TaoFood-ი ექსპორტსა და თბილისში ქსელური მაღაზიების გახსნაზე მუშაობს
თევზის, ძაღლისა და კატის ნატურალური საკვები პროდუქტების ბრენდი TaoFood • ტაოფუდი, რომელიც დღეისათვის მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან TaoFood-ის დამფუძნებელმა მანანა მეტრეველმა განაცხადა, ამ დროისათვის აქტიური მოლაპარაკებებია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და სომხეთთან.
„ექსპორტთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება არ არის. მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და სომხეთში ექსპორტის დაწყებაზე. თუმცა ამ დროისათვის ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების კალკულაცია ხდება. თუმცა შესაძლოა მომავალ წელს უკვე ექსპორტიც დავიწყოთ“, - აცხადებს მანანა მეტრეველი.
ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით TaoFood-ის გაყიდვები 15%-იან ზრდას აჩვენებს და ყველაზე მოთხოვნადი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტებში მაინც ძაღლის საკვები პროდუქტებია, საუბარია ეკონომ კლასის შედარებით ბიუჯეტურ საკვებ პროდუქტებზე.
TaoFood-ი საკუთარ მაღაზია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ფლობს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში რეალიზაციას ონლაინ პორტალებთან თანამშრომლობს.
კომპანია სამომავლოდ ფიზიკური მაღაზიის გახსნას განიხილავს თბილისშიც, რომელსაც ქსელური სახე ექნება.
„მაღაზიის გახსნას განვიხილავთ თბილისში, თუმცა აქამდე ისე გვინდა მივიდეთ, რომ ასორტიმენტიც შეესაბამებოდეს მაღაზიას. თუ საკუთარ მაღაზიას გახსნი, თბილისი მოთხოვნადი ბაზარია და ვინაიდან ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია არის ორგანული, ქსელი სადაც ეს პროდუქტი შევა უნდა იყოს მზად ამ პროდუქტის მიღებისთვის. ანუ TaoFood-ის პროდუქციას თავისი შენახვის პირობები აქვს“, - აცხადებს TaoFood-ის დამფუძნებელი.
TaoFood-ი, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეცაქტიურად მუშაობს და 2025 წლის იანვარში ბაზარს ახალ პროდუქტსაც წარუდგენს.
„ვმუშაობთ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე და საჯამრთელო ხაზის დანერგვაზე. საჯანმრთელო ხაზი არის სპეციალური მიმართულება, რომელიც შინაურ ცხოველს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება, თუნდაც კუჭის მონელების მიმართულებით, ბეწვისთვის და ასე შემდეგ.
TaoFood-ი ბაზარს ახალ პროდუქტს იანვარში წარუდგენს და ეს იქნება სუპერ პრემიუმ კლასის პროდუქტი და იქნება გასტრო, ანუ კუჭ-ნაწლავის გამოსაჯანმრთელებელი. აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილი იქნება ძაღლებისთვის. ხოლო კატებისთვის სიახლეს შევთავაზებთ კასტრირებული კატების მიმართულებით“, - აცხადებს მანანა მეტრეველი.
დღეისათვის TaoFood-ი 10 დასახელების პროდუქტს აწარმოებს
ამ დროისათვის საწარმოო ხაზი 50%-იანი დატვირთვით მუშაობს და გაყიდვების ზრდის პარალელურად წარმოებაც გაიზრდება.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.