სტრატეგიას ვცვლით, ჩინეთისა და კანადის ბაზრებზე მეტად გააქტიურებას ვგეგმავთ - „გეფერინი“
გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლიდან კომპანიის საექსპორტო გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის „გეფერინის“ თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
როგორც ილია გეფერიძე ამბობს, შესაძლოა, წარმოების 20% ჩინეთში გადაიტანონ და რამდენიმე მოდელი ამ ბაზარზე დამზადდეს. ასევე ბრენდი გეგმავს კანადის ბაზარზე გააქტიურებას და ჩინეთისა და კანადის ბაზარზე ინვესტირებას გეგმავენ.
„წლის ბოლომდე ვგეგმავთ 2 მაღაზია დავამატოთ. აქედან ერთი ჩინეთში გაიხსნება. ჩინეთში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა და გაყიდვები მზარდია. ვაპირებთ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიცია, რომ ამ ბაზარზე ბრენდის ცნობადობა გაიზარდოს და მაგ კუთხითაც ვმუშაობთ. ეს იქნება საინვესტიციო კაპიტალი დაახლოებით $200 ათასი. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს ჩინეთის ბაზარზე, დავაკვირდებით გაყიდვების მიმდინარე დინამიკას“, - ამბობს ილია გეფერიძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „გეფერინის“ დამფუძნებელ ამბობს, რომ საქართველოს ბაზარი სტაბილური არაა და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„საქართველოს ბაზარი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, რადგან საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაბალია და პოლარიზაცია მაღალია, რასაც გავლენა აქვს ეკონომიკურ პროცესებზე. ჩვენ ვაწარმოებთ სამომხმარებლო პროდუქტს. მომხმარებელი ჯერ კვების პროდუქტებს ყიდულობს და შემდეგ გადადის სხვა ხარჯებზე. ქვეყანაში სოციალური ფონი იმდენად დაბალია, რომ დამატებით ხარჯების გაღების საშუალება მოსახლეობას არ აქვს. საქართველო 3,7 მილიონი მოსახლეობით ისედაც მცირე ბაზარია და ამიტომ ჩვენი სამიზნეა 1,5 მილიარდიანი ჩინეთის ბაზარი“, - ამბობს ბრენდის თანადამფუძნებელი.
მისი თქმით, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ინვესტირებას აღარ გეგმავს და საექსპორტო ბაზრებზე უფრო მეტად გააქტიურდება.
„მიმდინარე წელს ბრენდის გაყიდვები დაახლოებით 20%-იან ზრდას აჩვენებს, თუმცა მოლოდინი უფრო მეტის გვქონდა“, - ამბობს ილია გეფერიძე.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ქართული ბრენდი ჩინეთის ბაზარზე Tmall-ის პლატფორმის დახმარებით შევიდა.
ამ დროისთვის ქართული ბრენდის გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის. ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.