თბილისში Starbucks-ი გაიხსნა
თბილისში Axis Towers • აქსის თაუერსი-ში Starbucks-ი გაიხსნა.
ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაანონსდა 16 აპრილს:
„სტარბაქსი" საქართველოში შემოდის - როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს"-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქს"-ის გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
„სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
„სტარბაქს"-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
Saleh Alshaya, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი Alshaya Group-ში:
„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს" წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს „სტარბაქს"-ის მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში."
Duncan Moir, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში:
„მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ, Alshaya Group-თან პარტნიორობით, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით."
მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი:
„რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქს"-ის ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი - საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას."
ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე:
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ბაზარზე ისეთი გლობალური ბრენდის შემოსვლას, როგორიც სტარბაქსია. ეს არის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, მკაფიო გზავნილი იქნება სხვა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზრით დაინტერესების თვალსაზრისით. სხვადასხვა ავტორიტეტული რეიტინგებითა და შეფასებებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ფართე რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ბიზნესისადმი მეგობრული და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კუთხით. ამდენად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოექცევა არა მხოლოდ „სტარბაქსის", არამედ სხვა ცნობადი გლობალური ბრენდების ინტერესის არეალში. დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიის პირველ ობიექტს მალე ქსელად გადაიქცევა და წარმატებით განვითარდება თბილისსა და სხვა ქალაქებში".
ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" კოორდინაციით, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს გლობალური ბრენდების საქართველოში შემოყვანის მიმართულებით."სტარბაქს"-ის საქართველოში შემოსვლა რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის კარგი მაგალითია და ეს მოვლენა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და შექმნილი გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური ბრენდებისთვის. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას".
Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს"-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქს"-ის 2,000 მაღაზიაა.
„სტარბაქსი" 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.
სხვა სიახლეები
„მტევანი კოსმეტიკსი“ მომხმარებელს ახალ სურნელოვან კოლექციას სთავაზობს
03.07.2026.14:00
„მტევანი კოსმეტიკსი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ახალ სურნელოვან კოლექციას სთავაზობს. კოლექცია არომატულ სანთლებს, თხევად და მყარ დიფუზორებს, ასევე სასაჩუქრე ნაკრებებს აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ალექსანდრე ბოლქვაძეს ესაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, „მტევანი კოსმეტიკსი“ კოსმეტიკური კომპანიაა. მსოფლიოს არაერთი წარმატებული ბრენდი, როგორიცაა Richwell, L'Occitane და სხვა, კოსმეტიკურ პროდუქტებთან ერთად არომატული სანთლებისა და დიფუზორების ხაზსაც ავითარებს. სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი ჩვენც, რადგან ჩვენი მიზანია „მტევანი კოსმეტიკსი“ სრულყოფილ კოსმეტიკურ და ბრენდად ჩამოყალიბდეს.
ამ კონცეფციის ფარგლებში მომხმარებელს ახალ სურნელოვან კოლექციას ვთავაზობთ, რომელიც მოიცავს არომატულ სანთლებს, თხევად და მყარ დიფუზორებს, ასევე სასაჩუქრე ნაკრებებს. მთელი კოლექცია ყურძნის ექსტრაქტების გამოყენებით არის შექმნილი და განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.

პროდუქცია პრემიუმ სეგმენტს მიეკუთვნება, რადგან დამზადებულია მაღალი ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტებითა და ძვირფასი ნედლეულით. მაგალითად, ჩვენი თხევადი დიფუზორი სპირტის ბაზაზე არ არის შექმნილი, რის გამოც არომატს უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს და გაცილებით ნელა ორთქლდება.
ამ ეტაპზე ახალი სურნელოვანი კოლექცია ხელმისაწვდომია East Point-ის ახალ სივრცეში, Tbilisi Mall-სა და West Point-ში (ქუთაისი). მომავალში კი პროდუქციის შეთავაზებას სხვა საცალო სავაჭრო ობიექტებისთვისაც ვგეგმავთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ მუშაობას სასტუმროებთან, სპა-ცენტრებსა და სხვა პარტნიორებთან, სადაც მსგავსი პრემიუმ პროდუქციის მიმართ მაღალი ინტერესი და მოთხოვნა არსებობს“, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.