TEMPO საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა
დეველოპერული კომპანია TEMPO საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სწრაფ განვითარებას, მაღალ პასუხისმგებლობასა და მისწრაფებას წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკისა და დეველოპერული სექტორის გაძლიერებაში.
2023 წლიდან TEMPO საქართველოში უძრავი ქონების განვითარების ახალ სტანდარტს საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტების პორტფელით ამკვიდრებს.
კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა. სწორედ ამიტომ, TEMPO ქმნის სივრცეებს, რომლებიც ადამიანებს მეტ დროს უტოვებს ცხოვრებისთვის, ქალაქის დინამიკასა და სიმშვიდეს შორის სწორი ბალანსის დაჭერით.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება TEMPO-სთვის ახალი შესაძლებლობაა, აქტიურად ჩაერთოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესში, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება დარგის ლიდერებს და ხელი შეუწყოს სექტორის მდგრად განვითარებას.
„მივესალმებით კომპანია TEMPO-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. დეველოპერულ სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი პასუხისმგებლობა, ზუსტი დაგეგმვა და ვადების დაცვა. მოხარულები ვართ, რომ ასოციაციის რიგებს შემოუერთდა გუნდი, რომელიც საერთაშორისო დონის სტანდარტების დამკვიდრებასა და ინოვაციურ მიდგომებზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად ბიზნესსექტორის განვითარებისთვის," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
„ხემსი“ ახალი პროდუქტების დამატებას და გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს
22.09.2026.14:00
„ხემსი“ ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პროდუქტისა და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა პავლიაშვილი Business Insider Georgia-სთან ბრენდის საქმიანობის, მიმდინარე ასორტიმენტის, მომხმარებლის მოთხოვნისა და განვითარების გეგმების შესახებ საუბრობს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ხემსი - HEMSY ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ პერიოდში ბრენდი მომხმარებელს დღევანდელისგან განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობდა. გარკვეული პერიოდის პაუზისა და მცირე რეორგანიზაციის შემდეგ, HEMSY-ის წარმოება 2026 წელს ახალი კონცეფციითა და პროდუქციით განახლდა.
დღეს ჩვენი მთავარი მიმართულება არის გემრიელი და უფრო გააზრებული კვების ალტერნატივების შექმნა, რომლის მთავარი პროდუქტიც ამ ეტაპზე ჰუმუსია. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს კლასიკურსა და შოკოლადის ჰუმუსს, რომლებიც აერთიანებს როგორც ნოყიერ, ყოველდღიურ საკვებს, ისე ტკბილეულის უფრო განსხვავებულ, უშაქრო ალტერნატივას.

ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა ნიშნავდეს გემოსა და სიამოვნებაზე უარის თქმას. ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არის გემრიელი, მარტივად მოსახმარი და ადვილად ინტეგრირდება მომხმარებლის ყოველდღიურ კვებაში.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა პროდუქტებზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ამჟამად ბრენდის ძირითადი ასორტიმენტი ორი პროდუქტით არის წარმოდგენილი:
• Classic Hummus - კლასიკური, კრემოვანი ჰუმუსი;
• Chocolate Hummus - ჰუმუსის განსხვავებული, დესერტული ინტერპრეტაცია, რომელიც საბოლოო ფორმით ძალიან მალე ჩაეშვება და ექნება 0 შაქარი.

ორივე პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უშაქრო ფორმულა, ხოლო ბრენდის კომუნიკაციაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეულ ცილასა და ბოჭკოს.
მომხმარებლის ინტერესს განსაკუთრებით იწვევს შოკოლადის ჰუმუსი, რადგან ბაზარზე ჰუმუსის ასეთი ფორმატი შედარებით განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა, ხოლო კლასიკური ჰუმუსი ძირითადი და სტაბილური პროდუქტია. სულ მალე ჩვენი ძველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი, გოგრის გულის კარაქიც ჩაეშვება გაყიდვაში.
რას მიიჩნევთ „ხემსის“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტებს ბაზარზე?
„ხემსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ჯანსაღი კვებისა და გემოვნური სიამოვნების გაერთიანება.
ჩვენ არ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ჯანსაღია". ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს რეალურად გემრიელი, საინტერესო და მარტივად ჩასასმელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
განსაკუთრებით გამოგვარჩევს ჰუმუსის განსხვავებული ინტერპრეტაცია - კლასიკური ჰუმუსის პარალელურად შოკოლადის ჰუმუსის შექმნა. ამასთან, HEMSY-ის პოზიციონირება ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა უშაქრო, მცენარეული ცილისა და ბოჭკოს შემცველობა და უფრო გააზრებული არჩევანის შეთავაზება მომხმარებლისთვის. შოკოლადის ჰუმუსის განახლებული ფორმულა 0 შაქარით, განსაკუთრებით საინტერესოა ინსულინრეზისტენტული, დიაბეტის მქონე მომხმარებლისთვის, ასევე 2 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მას აქვს 0 გლიკემიური ინდექსი და სისხლში შაქრის დონეს საერთოდ არ ცვლის. შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ალულოზა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული და ჯანსაღი შაქრის ალტერნატივაა ბაზარზე.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა ახალი პროდუქტების ან მიმართულებების დამატებას განიხილავთ მომავალში?
„ხემსის“ მთავარი მიზანია ბრენდის უფრო ფართო დისტრიბუცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა პროდუქტი მომხმარებელმა სხვადასხვა რეალიზაციის წერტილში მარტივად იპოვოს.
ამასთან, გვსურს ეტაპობრივად გავზარდოთ ჯანსაღი სნექებისა და ყოველდღიური კვების პროდუქტების ბრენდად და არა მხოლოდ ჰუმუსის მწარმოებლად. შესაბამისად, სამომავლოდ განვიხილავთ ასორტიმენტის გაფართოებას ჰუმუსის გარდა სხვა პროდუქტების მიმართულებითაც, რომლებიც შეინარჩუნებს ბრენდის ძირითად პრინციპებს - გემრიელი, საინტერესო და უფრო გააზრებული კვების არჩევანი.
ასევე გვაინტერესებს ახალი ფორმატები და პარტნიორული მიმართულებები, მათ შორის სხვადასხვა კონცეპტუალურ სივრცეში ჩვენი პროდუქტის ინტეგრირება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქტი არა მხოლოდ მაღაზიის თაროდან, არამედ უკვე მზა კვების გამოცდილების ნაწილადაც გაიცნოს. ამჟამად ჰუმუსის შეძენა შესაძლებელია ფრესკოს, ევროპროდუქტის და ვოლტმარკეტის საშუალებით.