თბილისში უძრავი ქონების შემოსავლიანობა საშუალოდ 11.0% შეადგენს
Galt & Taggart-ის ჩატარებულ კვლევაში გამოიკვეთა რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა 2 ძირითად კატეგორიაზეა დამოკიდებული: 1) საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და 2) საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს.
საინვესტიციო შენაძენების ანალიზმა აჩვენა რომ ადამიანები უძრავ ქონებაში ინვესტიციას რამდენიმე მიზეზის გამო აკეთებენ. პირველ რიგში, აღსანიშნავია უძრავი ქონების მიმზიდველობა ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან მიმართებაში. მაგალითად, დოლარის დეპოზიტის განაკვეთი 1.6% იყო 2023 წლის ოქტომბერში, მაშინ როცა უძრავი ქონების უკუგება 11.0%-ს შეადგენდა. მაღალია ლარის დეპოზიტის განაკვეთიც, თუმცა ეროვნულ ვალუტაში დანაზოგების მხოლოდ 38.0%-ია განთავსებული.
უძრავი ქონების მაღალ უკუგებას განსაზღვრავს გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ბოლო 1.5 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. მას შემდეგ რაც 2022 წლის მარტიდან საქართველოში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა, უძრავი ქონების ქირა წლიურად 124.0%-ით გაიზარდა. ქირის ასეთი სწრაფი ტემპით ზრდამ უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა გაზარდა და ადამიანებს უბიძგა შეეძინათ ბინები, რათა შემდგომ გაქირავებით შემოსავალი მიეღოთ.
მიგრანტების ნაკადების გარდა უძრავი ქონების ქირის ზრდას ხელი შეუწყო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის აღდგენამ, რადგან სტუდენტები ქირის ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცხოელები სტუდენტების ფაქტორი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წამახალისებელი როლი შეასრულეს უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლებში. უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სწავლობენ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაათმაგდა და 35,000-ს მიაღწია 2023-24 სასწავლო წელს. აღსანიშნავია რომ, უცხოელი სტუდენტების წილი უძრავი ქონების ქირის ბაზარზე დაახლოებით 12%-ს შეადგენს, Galt & Taggart-ის შეფასებით.
აღსანიშნავია რომ, მიგრაციის შესუსტების შედეგად უძრავი ქონების ქირა 5.7%-ითაა შემცირებული 2023 წლის ოქტომბერში პიკურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ქირების შემცირებას სიხისტე ახასიათებს, მოსალოდნელია რომ კლება კვლავ გაგრძელდება 2024 წელს. ქირების შემცირებას ნეგატიური ეფექტი ექნება უძრავი ქონების შემოსავლიანობაზეც, რამაც შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში საინვესტიციო შენაძენების აქტივობა შეასუსტოს, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები დივერსიფიცირებული და ჯანსაღია, გაყიდვებზე ეფექტი ლიმიტირებული იქნება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.