ტექნოლოგიური პარკი პირველია საქართველოში, რომელიც Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობს
Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში ხელმისაწვდომია. კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პარკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა. Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას წინ უძღოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტიური კომუნიკაცია კომპანია SpaceX-სთან, რომელსაც Starlink-ის პროექტი ეკუთვნის. აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველო განხილულ იქნა რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX - ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა. აღსანიშნავია, რომ SpaceX - მა საქართველოს ტექნოპარკები პარტნიორების პროგრამაში ჩასვა, რაც უზრუნველყოფს ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში სტარლინკის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს.
ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.
აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ - ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულს მოჰყვა SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.