თაფლის ექსპორტზე გერმანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან ბაიერებმა ინტერესი გამოხატეს - Lamaria Honey
კომპანია Lamaria Honey ფრანკფურტში გამართული საკვები ინგრედიენტების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Food Ingredients Europe შედეგებით კმაყოფილია.
როგორც Business Insider Georgia-თან თაფლის მწარმოებელი კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ზურაბ ბურდიაშვილმა განაცხადა, გამოფენის ფარგლებში არაერთი წარმატებული მოლაპარაკება შედგა და კომპანიაში მალე სიახლეების და ახალი ხელშეკრულებების მოლოდინში არიან.
„ჩვენ წელს ექსპორტის მიმართულებით დავიწყეთ აქტიური მუშაობა. Lamaria Honey აწარმოებს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს, რომელიც არის შედარებით ძვირი. გადავწყვიტეთ ყველაზე დიდ გამოფენებში მივიღოთ მონაწილეობა.
ოქტომბრის ბოლოს ჩვენ ვიყავით ევროპის მასშტაბით სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Paris 2024, სადაც ჩვენი სტენდი დაგვაფინანსა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“. ახლა კი იგივე სააგენტოს ხელშეწყობითა და დახმარებით ვიყავით ფრანკფურტში Food Ingredients Europe-ზე. SIAL Paris 2024 და Food Ingredients Europe სხვადასხვა ტიპის გამოფენებია, ერთმანეთს არ ჰგავს და ცხადია, განსხვავებულ ვიზიტორებთან გვქონდა კონტაქტი.
ფრანკფურტში გამართული საერთაშორისო გამოფენა იმით მოგვეწონა, რომ ჩვენთან წერტილოვანი ბაიერები იყვნენ მოსულები. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ზუსტად ჩვენი პროდუქტი აინტერესებთ. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენგან უკვე ელიან კონკრეტულ ხელშეკრულებას, ფასების დაზუსტებას და სხვა.
ბაიერები იყვნენ გერმანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან. შევხვდით ლუქსემბურგის იმპორტიორ კომპანიას „მონოლიტი“, რომელიც ეწევა იმპორტს და დისტრიბუციას ამ ქვეყნებში.
ასევე, TK Maxx-ის წარმომადგენლებიც გვსტუმრობდნენ და ძალიან მოეწონათ ჩვენი პროდუქტი - გემო,ხარისხი, ბრენდინგი, ეტიკეტირება. წინ ბევრი სამუშაო გველის, მაგრამ შედეგებით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. ჩვენი პროდუქცია ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს ევროპის ბაზარს. ახლა რეალურად ამ კომპანიასთან ლოგისტიკის და ფასის შეთანხმების პროცესში ვართ. ფრანკფურტიდან მართლაც კარგი კონტაქტებით წამოვედით“, - განმარტავს ზურაბ ბურდიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში Lamaria Honey-მ ექსპორტზე, კონკრეტულად კი ჩეხეთში 6 ტონა თაფლი გაიტანა.
„ეს იყო ჯერჯერობით ერთადერთი გამოცდილება ევროპის მიმართულებით. თუმცა ჩვენ მივხდით, რომ ჩვენი ხარისხი ევროპის ბაზარს აკმაყოფილებს და ამიტომ გადავწყვიტეთ გამოფენებზე მონაწილეობა და ახალი კონტაქტების დამყარება“, - ამბობს Lamaria Honey-ს კომერციული დირექტორი.
დღეისათვის Lamaria-ს თაფლი თბილისსა და ბათუმში იყიდება. თბილისში Lamaria წარმოდგენილია „წერტის“ ქსელში, 8000 მოსავალში, ბადაგის საფირმო მაღაზიებში, მათ შორის აეროპორტში და იყიდება ყველა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
კომპანია Lamaria Honey თაფლის სადისტრიბუციო და გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, 4 სახეობის თაფლს ამზადებს, კერძოდ: აკაციას, წაბლის, წაბლისა და ცაცხვის (მიქსი) და ალპურ თაფლს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში გაიმართა საკვები ინგრედიენტების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა Food Ingredients Europe, სადაც წარმოდგენილი იყო სასურსათო ინდუსტრიის უახლესი ინგრედიენტები. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამოფენაზე მონაწილეობდა 5 ქართული კომპანია: Lamaria Honey, Bio Almond Georgia, Snacky, GPR Hezelnut და Georgian Walnut Enterprise. საქართველოს სტენდზე ღონისძიების სტუმრები ეცნობოდნენ ქართულ პროდუქციას: თაფლს, მიწის თხილის კარაქს, თხილს, ბიო ნუშსა და კაკალს, რამაც გამოფენის ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. Food Ingredients Europe წელიწადში ერთხელ იმართება და ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.