Teleperformance-ის საქართველოში შემოსვლით, BPO ინდუსტრიის ტოპ ხუთი კომპანიიდან სამი უკვე საქართველოშია - მიხეილ ხიდურელი
"ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების სერვისის (BPO) ინდუსტრიის ტოპ ხუთი კომპანიიდან, სამი უმსხვილესი კომპანია უკვე საქართველოშია, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ BPO ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში განვითარდა და საქართველო ამ ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი წამყვანი ლოკაცია გახდა" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა ფრანგული კომპანია Teleperformance-ის საქართველოში ოპერირების დაწყების კომენტირებისას.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის თქმით, კომპანიის ქვეყანაში შემოსვლას წინ უძღოდა ერთწლიანი მოლაპარაკებები, ვიზიტები და შეხვედრები საქართველოში.
"საბოლოოდ ჩვენ შევძელით და დავარწმუნეთ კომპანია საქართველოში ინვესტირებით, რისი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი საქართველოში კვალიფიციური მუშახელი იყო. დღეისთვის Teleperformance-ი მსოფლიოს მასშტაბით 410 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს საქართველოში დასაქმებულებიც შეემატებიან.
Teleperformance-ის ქვეყანაში შემოსვლით ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BPO ინდუსტრიის მსოფლიოს სამი უმსხვილესი კომპანია უკვე საქართველოშია, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ , აქ არსებული ჯანსაღი ბიზნეს გარემო და შესაძლებლობები ძლიერ კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
Teleperformance 1978 წელს საფრანგეთში შეიქმნა. კომპანია მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის, კონტენტის მოდერაციის, კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და ტელემარკეტინგის სფეროში უდიდესი გამოცდილებითაა ცნობილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.