„თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში მომსახურების ახალი, უნივერსალიზებული მოდელი დანერგა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპს ეფუძნება. სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მფლობელებს ერთ სივრცეში სრული ტექნიკური მომსახურების მიღება შეუძლიათ. სიახლე კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის განვითარებას ემსახურება.

განახლებული მოდელის მთავარი არსი შემდეგია - მომხმარებელს სერვისცენტრში მისვლიდან პროცესის დასრულებამდე ერთი სერვისის მრჩეველი ემსახურება. ის სრულად უზრუნველყოფს ყველა საჭირო პროცედურას - ავტომობილის რეგისტრაციას, ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვას, შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციას, დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ანგარიშსწორებას. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს დროის დანახარჯს და ამარტივებს მომსახურების სრულ ციკლს.
ვახტანგ ზივზივაძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი: „გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზაციის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესება და პროცესების მაქსიმალურად გამარტივება იყო. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 30 წელზე მეტია, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს ავითარებს და ეს პროექტიც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. დღეს მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის ეფექტიანად მართვა, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, ერთ სივრცეში შეგვეთავაზებინა სრულყოფილი და კომფორტული მომსახურება. უნივერსალიზებული მოდელი ერთი ფანჯრის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს პროცესის ყველა ეტაპზე ერთი სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც კოორდინაციას უწევს როგორც ტექნიკურ პროცესებს, ისე ყველა სხვა საჭირო მიმართულებას. შედეგად, მომხმარებელი ზოგავს დროს და მომსახურებას ბევრად უფრო სწრაფად და ორგანიზებულად იღებს“.

გეზის ფილიალში მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება - სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტროსისტემების, სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის დიაგნოსტიკა. ფილიალში ფუნქციონირებს დიზელის საწვავის სისტემების, ძალური გადაცემის აგრეგატებისა და Thermo King-ის სამაცივრე სისტემების სერვისიც. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ვულკანიზაცია, სამღებრო-სათუნუქე და სარობოტე სამუშაოები. ფილიალში მოწყობილია რეგიონში უნიკალური, 22-მეტრიანი სამღებრო სივრცე, სადაც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების სრულად შეღებვაა შესაძლებელი. სერვისცენტრში ფუნქციონირებს როგორც სტაციონარული, ისე მობილური სერვისის ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს ადგილზე ემსახურებიან.

გამორჩეულია სერვისი Health Check, რომელიც ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის პრევენციულ შეფასებას გულისხმობს. სერვისცენტრში მომართვისას, კონკრეტული დაზიანების მიუხედავად, მენეჯერი ავტომობილს სრულად ათვალიერებს, შედეგებს სისტემაში ასახავს და მომხმარებელს დეტალურ აქტს უმზადებს რეკომენდაციებითა და განფასებით. ეს მიდგომა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პოტენციური ტექნიკური რისკები წინასწარ აღმოაჩინოს და მასშტაბურ დაზიანებამდე აღმოფხვრას.
უნივერსალური სერვისების დანერგვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კერძო სექტორზე, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ბიზნესზე, რომელთათვისაც ავტოპარკის გაუთვალისწინებელი შეფერხება პირდაპირ კავშირშია საოპერაციო დანაკარგებთან. ერთი ფანჯრის პრინციპი და პრევენციული სერვისები კი ამცირებს ტექნიკურ რისკებს, აუმჯობესებს ბიზნესპროცესების უწყვეტობას და მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს.

„გეზის ფილიალი ყოველდღიურად ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობაში ჩართულ პირებს, სადაც დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რესურსია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ნებისმიერი ტიპის ტექნიკური მომსახურება ერთ სივრცეში, სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღოს“, - აღნიშნავს ვახტანგ ზივზივაძე.

მომსახურების მოლოდინის პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია „თეგეტა ლაუნჯის“ სივრცე, რომელიც მოიცავს მოსასვენებელ ზონას, კაფეს „საირმე ბეიქერის“ მომსახურებით, ასევე საშხაპე და სამრეცხაო სივრცეებს - სერვისებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლაში ჩართული მძღოლებისთვის.
გეზის ფილიალი საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, მათ შორის არის MAN, Bridgestone,Michelin, ZF და სხვა, რაც პირდაპირ აისახება როგორც ტექნიკურ სტანდარტებზე, ისე მომსახურების ხარისხზე. ფილიალში მისულ მომხმარებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი ხვდება, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადებასა და საერთაშორისო ტრენინგებშიც მონაწილეობენ. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ჰაბად აქცევს სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
„მეღვინეობა პი" ექსპორტის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს
19.06.2026.12:00
მეღვინეობა პი - Winery PI ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მცირე, არტიზანული მარანი, რომელიც საკუთარ ვენახებზე დაფუძნებული წარმოებითა და შეზღუდული ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ღვინის ფესტივალებსა და დეგუსტაციებში და ეტაპობრივად აფართოებს საექსპორტო ბაზრებს. Business Insider Georgia „მეღვინეობა პი"-ს დამფუძნებელს თეონა ომარაშვილს კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რა ძირითადი სიახლეები აქვს კომპანიას ამ ეტაპზე და როგორ ვითარდება ახალი ბაზრების მოძიების მიმართულება?
გაზაფხული ჩვენთვის საკმაოდ დატვირთული და აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა ღვინის ფესტივალსა და დეგუსტაციაში, რაც კარგი შესაძლებლობა იყო როგორც არსებული პარტნიორებისთვის საკუთარი თავის შეხსენებისთვის, ისე ახალი მომხმარებლების, ღვინის ექსპერტებისა და ბაიერებისთვის ჩვენი ღვინოების გასაცნობად.
ეს პერიოდი, როგორც წესი, ახალი შესაძლებლობების ძიებას, დეგუსტაციებსა და საექსპორტო კონტაქტების განვითარებას ეთმობა. ამ ყველაფრის პარალელურად კი ვენახში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპის მართვა გვიწევს, რაც მცირე მარნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესია.
რომელი საერთაშორისო ბაზრებია დღეს თქვენთვის ყველაზე აქტუალური და სად ფიქსირდება ქართული ღვინის მიმართ ყველაზე მაღალი ინტერესი?
ჩვენთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის ბაზრები, სადაც ჩვენი ღვინოები უკვე წარმოდგენილია და ინტერესიც სტაბილურია. სამომავლო თანამშრომლობის კუთხით ძალიან საინტერესო მიმართულებად მიგვაჩნია იაპონიის ბაზარი.
ზოგადად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც ღვინის კულტურა კარგად არის განვითარებული და მომხმარებელი მზად არის აღმოაჩინოს განსხვავებული, ავთენტური და მცირე წარმოების ღვინოები.
როგორ იცვლება მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე სხვადასხვა ქვეყნებში და რა ფაქტორები განაპირობებს ამ ტენდენციებს?
იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ამჟამად ვართ წარმოდგენილი, მოთხოვნა სტაბილურია. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც გლობალურად ღვინის მოხმარების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.
მცირე მარნისთვის სტაბილური მოთხოვნა და პროცესების გეგმიური მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ამ სტაბილურობას განაპირობებს პროდუქტის ხარისხი, მცირე წარმოების ავთენტურობა, საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძენი და ის ნდობა, რომელიც პარტნიორებთან ეტაპობრივად ყალიბდება.
როგორია კომპანიის ასორტიმენტის სტრატეგია და რა პრინციპით არჩევთ იმ ღვინოებს, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრებზე წარადგენთ?
ჩვენ ვართ მცირე, არტიზანული მარანი, რომლის წლიური წარმოება დაახლოებით 7,000 ბოთლამდეა. გვაქვს საკუთარი ვენახები და ღვინოს მხოლოდ ამ ვენახებიდან მიღებული ყურძნით ვამზადებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ასორტიმენტი მცირეა და ორი ძირითადი ღვინით შემოიფარგლება „საფერავით“ და „აკურათი“ (რქაწითელი-მწვანე).
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ასორტიმენტის ხელოვნურად გაზრდა, არამედ იმ ღვინოების ხარისხიანად და თანმიმდევრულად წარდგენა, რომლებიც ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს ვენახებს, ჩვენს მიდგომას და ქართული ღვინის ხასიათს. ღვინოები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ძალიან შეზღუდულად ვართ წარმოდგენილი.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ექსპორტის გაფართოების, ასორტიმენტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით?
სამომავლოდ ვაგრძელებთ ახალი ბაზრების მოძიებას და საექსპორტო მიმართულებების განვითარებას. ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იაპონიის ბაზარი, სადაც ქართული ღვინის მიმართ მზარდ ინტერესს ვხედავთ.
ამასთან, გვინდა ეტაპობრივად განვავითაროთ ადგილობრივი ბაზარიც, განსაკუთრებით პირდაპირი გაყიდვების არხების შექმნის მიმართულებით. მცირე მარნისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან უფრო ახლო და უშუალო კავშირის ჩამოყალიბება, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.