თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
ხშირად დიდი ამბები ერთი პატარა საქმით იწყება. ზაქარია დოლიძის ისტორიასაც სწორედ ასეთი დასაწყისი აქვს - 8 წლის წინ მიუსაფარი ძაღლებისთვის ძველი კარადისგან პატარა ქოხი თავისი ხელით ააწყო. დღეს კი სოციალური ინიციატივის „ზაქარას კეთილი მანქანა“ ავტორი ცხოველებზე ზრუნვას, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით აგრძელებს.
ამჯერად, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მიუსაფარ ძაღლებზე ქუთაისში იზრუნეს - „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე ცხოველებისთვის სახლები დაიდგა.
„მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე ზრუნვასა და მათ გაძლიერებას ითვალისწინებს. ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ასევე ჩვენი საზოგადოებისა და გარემოს ნაწილია. ზაქარიას საქმიანობა ჩვენთვის ახალი არ არის - „თეგეტამ“ ის ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ჩვენი ზრუნვის პლატფორმის, Tegeta Care-ის პარტნიორი გახდა. სისტემური თანამშრომლობა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ, როცა მას უფრო დიდი ავტომობილი დასჭირდა, რათა მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად ისეთ ადგილებამდეც მიეღწია, სადაც მისი ძველი მანქანით მისვლა შეუძლებელი იყო. ზაქარიას ფინანსურად დავუჭირეთ მხარი, თუმცა მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ - ძალიან ბევრი ადამიანი იდგა მის გვერდით. ამასთანავე, ავტომობილის ტექნიკური გამართვა და შემდგომი სერვისიც ავიღეთ საკუთარ თავზე. გვინდა, ზაქარიამ იცოდეს, რომ ამ გზაზე მარტო არ არის.
ამჯერად ქუთაისში ჩავიტანეთ სახლები ერთად. ქალაქი შემთხვევით არ შეგვირჩევია - ვიცოდით, რომ „თეგეტა მოტორსის" ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველებზე ჩვენი თანამშრომლები დიდი ხანია საკუთარი კეთილი ნებით ზრუნავენ. ახლა კი ცხოველები დაბინავებულები არიან და მოვლაც გაცილებით ორგანიზებულია. ვფიქრობთ, ბიზნესს აქვს რესურსი, ერთი ადამიანის კეთილი ნება ხელშესახებ და მდგრად შედეგად აქციოს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გზაზე სხვებიც შემოგვიერთდებიან“.
ზაქარია დოლიძე მიუსაფარ ცხოველებზე 2018 წლიდან ზრუნავს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მისი ძაღლი ვალიკო ავად გახდა. ლეკვის გადარჩენის ძიებაში ზაქარია სოციალურ ქსელში არსებულ ერთ-ერთ ჯგუფში გაწევრიანდა და სწორედ იქ დაინახა, რამდენად მასშტაბური იყო მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ასე გადაწყვიტა, კეთილი საქმის კეთება დაეწყო. მას შემდეგ, რაც 3 000-ზე მეტი სახლი საკუთარი ხელებით ააშენა, თვლა შეწყვიტა და საქმე ისე გააგრძელა. მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობაც დაიწყო - ახალგაზრდებთან შეხვედრები, საგანმანათლებლო საღამოები და ცნობიერების ასამაღლებელი საუბრები. მისი საქმეების კვალი კარგა ხანია სახლების მიღმაც ჩანს. ზაქარიას ეკუთვნის ინოვაციური ეტლის იდეა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცხოველებისთვის გამოიყენება და რომელმაც ასობით ცხოველს ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე აჩუქა.

ზაქარია დოლიძე, „ზაქარას კეთილი მანქანის“ შემქმნელი: „რვა წლის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს იდეა ამხელა განვითარებას იპოვიდა და ერთ დღეს სიკეთით დამუხტული მანქანით მთელ საქართველოს შემოვივლიდი. დღეს ჩემი ყოველდღიურობა ამ გზაზე გადის - სადაც გავიგებ, რომ საჭმლის, წამლების ან სახლის საჭიროებაა, მეც იქ მივდივარ. ამ გზაზე „თეგეტაც" გამოჩნდა. დამეხმარნენ, რომ უკეთესი ავტომობილი მეყიდა და ახლა ზრუნავენ, ყოველთვის მზად ვიყო შემდეგი კეთილი თავგადასავლისთვის.
ხშირად ვხვდები ახალგაზრდებს და ყოველთვის ერთ კითხვას ვუსვამ: როგორც, მაგალითად, რომელიმე შენი საყვარელი ნივთი, ეს ქვეყანა შენია? შენს კუთვნილებად მიიჩნევ? როცა მეუბნებიან: „კი“, შემდეგ ვამბობ: თუ შენია, მაშინ შენი მოსავლელიცაა, შენი პასუხისმგებლობაა და არა სხვისი. როცა შენ თვითონ არ აფასებ, სხვაც არ დააფასებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ პატარა, მაგრამ სტაბილური ნაბიჯები გადავდგათ წინ, გავერთიანდეთ და საკუთარი წვლილიც შევიტანოთ ასეთ საქმეებში“.
ზაქარია ფიქრობს, რომ ამ რვა წლის განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება შესამჩნევად შეიცვალა - ადამიანები ინიციატივას იჩენენ და თავადაც ხდებიან მზრუნველები. მისი მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის - სიკეთის მუხტი დამკვიდრდეს და ზრუნვა დღის წესრიგად იქცეს.
„ზაქარას კეთილი მანქანის“ მხარდაჭერა Tegeta Care-ის პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს „თეგეტას“ დონაციის პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაციებს, პროექტებსა თუ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული ინიციატივა და პირდაპირ დაუჭიროს მხარი, დონაცია კი მთლიანად იმ კონკრეტულ პროექტს მიემართება.
სწორედ მსგავსი ჩართულობით შეძლებს ზაქარია, რომ მისი მანქანა არ გაჩერდეს და წინ იაროს კიდევ უფრო მეტი კეთილი საქმისთვის. როგორც თავად ამბობს, ერთი რამ სულ ახსოვს - მანქანა თავისით ვერაფერს აკეთებს, მას ძალას ადამიანები აძლევენ.
თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
ახალი ფილიალი, გაფართოებული მენიუ და სამომავლო გეგმები - როგორ ვითარდება „ფენქეიქი“
10.11.2026.18:00
კაფე „ფენქეიქი“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შვიდი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა და მენიუ საუზმის შეთავაზებებითაც გააფართოვა. კომპანიის განვითარების გეგმებისა და მომხმარებელთა ინტერესების შესახებ Business Insider Georgia-ს კაფე „ფენქეიქის“ დამფუძნებელი ანა კალანდაძე ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კაფე „ფენქეიქს“ ამ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?
„ფენქეიქისთვის" ბოლო პერიოდი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ექვსწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ახალი ფილიალის გახსნა და ამ გამოცდილების სხვა ლოკაციაზე გაზიარება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა ლოკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა.
ახალ ფილიალში კიდევ უფრო გავაფართოეთ შეთავაზებები: ტრადიციულ ფენქეიქებთან, კრეპებსა და ბელგიურ ვაფლებთან ერთად დავამატეთ საუზმის მენიუ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ფენქეიქი" იყოს ადგილი, სადაც სტუმარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეძლებს მოსვლას და მისთვის სასურველი გემოების აღმოჩენას.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა ბოლო პერიოდში და რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურების მიმართულებებზე აისახა ეს ყველაზე მეტად?
ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გემრიელი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, მომსახურების ხარისხი, პროდუქტის ვიზუალური მხარე და ზოგადად ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს სივრცეში იღებენ.
ასევე გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიმართ. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში ჰქონდეთ როგორც ტკბილი, ისე შედარებით ნოყიერი და ყოველდღიური კვებისთვის შესაფერისი არჩევანი. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით გავაფართოეთ მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას.
მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალში საუზმის შეთავაზებაც დაიწყეთ. როგორია მომხმარებელთა ინტერესი ამ მიმართულების მიმართ და ხომ არ განიხილავთ მენიუს სხვა ახალი კატეგორიებით შევსებას?
საუზმის მიმართულების დამატება ჩვენი ახალი ფილიალის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვინდოდა, სტუმრებს დილის საათებშიც ჰქონოდათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და შეეძლოთ დღის დაწყება სასიამოვნო გარემოში, გემრიელი საუზმითა და კარგი ყავით.
მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულების მიმართ ინტერესი ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენიუ მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლის ინტერესებს პასუხობდეს. სამომავლოდაც განვიხილავთ ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დამატებას, თუმცა ყველა სიახლე უნდა შეესაბამებოდეს „ფენქეიქის" კონცეფციას და ხარისხის იმ სტანდარტს, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.
როგორ ხედავთ „ფენქეიქის“ განვითარების შემდეგ ეტაპს - რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და განიხილება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არსებული ფილიალების განვითარება, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.
გვინდა, „ფენქეიქი" კიდევ უფრო ცნობადი და საყვარელი ადგილი გახდეს როგორც ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ბიზნესის შემდგომ გაფართოებაზეც. ახალი ფილიალების გახსნა სამომავლო გეგმებიდან არ გამოგვირიცხავს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზრდა ეტაპობრივად და სწორად უნდა მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ იმ ხარისხისა და გამოცდილების შენარჩუნება, რის გამოც მომხმარებლები „ფენქეიქს" ირჩევენ.