციალური ქსელები, ფიზიკური ფილიალები და ონლაინ გამოცდილება - ერთ საერთო სამყაროს ქმნის.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ HER მუდმივად ვითარდება და სწრაფად ერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. ჩვენ ვცდილობთ, ბრენდი იყოს ახლოს ადამიანებთან, რეალურ ცხოვრებასთან და ყოველდღიურ ემოციებთან.
ვფიქრობ, სწორედ ემოციური კავშირის, თანამედროვე ვიზუალური იდენტობის, მუდმივი განვითარების და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობის კომბინაცია განასხვავებს HER STORE-ს ბაზარზე სხვა ბრენდებისგან.
რა არის HER STORE-ის სამომავლო გეგმები როგორც ასორტიმენტის, ისე განვითარების მიმართულებით?
HER STORE-ის სამომავლო გეგმები დაკავშირებულია როგორც ბრენდის საერთაშორისო განვითარებასთან, ისე ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებასთან. დღეს აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ HER ეტაპობრივად გავიდეს უცხოურ ბაზრებზე და ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთაც უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ასორტიმენტის მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ ახალი კატეგორიებისა და ხაზების დამატებაზე. ჩვენი მიზანია, კოლექციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი, პერსონალური და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული გახდეს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ მალე წარვადგენთ ახალ კოლექციაზე, რომელიც ქართული ანბანის ასოებზე იქნება დაფუძნებული და მთლიანად HER-ის დიზაინით შეიქმნა. ეს კოლექცია ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან თანამედროვე სამკაულში ქართულ იდენტობასა და კულტურულ ელემენტებს აერთიანებს.

ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარების პარალელურად შევინარჩუნოთ ის ემოციური კავშირი და გამოცდილება, რომელმაც ბრენდი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გახადა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ განვითარების თითოეულ ეტაპზე HER STORE დარჩეს მომხმარებლებთან ახლოს მდგომ, თანამედროვე და ემოციურ ბრენდად.
ინფორმაციისთვის, ბრენდი ხუთ ფილიალს აერთიანებს. აქედან სამი თბილისში, ორი კი ბათუმში მდებარეობს. ბრენდის მისია ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.