თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს
ინფლუენსერ მარკეტინგი - ეს სიტყვათშეთანხმება ახალი უკვე დიდი ხანია აღარ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ჩვენს გარშემო მრავლადაა ისეთი მცირე თუ დიდი სტარტაპი, ან კომპანია, რომელიც მომხმარებლის გულამდე გზას სწორედ ინფლუენსერების დახმარებით იკვლევს.
როგორ გამოვიყენოთ ინფლუენსერ მარკეტინგი ჩვენი ბრენდის, კომპანიის თუ სტარტაპის პოპულარიზებისთვის? ვინ გვჭირდება? რა გავითვალისწინოთ საქმიანი ურთიერთობისას? - 19 სექტემბერს,თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების მორიგ სესიაზე, კონტენტ კრეატორებმა თათო ქარჩავამ დაიოანე რომანაძემ და ქართული სტარტაპის „მერაკის“ დამფუძნებელმა ანუკა გვენცაძემ ბრენდებისა დაკონტენტ კრეატორების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ადრე ვამბობდი, რომ ვარ მარკეტერი სრულ განაკვეთზე და კონტენტ კრეატორი ნახევარ განაკვეთზე. ახლა სამსახურიდან წამოვედი და სრულ განაკვეთზე კონტენტ კრეატორი ვარ“, - ასე წარადგინა თავი შეხვედრის ერთ-ერთმა სპიკერმა თათო ქარჩავამ. თათო თავს კონტენტ კრეატორად მიიჩნევს, მაგრამ იმის „აღიარებაც“ უწევს, რომ კარგი კონტენტის შექმნამ ინფლუენსერობამდე მიიყვანა. კონტენტს Tik-Tok-ისთვის ქმნის. ამ პლატფორმის გამოყენება ოთხი წლის წინ დაიწყო, პიონერი ვარ Tik-Tok-ისო ხუმრობს. მისი გამომწერების რაოდენობა კი 96 ათასს სცდება.
ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „მერაკი“ რომ დააარსა, ანუკა გვენცაძე 21 წლის იყო. ბებიასთან ერთად პირველ ჩანთას რომ კერავდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მთელს დროსა და ენერგიას ამ საქმეში ჩადებდა. ახლა „მერაკი“ცნობილი და ბევრის საყვარელი ქართული ბრენდია.
„ჩვენი მარკეტინგის ძალიან დიდი წილია ინფლუენსერებთან ურთიერთობა. გვყავს რამდენიმე აქტიური ინფლუენსერი, რომლებთანაც სულ ვთანამშრომლობთ. წესივით გვაქვს, ახალ კოლექციას პირველად მათ ვუგზავნით“, - ამბობს ანუკა.
ანუკა გვენცაძეს ინფლუენსერებთან ურთიერთობის შვიდწლიანი გამოცდილება დაუგროვდა. ამიტომ, ზუსტად იცის ვინ სჭირდება, ვისგან რას მიიღებს. სოციალურ ქსელებშიც სულ ამოწმებს ტრენდებს, აქტუალურ თემებს:
„ზოგი ძალიან კარგ კონტენტს ქმნის. შეიძლება თავად არ ჰყავდეს აუდიტორია, რომელიც გაყიდვებს გაგვიზრდის, მაგრამ, იმდენად კარგ ფოტოს იღებს, რომ ჩვენ ვყიდით ამ ფოტოებით. არიან ინფლუენსერები, რომლებსაც ჰყავთ დაინტერესებული აუდიტორია, ისინიც ძალიან კარგ ვიდეოებს იღებენ, განიხილავენ ჩვენს პროდუქციას და მათაც ბევრი გაყიდვა მოაქვთ“.
აქვს ცუდი გამოცდილებებიც და შესაბამისად, რჩევებიც დამწყები სტარტაპებისთვის. ახსოვს შემთხვევა, როდესაც საჩუქარი გაუგზავნეს ინფლუენსერს, რომელსაც 285 ათასი მიმდევარი ჰყავდა. ის მათ თავად დაუკავშირდა და ბარტერი შესთავაზა. შეთანხმება შედგა, „მერაკმა“ ინფლუენსერს პროდუქცია გაუგზავნა. შემდეგ, მოლოდინით, რომ შეკვეთები გაიზრდებოდა, ახალი მოდელები შეკერეს და შედეგს დაელოდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში იმ კონკრეტულ ინფლუენსერებს რეალური აუდიტორია არ ჰყავდა. ამის ნახვა კი მარტივად შეიძლებოდა, მაგალითად, იმის შემოწმებით, რამდენი ადამიანი უყურებდა მის Reels-ებს. ამიტომ, ჩართულობის (ე.წ. ინგეიჯმენთის) შემოწმება, „მერაკისგან“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა სტარტაპებისთვის.
თათო ბრენდებს ურჩევს, რომ საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე კარგად შეისწავლონ ინფლუენსერის კონტენტი. და ასევე, შეათანხმონ პირობები და მოლოდინები:
„მქონდა ასეთი, ცუდი გამოცდილება, მომცეს ბრიფი, რომლის მიხედვით გადავიღე ვიდეო და მომწერეს, რომ რაღაც სხვა უნდოდათ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ბიზნესმა კარგად შეისწავლოს კონტენტი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოს კონკრეტულ ინფლუენსერთან თანამშრომლობა. ასევე, მკაფიო უნდა იყოს: ბრიფიც, მოლოდინებიც, სცენარიც კი უნდა შეთანხმდეს“.
„მეც მქონდა ერთი შემთხვევა, კონკრეტულმა კომპანიამ მომცა დავალება, დავიწყე მუშაობა და უცებ, პროცესში, მეუბნებიან - „ჩვენ ვფიქრობთ რომ შენ ბრიფი ვერ გაიგე“, - იხსენებს იოანე რომანაძე, რომლის რვა თვის წინ გახსნილ Tik-Tok-ის არხს, უკვე ჰყავს 100 ათასზე მეტი გამომწერი. იოანეს ასე იმიტომ მისწერეს, რომ დამკვეთის წარმოდგენილი ვიდეო არ ჰგავდა იმას, რაც იოანემ ჩაწერა: „მე ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ ჩემს აუდიტორიას, ვიცი, რაზე აქვთ რეაქცია. ამიტომ, უნდა მენდო, ჩემზე უკეთ ვერ გეცოდინება, რა უყვარს ჩემს მაყურებელს“.
თათო სტარტაპებს ურჩევს იფიქრონ ინფლუენსერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზეც. მისი თქმით, ეს კარგია ორივე მხარისთვის:
„იცი რომ გყავს მუდმივი დამკვეთი, გაქვს ყოველთვიური შესავალი, იცი რა არის შენი ამოცანა. ასეთ დროს მეტი თავისუფლება გაქვს, რომ კონკრეტული კონტენტი ორგანულად ჩააინტეგრირო შენს ყოველდღიურობაში, უფრო ავთენტური ხარ და ეს ბრენდსაც აწყობს“.
იყო კითხვებიც - მაგალითად, რა ქნას სტარტაპმა, რომელსაც არ აქვს ინფლუენსერის ფული? უნდა მივწეროთ თუ არა პატარა სტარტაპებმა „დიდ“ ინფლუენსერებს?
„უნდა დაუკავშირდე, რადგან მე მქონია ეგეთი შემთხვევაც. თუ ვფიქრობ, რომ შენი შემოთავაზებიდან ჩემთვის საინტერესო კონტენტი გამოვა, დავთანხმდები“, - უპასუხა თათომ.
ანუკას ჰკითხეს, ბრენდები ინტერესდებიან თუ არა დამწყებებთან ურთიერთობით, რაზეც მან უპასუხა, რომ ხშირად ასეთი ინფლუენსერი საქმეს გაცილებით პროფესიონალურად ეკიდება, რადგან უნდა რომ მასთან კიდევ ითანამშრომლონ და ამიტომ დიახ, ინტერესდებიან.
შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომ ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიების და ტრენდების იგნორირება წამგებიანია, მოლაპარაკებები ყოველთვის ამართლებს და ცდად ყველაფერი ღირს.
თიბისი ბიზნესის ტრადიციული ხუთშაბათები ისევ გაგრძელდება, რადგან არაფერი ისე არ სჭირდება პატარა ბიზნესებს, ვიდრე გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება.
სხვა სიახლეები
კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე მუშაობის მასშტაბები - „ტასჰაბის“ დამფუძნებელი
25.08.2026.18:00
2026 წლის პირველი ნახევარი „ტასჰაბისთვის“ საქმიანობის მიმართულებების გაფართოებითა და ახალი პარტნიორობებით გამოირჩეოდა. „ტასჰაბის“ დამფუძნებელი სერგი გიორგაია Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით ტასჰაბისთის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ტასჰაბისთვის მართლაც ძალზედ დინამიკური და გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში შევძელით, რომ პროექტების მართვისა და შეთანხმების პროცესები სრულიად ახალ ეფექტიანობაზე ავყვანეთ. განსაკუთრებით მეამაყება, რომ არქიტექტურული და ურბანული პროექტების მუნიციპალურ დონეზე შეთანხმების ვადები მაქსიმალურად შევამცირეთ - ცალკეულ კომპლექსურ პროექტებზე შეთანხმების მიღწევა რეკორდულ, 1-თვიან ვადაშიც კი შევძელით, რაც ჩვენი სფეროსთვის ძალიან დიდი შედეგია.
ამასთან ერთად, კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე (გრგ) მუშაობის მასშტაბები. მომსახურებების სპექტრიც მნიშვნელოვნად გავამდიდრეთ - აქტიურად ვმუშაობთ ისეთ სპეციფიკურ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორებიცაა დენდროლოგიური პროექტები, სატრანსპორტო კვლევები და სატრანსპორტო სქემების შემუშავება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სრულიად ახალ, საინტერესო სფეროს შევეჭიდეთ - დავიწყეთ პარკებისა და სკვერების დაპროექტება, რაც ქვეყნის მწვანე ურბანულ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პარალელურად, აქტიური ნაბიჯები გადავდგით საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც, რათა გლობალური გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ და საქართველოში უცხოური პროექტების ლოკალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ.
ასევე, დიდი რესურსი ჩავდეთ სამშენებლო და არქიტექტურული კანონმდებლობის, მიწის ნაკვეთების გამიჯვნისა და ზონირების რთული კეისების იურიდიულ-ტექნიკურ მხარდაჭერაში. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ექვსი თვე იყო პერიოდი, სადაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ტასჰაბი არის სწრაფი, სანდო და მრავალმხრივი პარტნიორი.
როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?
ბაზარზე დღეს რამდენიმე ძალიან მკაფიო და საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რაც ჩვენს სფეროში - ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურაში - მუშაობას კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის.
პირველი, რაც თვალში საცემია, კომპლექსური ურბანული დაგეგმარებისკენ სწრაფვაა. ქაოსური ან ფრაგმენტული მშენებლობების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. დღეს დეველოპერებიც და მუნიციპალიტეტიც ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს). ბაზარს სჭირდება გამართული, წინასწარ გათვლილი კონცეფციები, სადაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, გამწვანება და სოციალური სივრცეები.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია სატრანსპორტო კვლევებისა და დენდროლოგიის განსაკუთრებული პრიორიტეტულობაა. პროექტის შეთანხმებისას ეს აღარ არის უბრალოდ „დამატებითი დოკუმენტები“ - ეს არის საკვანძო მოთხოვნა. ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია და არსებული თუ ახალი მწვანე ნარგავების მაქსიმალური დაცვა/ინტეგრირება უკვე პროექტის საწყის ეტაპზევე წყვეტს მის ბედს.
ასევე, ძალიან გაიზარდა ინტერესი საზოგადოებრივი სივრცეების, პარკებისა და სკვერების დაპროექტების მიმართ. ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა „მწვანე ურბანიზმზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული ზონები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიან, თანამედროვე და ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს.
და ბოლოს, კანონმდებლობის გამკაცრება და პროცესების ბიუროკრატიული კომპლექსურობა. სამშენებლო და ურბანული რეგულაციები სულ უფრო სპეციფიკური ხდება (მაგალითად, კოეფიციენტების, მიწების გამიჯვნისა თუ ზონირების ნაწილში). ამის გამო, დამკვეთებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პარტნიორის არსებობა, ვისაც შეუძლია ტექნიკური და იურიდიული მხარეები ერთ სივრცეში, კომპლექსურად და სწრაფად მართოს.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი კომპანიის მასშტაბირებაზე იქნება, რათა არსებული წარმატებული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ პროექტებსა და პარტნიორობებს მოვარგოთ.
პირველ რიგში, აქტიურად ვზრდით თანამშრომლობის არეალს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებულ პროგრესს ველოდებით უცხოურ წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით, რათა გლობალური მასშტაბის პროექტები და გამოცდილება კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ადგილობრივ რეალობასთან.
ამასთან ერთად, ვზრდით ტასჰაბის გუნდსაც, რათა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შევინარჩუნოთ ის მაღალი ტემპი და ხარისხი, რაც გვაქვს. ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ეფუძნებოდა „ერთფანჯრიან პრინციპს“ - სადაც დამკვეთი იღებს სრულყოფილ სერვისს საწყისი ურბანული ანალიზიდან, დენდროლოგიითა და სატრანსპორტო კვლევებით დაწყებული, რთული იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერითა და საბოლოო შეთანხმებით დამთავრებული. წლის ბოლომდე სწორედ ამ სრული ციკლის სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებასა და დახვეწაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი.
როგორია თქვენი საერთაშორისო / ადგილობრივი თანამშრომლობა ხომ არ გაქვთ სიახლეები ამ ნაწილში?
ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სწორედ ის ძრავია, რაც ტასჰაბს ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს.
ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ურთიერთობები უკვე გასცდა სტანდარტულ, პროექტზე დაფუძნებულ ფორმატს. დღეს დეველოპერულ სექტორთან და ინვესტორებთან გრძელვადიან, სტრატეგიულ ალაიანსებს ვაყალიბებთ, სადაც ტასჰაბი ინიციატივების პირველივე ეტაპიდანვე ერთვება, როგორც გადაწყვეტილების მიმღები და რისკების დამზღვევი პარტნიორი.
ხოლო საერთაშორისო მიმართულებით სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ - უცხოურ წამყვან არქიტექტურულ და გეგმარებით ბიუროებთან უკვე კონკრეტულ შეთანხმებებზე მიდის მუშაობა. ჩვენ მათთვის წარმოვადგენთ საიმედო ხიდს ქართულ რეალობასთან: ვუზრუნველყოფთ გლობალური არქიტექტურული კონცეფციების სრულ ადაპტაციას ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზონირებასთან და ურბანულ კონტექსტთან. ეს პარტნიორობა ერთის მხრივ უცხოურ ჯგუფებს უმარტივებს ბაზარზე შემოსვლას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივ არქიტექტურულ გარემოში სრულიად ახალი მასშტაბის პროექტების იმპორტს უწყობს ხელს.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?
წლის შედეგებს ძალიან ოპტიმისტურად და, ამავდროულად, მკაფიო პრაგმატიზმით ვუყურებთ. წლის პირველი ნახევრის დინამიკამ გვიჩვენა, რომ არჩეული სტრატეგია სრულიად გამართლებულია და ტასჰაბი ბაზარზე მკვიდრდება, როგორც შეთანხმებისა და პროექტირების მთავარი ჰაბი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლის მეორე ნახევარში გველოდება, სრულიად ახალ სამუშაო სივრცეში გადასვლაა. ახალი ოფისი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავფართოვდეთ, შევქმნათ იდეალური გარემო გუნდისთვის და ბევრად მასშტაბურ პროექტებსა თუ პარტნიორობებს ვუმასპინძლოთ.
საბოლოო ჯამში, გვინდა 2026 წელი დავასრულოთ ისეთი პორტფოლიოთი და რეპუტაციით, სადაც თითოეული შესრულებული პროექტი - იქნება ეს არქიტექტურა, გრგ, დენდროლოგია, სატრანსპორტო კვლევა თუ ახალი საზოგადოებრივი სივრცე - ქვეყნის სწორი და მდგრადი ურბანული განვითარების ხარისხის სტანდარტად იქცევა.