თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
500 Global in Eurasia-ს სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება – დემო დღე 25 ივნისს გაიმართა. პროგრამა საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, მათ გაძლიერებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.
მეათე ნაკადის მონაწილეები იყვნენ: Cerberus, Clinova, ComplyBridge Inc., MaiCall, Mybots, Resti , Whisperr, Evermuse , Karpatia Benefits.
დემო დღის ფარგლებში პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს საკუთარი ბიზნესიდეები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო განვითარების ხედვა წარუდგინეს. ღონისძიება მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ, მიეღოთ პროფესიონალური უკუკავშირი და გაეფართოებინათ საერთაშორისო სანაცნობო ქსელი.
500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის განმავლობაში სტარტაპებმა იმუშავეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორებთან, გაიარეს ინტენსიური სასწავლო მოდულები, მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და დახვეწეს საკუთარი ბიზნესმოდელები, რათა უფრო კონკურენტუნარიანები გამხდარიყვნენ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტეპრენერობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
სხვა სიახლეები
Zuzumbo Resort & Spa-ში ინფრასტრუქტურა განახლდა - რეზორტი ახალ სეზონს გაფართოებული სერვისებით ხვდება
26.06.2026.14:00
კახეთში მდებარე Zuzumbo Resort & Spa მიმდინარე ტურისტულ სეზონს აქტიურად ხვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ლიკა პარწიკანაშვილმა განაცხადა, მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება, ხოლო ვიზიტორთა უმრავლესობას ადგილობრივი დამსვენებლები წარმოადგენენ. მისივე თქმით, სასტუმრომ მიმდინარე სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განაახლა და სტუმრებს ახალი სერვისებიც შესთავაზა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
მიმდინარე სეზონისთვის სასტუმროს ნომრებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ და ინფრასტრუქტურა განვაახლეთ. მათ შორისაა ახალი სპორტული სტადიონი და ღია ცის ქვეშ მოწყობილი სატრენაჟორო სივრცე, რომელიც მალე დაგვემატება. პარალელურად, ვაფართოებთ სარესტორნო მომსახურებას და სტუმრებს ტყის გარემოში დამატებით გასტრონომიულ სივრცეებს ვთავაზობთ.

როგორც მოგეხსენებათ, სარესტორნო მიმართულებით რამდენიმე განსხვავებული სივრცე გვაქვს და ჯამურად 300-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია. რაც შეეხება კონკრეტულად ერთ ლოკაციას, ყველაზე დიდი სივრცე მაქსიმუმ 180 ადამიანზეა გათვლილი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას მიმდინარე სეზონზე?
ჩვენი სასტუმრო რეზორტული ტიპისაა და ვიზიტორთა შორის ადგილობრივი დამსვენებლები ჭარბობენ. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მხოლოდ ჩვენს ობიექტს არ ეხება და ზოგადად საქართველოს ტურიზმის სექტორში ადგილობრივი ვიზიტორების წილი კვლავ მაღალია.
კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებით მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია. დღეს კომპანიები უფრო მცირე ზომის სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც შესაძლებელია მთელი სივრცის ექსკლუზიურად დაჯავშნა. ჩვენ ერთდროულად 220-მდე სტუმრის განთავსება შეგვიძლია, ამიტომ შედარებით მცირე ჯგუფებზე გათვლილი კორპორატიული შეკვეთების რაოდენობა ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა სტაბილურად არის შენარჩუნებული.

ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინდივიდუალური სტუმრების რაოდენობა. ჩვენი ძირითადი დატვირთვა სწორედ ამ სეგმენტზე მოდის. რეკრეაციული გარემო და ბუნებასთან სიახლოვე ჩვენს ობიექტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახური დასვენებისთვის. სწორედ ამიტომ, აქტიურად გვსტუმრობენ ოჯახები, მეგობრები და წყვილები.
როგორია Zuzumbo Resort & Spa -ს სამომავლო გეგმები?
ჩვენი მთავარი აქცენტი არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და სტუმრებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შექმნაზეა გაკეთებული. მიმდინარე წლის ძირითადი საინვესტიციო პროექტები სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება.
Zuzumbo Resort & Spa კახეთში, თელავის ისტორიულ უბან ზუზუმბოზე მდებარეობს. 6 ჰექტარ ფიჭვნარში გაშენებული კომპლექსი დედაქალაქიდან მხოლოდ საათ-ნახევრის სავალზეა და სტუმრებს კავკასიონის, ცივ-გომბორის, ალაზნის ველისა და თელავის შთამბეჭდავი პანორამული ხედებს სთავაზობს ბუნების გარემოცვაში.
