თბილისს კიდევ 30 ელექტროდამტენი შეემატება
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი შეემატება.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. რეფორმა, რომლის განხორციელება დავიწყეთ, ბევრი სიახლისგან შედგება. ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ელექტრომობილების რიცხვი იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში 5 ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში - 4, დიდუბეში - 4, ნაძალადევში - 2, ჩუღურეთში - 2, მთაწმინდაზე - 3, ისანში - 4, გლდანში - 1, სამგორში - 3, კრწანისში - 2, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით.
თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.