თბილისში „მაკდონალდს საქართველოს" ორი ახალი რესტორანი გაიხსნა
თბილისში „მაკდონალდს საქართველოს" ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში "მაკდონალდსის" ჯამში - 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.
გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე "მაკდონალდსის" რესტორანი უახლესი ეკოსტანდარტებით აშენდა და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს, ტერასას, სარეკრეაციო ზონას, პარკინგს, დრაივის 24-საათიან მომსახურებასა და დაბადების დღის ცენტრს აერთიანებს.
რესტორნის ინტერიერი პრემიალურია და ამ სტილის „მაკდონალდსის" რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე. რივერსაიდის რესტორანი აერთიანებს თვითმომსახურების განახლებულ კიოსკებს, ბავშვთა გასართობ ფლეილენდსა და მაკკაფეს კუთხეს.
რესტორნის სახურავზე განთავსებული მზის პანელები ყოველდღიურად 46 კვ.ტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები. რესტორნის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ცოცხალი მცენარეებით დამზადებული მწვანე კედელი, რომელიც, დეკორატიული დანიშნულების გარდა, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს.
უახლესი ეკო სტანდარტებით სტუმრებს უკვე ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში გახსნილი ახალი "მაკდონალდსიც" მასპინძლობს. ორივე ახალ რესტორანში განთავსებულია მაკკაფე და ხელმისაწვდომია მაკსაუზმე.
„მაკდონალდს საქართველოს" მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.
„ვულოცავ "მაკდონალდსს" კიდევ 2 ახალი რესტორნის გახსნას, რომლებიც ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი სტანდარტითაა მოწყობილი. „მაკდონალდს საქართველოსთან" 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჯამში 7 რესტორანი გაიხსნა. 3 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდს საქართველოს" კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს - „ბრედფილდის" სახით, მსხვილი და მნიშვნელოვანი კომპონენტი - ეროვნული წარმოება დაემატა, რომელიც ქართული პროდუქტით „მაკდონალდსის" მუდმივად მზარდ ადგილობრივ ქსელს ამარაგებს და ქვეყნის გარეთაც გადის. „მაკდონალდსთან" პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს: დასაქმებას, ხარისხის და სერვისის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, ქართული პროდუქტის წარმოებასა და ექსპორტს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„მაკდონალდს საქართველო" ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2100-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, „მაკდონალდსში" სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
„მაკდონალდს საქართველოს", სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 185 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. „მაკდონალდს საქართველო" 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და დამატებითი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.