„უმალმა“ ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყო
თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია საქართველოში უმალი • Umali წარმოებას აფართოვებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ განაცხადა, კომპანიამ ნახევარფაბრიკატების წარმოება უკვე დაიწყო და პირველი პროდუქციც უკვე შესთავაზა ბაზარს.
„უმალმა“ უკვე დაიწყო ნახევარფაბრიკატების წარმოება. პირველი პროდუქტი, რაც ბაზარზე გამოვიტანეთ, არის თევზის ბურგერი. ბურგერი უკვე შევიტანეთ „ჯიბეს“ ქსელში. ვაკვირდებით, როგორ მიიღებს მომხმარებელი. თევზის ბურგერის შემდეგ განიხილება თევზის ტოლმის წარმოება და ასევე თევზის ხინკალი. რეალურად, თევზის ხინკალი ადრეც გვქონდა, უბრალოდ მოხდება წარმოების განახლება“, - განმარტავს „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც ცნობილია, კომპანიამ ნახევარფაბრიკატების წარმოებისთვის სპეციალური დანადგარები შეიძინა, რომელთა მთლიანი მონტაჟი საწარმოში რამდენიმე კვირაში დასრულდება.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - „უმალი“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს.
„უმალი“ საქართველოში ზღვის პროდუქტების პირველი საწარმოა, რომელიც ფლობს ISO და GOLDEN BRAND სერტიფიკატებს. 2018 წელს „უმალი“ გახდა თევზეულისა და ზღვის პროდუქტების ნომერ პირველი ოქროს ბრენდი Golden Brand Awards-ზე. გარდა ამისა, კომპანიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო ISO 22000:2005 სერტიფიკაციის აუდიტი სურსათის უვნებლობის მართვის მიმართულებით - გერმანული TUV SUD-ის მხრიდან, DAkkS-ის აკრედიტაციით.
„უმალის“ პროდუქცია მოიცავს: შებოლილ, ხმელ, დამარინადებულ თევზს; გაყინულ ნახევრად მზა პროდუქტს; დაკონსერვებულ თევზეულსა და ხიზილალას.
სხვა სიახლეები
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
22.10.2026.10:38
თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:
• უფასო ბიზნესნაკრები;
• თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი
ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.
პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა