სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის უვადო, სუბორდინირებული, დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ტრანზაქცია ბანკისთვის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების პირველი საბაზრო განთავსებაა, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. განთავსებული ობლიგაციების 54% ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ხოლო 46% სოფისტიცირებულმა ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს. ემისია დამატებით გააძლიერებს ბანკის კაპიტალს და ხელს შეუწყობს სამომავლო ზრდას.
ტრანზაქციის ფარგლებში სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყო BLC Law Office-მა.
„დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრანზაქცია აძლიერებს ბანკის კაპიტალის პოზიციას და აფართოებს მისი მოზიდვის შესაძლებლობებს, რითაც ხელს უწყობს ბანკის სამომავლო ზრდას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული მაღალი ინტერესი, რაც „კრედო ბანკის“ მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ ტრანზაქციით ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გავხსენით.
მადლობას ვუხდი ყველა ინვესტორს გამოხატული ნდობისთვის და ვულოცავ ტრანზაქციაში ჩართულ გუნდებს წარმატებულ განთავსებას“, - ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.
„ვულოცავ კრედო ბანკსა და მის გუნდს წარმატებულ ტრანზაქციას. ბანკმა პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტები გარე ინვესტორებზე. ემისიამ ბანკს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით კაპიტალის მოზიდვის ახალი შესაძლებლობა გაუხსნა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.
თიბისი კაპიტალისთვის კი, ეს წელს AT1 ობლიგაციების მეორე წარმატებული ემისიაა. ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი კაპიტალის გამორჩეულ შესაძლებლობებს, მოიზიდოს მრავალფეროვან ინვესტორთა ბაზა, უზრუნველყოს ემიტენტებისთვის კონკურენტული დაფინანსების პირობები და გააფართოვოს ქართული ბანკების წვდომა რეგულატორული კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროებზე.
მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რაშიც თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, უდიდესი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას - წლის დასაწყისიდან 14 კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 60%-იანი ბაზრის წილით ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc. ბანკს Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
27.10.2026.18:33
საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში გამარჯვებული გახდა გლობალურ კატეგორიაში Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities.
ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:
• ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;
• სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.