სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
სილქნეტის შვილობილი კომპანია, Silk Cloud-ი, საქართველოში NVIDIA Blackwell Ultra-ს ინფრასტრუქტურის დანერგვას აანონსებს. ინვესტიცია სუვერენული ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის შექმნის პირველი ეტაპია. პროექტი ორგანიზაციებს, ბიზნესებს, სტარტაპებსა და მკვლევრებს მსოფლიო დონის გამოთვლით რესურსებზე მისცემს წვდომას, რაც მათ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებასა და გამოყენებაში დაეხმარება. ინფრასტრუქტურა HPE-ის NVIDIA HGX B300 სისტემების ბაზაზე აშენდება. მისი ამოქმედება კი, საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, 2027 წელს იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, Silk Cloud-ისა და ახალი ინფრასტრუქტურის დახმარებით, ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის საჭირო სერვისებით ისარგებლონ და AI მოდელები პრაქტიკაში დანერგონ; განავითარონ ქართულენოვანი დიდი ენობრივი მოდელები და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული აპლიკაციები.
საქართველოში AI გამოთვლითი ინფრასტრუქტურის შექმნით, სილქნეტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის განვითარებას და ორგანიზაციებისთვის მონაცემების ადგილობრივად განთავსების შესაძლებლობის შექმნას, რაც მათ მონაცემთა ადგილმდებარეობასთან (data residency) დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.
გიორგი რამიშვილი, Silk Road Group-ის თავმჯდომარე
„ეს ინვესტიცია პირველი ნაბიჯია იმ შესაძლებლობების შესაქმნელად, რომლებიც საქართველოს განვითარებად გლობალურ AI ეკონომიკაში პოზიციონირებაში დაეხმარება და საშუალებას მისცემს, თავადაც გახდეს იმ ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელსაც ეს ეკონომიკა ეყრდნობა.”
დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი
„საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არა მხოლოდ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, არამედ თავადაც შექმნას იგი. ეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ინოვაციების ტემპსა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.”
საქართველოში პირველი NVIDIA Blackwell Ultra სისტემის დანერგვა სილქნეტის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მოწინავე ციფრული და AI განვითარების ხელშეწყობასა და კომპანიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.
სხვა სიახლეები
„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში კრედო ბანკმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიასა და ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქცია ჩაატარა
21.10.2026.16:29
კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს.
კრედო ბანკის „მწვანე ანაბარი“ სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად შეიქმნა. ინიციატივა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი დანაზოგით არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ ბუნებისთვის მნიშვნელოვან საქმეშიც შეიტანონ წვლილი.
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიასა და ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა.
დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის გამწვანება ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა. ტერიტორიაზე ირმის რქისა და ვერცხლისფერი არიზონიკის ჯიშის, ჯამში 120 ხე დაირგო, რომლებიც ადგილობრივი ლანდშაფტისა და გარემო პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ინიციატივა ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ადგილის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და განახლებას ემსახურება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კი ნეკერჩხლისა და მაგნოლიის 17 სხვადასხვა ჯიშის, ჯამში 45 ხე შეემატა. შერჩეული მცენარეები ბაღის კოლექციას გაამდიდრებს და ხელს შეუწყობს იშვიათი სახეობების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
ღონისძიება განხორციელდა „მწვანე ანაბრის“ მფლობელი მომხმარებლების, პარტნიორი კომპანიების, კრედო ბანკის მიერ შექმნილი ფონდისა და გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის „Let’s Do It საქართველო“ მხარდაჭერით.
„მწვანე ანაბრის“ ფარგლებში უკვე არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეკრეაციული სივრცის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს გარემოსდაცვითი ინიციატივების განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.