თიბისი ბანკსა და FMO-ს შორის 80 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
25 იანვარს, თიბისიმ და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც FMO და სინდიკატში შემავალი საფინანსო ორგანიზაციები თიბისის 80 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ, სინდიცირებულ სესხს გამოუყოფენ. მიღებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი კოსგუნმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი და დანიისა და ფინეთის საელჩოების წარმომადგენლები.
ამ შეთანხმების თანახმად, თიბისის ფინანსურ რესურს გამოუყოფს 6 ევროპული ორგანიზაცია. ესენი არიან ფინური ფონდი ინდუსტრიული თანამშრომლობისთვის (Finnfund), დანიის საინვესტიციო ფონდი განვითარებადი ქვეყნებისთვის (IFU) და განვითარებადი ბაზრების დაკრედიტებაზე ორიენტირებული ILX Fund-ი (ILX). ამას გარდა, სინდიკატის წევრები არიან თიბისი ბანკის დიდი ხნის პარტნიორები BlueOrchard Microfinance Fund-ი (BOMF), Green for Growth Fund-ი (GGF), და FMO, რომელიც ასევე ტრანზაქციის სინდიცირების აგენტია. აღნიშნული ტრანზაქცია, მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის უმსხვილესი სინდიკატია, რომელიც უზრუნველყოფილია FMO-ს მიერ ახალი Basel 3 ჩარჩოს ფარგლებში.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და FMO-ს შორის მორიგი სინდიცირებული ტრანზაქცია გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მივიღებთ ფინანსურ რესურს 6 წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტისგან. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისი ბანკის კაპიტალის პოზიციას და ხელს შეუწყობს მის მდგრად ზრდას, განსაკუთრებული ფოკუსით ინკლუზიურ დაფინანსებაზე. FMO იყო თიბისის პირველი პარტნიორი ინსტიტუტი, რომელთანაც სინდიცირებულ სუბორდინირებულ სესხზე, 10 წლის წინ სადებიუტო გარიგება შედგა და ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულება ჩვენს ინსტიტუტებს შორის კარგად ჩამოყალიბებული, ძლიერი პარტნიორობის მორიგი დასტურია. მსურს მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა და სინდიკატის ყველა წევრ ფინანსურ ინსტიტუტს მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან, IFU, FinnFund და ILX-თან, თანამშრომლობის საწყისია. მოუთმენლად ველით კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებას მომავალში,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„თიბისი ბანკსა და FMO-ს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. თიბისი ჯგუფს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია მკაცრი პოლიტიკითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ამიტომაც ძალიან ვამაყობთ ამ ახალი ინვესტიციით, რომელიც გამოყენებული იქნება თიბისი ბანკის კაპიტალის გაძლიერებისთვის და მწვანე პორტფელის გაზრდას შეუწყობს ხელს. ასევე, მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული გარიგება თიბისისთვის ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის დასაწყისია.მადლობას ვუხდით თიბისის გუნდს და ჩვენს საინვესტიციო პარტნიორებს ამ ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ - რუჰი კოსგუნი FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.