Tbilisi Logistics Center-ის გაფართოების გეგმა უკვე მესამე A კლასის საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს
Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მეორე საწყობის მშენებლობას მარტის ბოლომდე დაასრულებს და მალევე, მესამე საწყობის მშენებლობასაც შეუდგება.
როგორც Business Insider Georgia-ს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორმა არჩილ წერეთელმა განუცხადა, კიდევ ერთი ახალი A კლასის საწყობის მშენებლობა 12000 კვადრატულ მეტრზე აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ საწყობში 24 000 ევრო პალეტის განთავსება იქნება შესაძლებელი. ინვესტიციის მოცულობა 6 მლნ დოლარია.
„მორიგი საწყობის მშენებლობა მარტის ბოლოს დასრულდება და ეს არის საუკეთესო საწყობი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. რეალურად A + კლასის საწყობი გამოგვდის. მე სისტემატურად ვატარებ მონიტორინგს, ასევე კლიენტებისგან ვიღებ ინფორმაციას და ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სახეზეა. მთლიანობაში ამხელა საწყობი საქართველოში არ არის.
რეალურად ჩვენს სეგმენტში მოთხოვნა იზრდება. ძალიან ბევრი ტვირთებია, საუბარი მაქვს შუა დერეფნის ტვირთებზე. დიდი კომპანიები უკვე ცდილობენ, რომ საქართველოში დასაწყობებული ჰქონდეთ პროდუქციის რაღაც რაოდენობა. ტვირთმა გაიარა გავიდა - ეს მიდგომა იყო წლების წინ. ახლა კომპანიები ცდილობენ, რომ საქართველოში დაფუძნდნენ და შუალედური მარაგები გააკეთონ საქართველოში. შუა დერეფნის ტვირთების მოცულობები არის საკმაოდ გაზრდილი საუბარი მაქს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით განკუთვნილ ტვირთებზე. აქტიურად დაიწყო სატვირთო ავტომობილებით ტვირთების ტრანსპორტირება, რა თქმა უნდა გადაზიდვები ხდება რკინიგზის მეშვეობითაც. საახალწლოდ ჩვენს არსებულ საწყობში საავტომობილო გზით საკმაოდ ბევრი ტვირთი შემოვიდა, რომელიც რაღაცა პერიოდი გაჩერდა საწყობში და შემდეგ უკვე სხვადასხვა მიმართულებით წავიდა“, - აცხადებს არჩილ წერეთელი.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარდა შუა დერეფნის ტვირთებისა საწყობის მიმართულებით მოთხოვნა იზრდება ადგილობრივი ბაზრიდანაც. გაზრდილ მოთხოვნას თბილისის ლოგისტიკური ცენტრიც ადეკვატურად პასუხობს და უკვე მორიგ გაფართოებას აპირებს.
„გაზრდილი ტვირთბრუნვის და მოთხოვნის ფონზე კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. რასაც ვუყურებთ საერთაშორისო ტვირთების პარალელურად იზრდება მოთხოვნა ქართული კომპანიების მხრიდან. იცით როგორი პერიოდია? ძალიან ბევრი ქართული კომპანია მსხვილდება. ვინ რასაც არ უნდა ამბობდეს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის და საქართველოსადმი ინტერესი არსებობს. დღეს, ბევრი ქართული კომპანია იზრდება და იცვლის საწყობს. ამიტომ ვხედავთ რა ბაზარზე მოთხოვნას, ჩვენ როგორც კი მიმდინარე პროექტს მოვრჩებით გვერდითვე დავიწყებთ 24 000 კვ/მ-ზე ახალი საწყობის მშენებლობას.
თუ კი მიმდინარე პროექტის ინვესტიცია 6 მლნ დოლარია, მესამე საწყობის მშენებლობაში ორჯერ მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. ზაფხულის ბოლოდან დავიწყებთ შეთანხმებების პროცესს. სამშენებლო სამუშაოების წარმართვას შესაბამისი ნებართვები ესაჭიროება და შევეცდებით, რომ წლის ბოლომდე ამ პროცესებს მოვრჩეთ და წლის ბოლოდან თუ არა მომავალი წლის დასაწყისიდან დავიწყებთ მშენებლობას.
ისეთი მოთხოვნაა, რომ ერთი წამითაც არ ვფიქრობთ, რომ საწყობები სრულად არ დაიტვირთება. ძალიან დიდი ინტერესია უცხოეთიდან საქართველოზე და საქართველოში შემოსვლაზე მოთხოვნა არის“, - აცხადებს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.