თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ახალი თაობისთვის თანამედროვე პროფესიების შესწავლის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 18 წლიდან ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დაეუფლოს ბიზნესმიმართულებებს და პრაქტიკულ უნარებს.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ონლაინ ფორმატი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, სრულიად უფასოდ მიიღონ ცოდნა და განივითარონ კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები.
რამდენიმე წლის განმავლობაში თიბისი კამპუსმა დაამტკიცა, რომ ონლაინ განათლება ეფექტიანი, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მოდელია, ამას იცის ადასტურებს რომ მონაწილეთა 57% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა. დღეს კამპუსს 1000-მდე მონაწილე ჰყავს, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა. პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ თავიანთ ინტერესებზე მორგებული გრაფიკით, იმუშაონ რეალურ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ამოცანებზე და ცოდნა პრაქტიკაში გამოცადონ.
თიბისი კამპუსში მსურველები სწავლობენ თანამედროვე და მოთხოვნად მიმართულებებს, როგორიცაა: მარკეტინგი, პროდუქტის მენეჯმენტი, ბიზნეს ანალიზი და პროექტების მართვა.
კამპუსი თიბისის ონლაინ განათლების ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც ასევე აერთიანებს ტექსკოლას, IT აკადემიას, ტექ ოლიმპიადების ჰაბსა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებს. თითოეული პროგრამა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და გამოცდილების მქონე ადამიანების განვითარებას ემსახურება და ტექნოლოგიური განათლების უწყვეტ გზას ქმნის.
პროგრამის პარტნიორია კოლაბი. მისი ჩართულობით სასწავლო პროცესი მაქსიმალურად პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მონაწილეები ინდუსტრიის პროფესიონალების მენტორობით მუშაობენ რეალურ პროექტებზე, ავითარებენ ანალიტიკურ, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.
თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება. პროგრამა კიდევ ერთხელ მისცემს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მიიღონ თანამედროვე განათლება, პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი კარიერის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დომუსი“ ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
26.08.2026.12:26
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „დომუსი“ თბილისში, იალბუზის ქუჩა #14-ში, ახალ მრავალფუნქციურ პროექტს - „დომუს ავლაბარს“ ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 37.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 26.3 მლნ. აშშ დოლარია.
„დომუს ავლაბარი“ 6,282 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვითარდება და საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს. A ბლოკი 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობაა და 220 ბინას მოიცავს, B ბლოკი კი 10-სართულიან საოფისე და კომერციულ შენობას წარმოადგენს, რომლის 9 სართული საოფისე სივრცეებს დაეთმობა, პირველ დონეზე კი ფუდკორტი განთავსდება. კომპლექსი ასევე მოიცავს გამწვანებულ სივრცეს საბავშვო ზონით, ოთხდონიან მიწისქვეშა პარკინგს ელექტრომობილების დამტენის მოწყობის შესაძლებლობითა და კონსიერჟის სერვისს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის ურთიერთკავშირია. „დომუს ავლაბარი“ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიტუალების სასახლის მიმდებარედ მდებარეობს. MUA Architecture & Placemaking-ის მიერ შემუშავებული კონცეფცია ისტორიულ გარემოსთან ფრთხილ დიალოგს ეფუძნება: შენობების განლაგება ისეა გააზრებული, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს რიტუალების სასახლის ხედვის არეალი, ხოლო ფასადის მასალები მის ქვის არქიტექტურას ეხმიანება. განსხვავებული სიმაღლის საცხოვრებელი და საოფისე ბლოკები კი ერთიან არქიტექტურულ კომპოზიციას ქმნის.
„დომუსისთვის პროექტის შექმნა მხოლოდ ახალი შენობის განვითარებას არ ნიშნავს, ჩვენი სურვილია, თითოეულმა პროექტმა თავისი ადგილი იპოვოს ქალაქის ისტორიაში და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების ხარისხი შექმნას. „დომუს ავლაბარის“ შემთხვევაში ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოწვევა იყო. ავლაბარი ჩვენთვის ახალი ეტაპია, პირველად ვქმნით პროექტს ისეთ ისტორიულ და გამორჩეულ ურბანულ გარემოში, სადაც თანამედროვე არქიტექტურას ქალაქის მეხსიერებასთან უწევს დიალოგი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, არქიტექტურა გარემოსგან განცალკევებულ ობიექტად კი არ დარჩენილიყო, არამედ ბუნებრივად გამხდარიყო მისი ნაწილი. ამ მიდგომას პროექტის მთელი კონცეფცია მიჰყვება: საცხოვრებელი, სამუშაო და ყოველდღიური საჭიროებები ერთიან გარემოშია გაერთიანებული. პანორამული ხედები ძველ თბილისზე, ბუნებრივი სინათლე, გამწვანებული სივრცე, საბავშვო ზონა, ფუდკორტი და კონსიერჟის სერვისი ქმნის გარემოს, რომელიც თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს.
პროექტში ასევე აისახება დომუსის მთავარი ღირებულებები: ხარისხი, ინოვაცია და მწვანე არქიტექტურა. ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის გათვალისწინება, აკუსტიკური კომფორტი, გამძლე მასალები და თანამედროვე საინჟინრო სისტემები იმაზეა ორიენტირებული, რომ პროექტმა დროთა განმავლობაშიაც შეინარჩუნოს თავისი ღირებულება.
„დომუს ავლაბარის“ განხორციელებაში საქართველოს ბანკთან მრავალწლიან პარტნიორობას ვაგრძელებთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში „დომუსი“ საქართველოს ბანკის იპოთეკურ პროგრამაში ერთვება, ხოლო SOLO-ს მომხმარებლებისთვის პროექტში სპეციალური შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა და პროექტის კონცეფცია ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, ძველი თბილისის ხასიათი და თანამედროვე ქალაქური ცხოვრების კომფორტი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ“, - განაცხადა „დომუსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თათია მიხელიძემ.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მხარდაჭერა. მოხარული ვართ, რომ „დომუსთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვუჭერთ მხარს. გვჯერა, რომ მსგავსი თანამედროვე საცხოვრებელი, სამუშაო და კომერციული სივრცეების განვითარება თბილისში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ურბანული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.