ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით შეიქმნა - საქართველოში ახალი თაობის ტალანტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჰაბი ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას აერთიანებს და ქმნის ერთიან პლატფორმას მომავალი ტექნოლოგიური ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.
ჰაბის ფარგლებში, ქართველი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო დონის ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში მონაწილეობა. მათ შორისაა 2026 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - EJOI, რომელიც 24–30 ივლისს ლიტვაში, კაუნასში გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.
EJOI-ი საერთაშორისო ასპარეზზე პირველი გამოცდილების მიღების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების ადრეულ აღმოჩენას, მათი მოტივაციის გაზრდასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
EJOI-ის ოლიმპიადის შესარჩევ ტურებზე რეგისტრაცია 30 აპრილამდეა შესაძლებელი. ორ ეტაპიანი კონკურსის შედეგების საფუძველზე, 4 ძირითადი წევრისა და 2 რეზერვისტისგან შემდგარი ნაკრები ყალიბდება, რომელიც საქართველოს სახელით EJOI-ზე ლიტვაში იასპარეზებს.
საქართველო EJOI-ს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქვეყნის გუნდი ყოველწლიურად წარმატებით ასპარეზობს. ოლიმპიადის ფორმატი ორი ტურისგან შედგება და თითოეულში სამი ამოცანის ამოხსნას ითვალისწინებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ასაკის შესაბამისი სირთულის ამოცანებზე იმუშაონ.
„ოლიმპიადაზე შედეგების მისაღწევად, საჭიროა იპოვო შენი სუსტი წერტილები და იმუშავო მათ აღმოფხვრაზე, ისწავლო თეორია და შემდგომ ამ თეორიის პრაქტიკულ კოდში გადათარგმნა“ - მათე რეხვიაშვილი, 2025 წლის ნაკრების წევრი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.
EJOI-ზე მიღებული გამოცდილება ხშირად ხდება საწყისი წერტილი უფრო დიდი გამარჯვებებისკენ - იქნება ეს IOI-ზე (ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე) მონაწილეობა თუ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა ტექნოლოგიურ სამყაროში.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.