თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება ქვეყანას დაეხმარება, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი და გახდეს რეგიონული ჰაბი - Voyager-ის დირექტორი
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულ შეთანხმებას Business Insider Georgia-სთან ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ. საქართველოში ხუთი უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელი (GSA), კომპანია Voyager-ის დირექტორი სოფო აზარაშვილი აცხადებს, რომ აეროპორტის გაფართოება მეტი ტურისტის მიღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს ჩვენს ქვეყანას დაეხმარება, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი და გახდეს რეგიონული ჰაბი. ამასთან, როდესაც აეროპორტი განვითარდება და გაფართოვდება, სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია დაგვემატება. ბევრად უფრო მოქნილები ვიქნებით და ეს ნამდვილად სასიხარულოა“, - აცხადებს Voyager-ის დირექტორი სოფო აზარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია,“ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და სხვა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმოადგენს მაღალი ნდობისა და საერთო სტრატეგიული ხედვის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით. სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ შორის არსებული 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა პარტნიორობის ახალი, გაფართოებული ეტაპის საფუძვლად იქცა, რაც მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგრად განვითარებას, მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და საქართველოს, როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბის პოზიციის განმტკიცებას.
აღნიშნული თანამშრომლობის შედეგია უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP განახორციელებს. 2027–2031 წლებში ფრანგი პარტნიორები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს, რაც 2031 წელს, ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე ოპერირების განახლებული პირობებითა და გაუმჯობესებული მიდგომებით გაგრძელებას ითვალისწინებს.
ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.
ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.
აღნიშნული ინვესტიცია მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას, მისი ოპერაციული შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას და საქართველოს, როგორც რეგიონული ავიაციური ჰაბის პოზიციის გაძლიერებას. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესმობილობის განვითარებას და შექმნის დამატებით ეკონომიკურ სარგებელს სახელმწიფოსთვის.
სახელმწიფოსა და ფრანგულ Groupe ADP-ს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიის მიმართ.
სხვა სიახლეები
მსხვილი პროექტები, 100%-იანი დატვირთვა და ექსპორტის ზრდა - Rolf Deckenkonstruktionen მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების გეგმებზე
13.05.2026.18:00
Rolf Deckenkonstruktionen უჯრედული ჭერების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან საწარმოს მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ბეკარაშვილმა ისაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე ძირითადი სიახლეები?
მიმდინარე წელი მაღალი აქტივობით დაიწყო, დაგვიდასტურდა რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკვეთა უმსხვილესი დეველოპერული კომპანიებისაგან (მეტროპოლი, VR Holding და სხვა). დღეის მდგომარეობით, საწარმო 100%-ით არის დატვირთული. ასევე გავაფორმეთ 10-ზე მეტი საექსპორტო კონტრაქტი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში. პარალელურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოო ხაზების გადაირაღება და ოპტიმიზაცია წარმადობის ზრდისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის თავიდან ავიცილოთ ზეგანაკვეთური წარმოების ხარჯები.
17-19 აპრილს წარმოდგენილი ვიყავით Caucasus Buildi 2026-ის სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ROLF-ის ხარისხს რეალურ სივრცეში გაცნობოდნენ. გამოფენამ მოსალოდნელზე მეტად წარმატებულად ჩაიარა და შედეგად ახალი საექსპორტო ქვეყნებიც გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც სიახლეებს ივლისის თვიდან ველოდებით.
რა ცვლილებები შეიტანეთ პროდუქტებში/სერვისებში მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად?
2026 წელს პროდუქტებსა და სერვისებში რაიმე რადიკალური ცვლილებების შეტანა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და ჩვენი სისტემა სრულად ოპტიმიზირებულია მომხმარებელთა ინტერესებზე. ვინარჩუნებთ უმაღლეს პრემიალურ ხარისხისს, როგორც პროდუქციის ნაწილში ასევე ჩვენი სერვისების მიმართულებით, რასაც შესაბამისად აფასებს ჩვენი მომხმარებელი. გვახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ROLF ერთგვარ ხარისხის ნიშნად იქცა ქართულ ბაზარზე და დეველოპერებისათვის როლფის ჭერების გამოყენება პროექტებში უკვე დამატებითი პრესტიჟულობისა და საიმედოობის სიმბოლო გახდა.
რა გამოწვევებს აწყდება დღეს კომპანია ბაზარზე და როგორ პასუხობთ მათ?
ძირითად გამოწვევად ისევე როგორც წინა წლებში დაბალი ხარისხის პროდუქციასთან კონკურენცია რჩება. მეტალის ჭერის სისტემები კონსტრუქციულად იწყობა და საკმაოდ რთულია, მომხმარებლისთვის ხარისხის განსხვავების ახსნა საბოლოო შედეგებამდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დამკვეთს ამ მიმართულებით ტექნიკური განათლება არ აქვს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაბალი ფასით მოხიბლული მომხმრებელი იძენს სხვა დაბალხარისხიან პროდუქციას, შედეგს მხოლოდ დასრულებულ ეტაპზე ხედავს და საბოლოოდ კვლავ ჩვენი სისტემებით ანაცვლებენ. წინა წლებში მსგავსი შემთხვევები უფრო მრავლად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ცნობიერება უფრო გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნაც.
ინფორმაციისთვის, ROLF-ის საწარმო მდებარეობს თბილისში, აბელ ენუქიძის 11-ში. შედგება საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე ევროპული საწარმოო მანქანა-დანადგარებით.