თბილისში Gebrüder Weiss-ის ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გაიხსნა
თბილისში,ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის ლოგისტიკური ცენტრის ახალი ტერმინალი გაიხსნა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების და ზოგადად საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს არის A კლასის, ძალიან მაღალი საერთაშორისო დონის ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მიწოდების ჯაჭვს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო ოპერაციებს. და ეს ინვესტიცია სრულადაა თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, რომელიც ტრანსპორტს და ლოგისტიკას უკავშირდება - საქართველო ეტაპობრივად მართლაც ყალიბდება გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ზუსტად ასე ხედავს მის მომავალს - ისინი საქართველოში დამატებით ინვესტიციებს დებენ იმის გამო, რომ პოტენციალს ხედავენ ჩვენს საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის იქნება ეს ტრასეკა, თუ შუა დერეფნის პერსპექტივა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ბოლო წლებში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მუდმივად აქვს ტვირთნაკადის ზრდა - 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 18.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. ასევე 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 10.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4% -ით მეტია. მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ასევე ყოველწლიურად ასობით მილიონ ლარს ხარჯავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დანახარჯია მშპ-სთან მიმართებაში საჯარო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების კუთხით.
ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, 500 წელზე ხანგრძლივი ისტორიით. მისი ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა იზრდებოდა, ვითარდებოდა და წელს მან უკვე თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას დაასრულა. კომპანიის ინფორმაციით, 2024 წელს ევროპული ინვესტიციების მოცულობამ 12 მილიონ ევრომდე შეადგინა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 30 მილიონ ევროს გადააჭარბა.
სხვა სიახლეები
„იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია
21.08.2026.20:02
თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.
30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.
„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.