თელავის საცხენოსნო ცენტრი - ახალი სივრცე კახეთში საცხენოსნო ტურიზმისა და ქართული ტრადიციების გასაცნობად
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, თელავიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე, თელავის საცხენოსნო ცენტრი ფუნქციონირებს - სივრცე, რომელიც საცხენოსნო ტურიზმს, ქართულ საცხენოსნო ტრადიციებს, შემეცნებით გამოცდილებებსა და ცხენთან ურთიერთობაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან პროგრამებს აერთიანებს.
ცენტრი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ სადემონსტრაციო ფერმის ბაზაზე შეიქმნა, სადაც ტრადიციული თუშური ცხენების დაცვა და მოშენება მიმდინარეობს. შესაბამისად, ცენტრის სტუმრებისთვის გამოცდილება მხოლოდ ცხენით გასეირნებით არ შემოიფარგლება - მათ შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ქართულ საცხენოსნო ტრადიციებს, ადგილობრივ ბუნებასა და სოფლის გარემოს.
თელავის საცხენოსნო ცენტრი სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის საცხენოსნო ტურებს სთავაზობს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მხედრებს. ტურები კახეთის განსხვავებულ და სანახაობრივ მარშრუტებს მოიცავს და სტუმრებს რეგიონის ბუნებისა და ლანდშაფტების განსხვავებული გზით აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
ცენტრის შეთავაზებებს შორისაა ასევე ადგილზე საცხენოსნო გაკვეთილები, რომლებიც ცხენთან ურთიერთობის, მისი მართვისა და ცხენოსნობის პრაქტიკული უნარების შესწავლას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცენტრი ტურისტულ საცხენოსნო გამოცდილებებს, კომპანიებისთვის Team Building პროგრამებსა და სასკოლო და შემეცნებით ექსკურსიებს აერთიანებს.
სასკოლო პროგრამების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ცხენს, მის მოვლას, ტრადიციულ ქართულ ჯიშებსა და ფერმის ყოველდღიურ ცხოვრებას. ცენტრში ასევე ტარდება ჰიპოთერაპიის სესიები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, მათ შორის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, ცხენთან ურთიერთობაზე დაფუძნებული სპეციალური პროგრამების ფარგლებში.
ცენტრი კახეთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო აძლიერებს. თელავიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე სივრცე ფაქტობრივად აკავშირებს თელავისა და ახმეტის ტურისტულ მიმართულებებს და რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ღვინის, გასტრონომიულ და კულტურულ გამოცდილებებთან ერთად საცხენოსნო ტურიზმის აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს.
თელავის საცხენოსნო ცენტრი თანამშრომლობისთვის ღიაა ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებსა და მედიასთან.
ცენტრის მიზანია კახეთში საცხენოსნო ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაცია, ამასთან, ქართული საცხენოსნო ტრადიციების, თუშური ცხენისა და რეგიონის სოფლის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი Financial Times-ის ბრიტანეთის საუკეთესო CEO-ების რეიტინგის ლიდერებს შორისაა
08.09.2026.12:48
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი Financial Times-ის ბრიტანეთის საუკეთესო CEO-ების რეიტინგის ლიდერებს შორისაა.
Financial Times ბრიტანეთის საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც მეორე ადგილს საქართველოს ბანკის და Lion Finance Group-ის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე იკავებს. მასთან ერთად, სიაში წარმოდგენილი არიან ისეთი მსოფლიო ბრენდების ხელმძღვანელები, როგორებიცაა: Rolls-Royce, Barclays, Standard Chartered, Unilever და სხვები.
Financial Times-ის ახალი CEO Performance Ranking განსხვავებულ ფაქტორებს აერთიანებს და FTSE 100-ში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებს ცხრა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, მათ შორისაა კორპორაციული მართვის სტილი, ანალიტიკოსების შეფასებები, ESG პარამეტრები და სხვა მახასიათებლები.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Financial Times-მა ბრიტანეთის საუკეთესო კომპანიების ლიდერებს შორის მეორე ადგილზე დაგვასახელა. ეს, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის მიღწევების დაფასებაა და მსურს, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, ვფიქრობ, ეს საქართველოსა და სომხეთში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წარმატების აღიარებაცაა - იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით და რომელიც საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს”, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
Financial Times-ის ეს აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჯგუფის განვითარებაში - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2026 წელს, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ის წევრი, პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის ტოპ 100 კომპანიას შორის (FTSE 100) მოხვდა.