Skillwill-ში IT ინფრასტრუქტურის მართვის სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
Skillwill-ში, თბილისსა და ბათუმში, IT ინფრასტრუქტურის მართვის პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე (IT Support) წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადდა.პროგრამაზე სწავლა შესაძლებელია მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ. ჩარიცხვისთვის საჭიროა მხოლოდ ონლაინ ტესტირების გავლა, პროგრამას კი სხვა წინაპირობა არ აქვს. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.
Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
https://forms.gle/JqEbqZjBBWa1gr6w6
IT ინფრასტრუქტურა ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციის ტექნოლოგიური საფუძველია. ის აერთიანებს კომპიუტერულ სისტემებს, სერვერებს, ქსელებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა რესურსებს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ და უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს.
IT ინფრასტრუქტურის მართვის სპეციალისტი პასუხისმგებელია კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური პრობლემების გამოვლენასა და აღმოფხვრაზე, პროგრამული უზრუნველყოფის მართვასა და მონაცემების უსაფრთხოებაზე.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:
• IT მხარდაჭერის სპეციალისტის სამუშაოს და პრაქტიკულ მოვალეობებს;
• IT სფეროში მუშაობისთვის საჭირო ტექნიკურ ინგლისურს;
• კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების აწყობას, გამართვასა და მოვლას;
• კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციას, განახლებასა და გამართვას;
• კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებას, პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრას;
• კომპიუტერული ქსელის მოწყობისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს;
• მობილურ, Linux და სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობას;
• პრაქტიკული IT პროექტის განხორციელებას.
სასწავლო პროცესი პრაქტიკული უნარების განვითარებასა და რეალურ სამუშაო ამოცანებზე იქნება ორიენტირებული. სადიპლომო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს დასაქმება შეეძლება IT მხარდაჭერის სპეციალისტის, სისტემური ან ქსელური ადმინისტრატორისა და IT ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით.
Skillwill-ის IT ინფრასტრუქტურის მართვის სადიპლომო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.
სხვა სიახლეები
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
10.08.2026.18:17
საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული.
მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.
მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.
პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, რომელთაგან რამდენიმეს სილქნეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები -საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.
ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.
პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.