თიბისი კამპუსში - ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე - მიღება დაიწყო
თუ ტექნოლოგიების შესწავლა უფრო სიღრმისეულად გაინტერესებს, ან ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას ფიქრობ - თიბისი კამპუსი სწორედ ის ადგილია, სადაც საკუთარ იდეებს რეალურ პროექტებად აქცევ და კარიერული განვითარების შემდეგ საფეხურზე გადახვალ.
თიბისი კამპუსი ახალი საგანმანათლებლო ნაკადით ბრუნდება და 18-24 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
თიბისი კამპუსი მონაწილეებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას ონლაინ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმაონ ცოდნა, განივითარონ პრაქტიკული უნარები და შექმნან საკუთარი კარიერული გზა.
კამპუსის წლევანდელი სიახლეა, რომ სასწავლო პროგრამა ოთხ დამოუკიდებელ მოდულს აერთიანებს, მათ შორისაა ახალი კურსი - ტექნოლოგიებისა და Data, რომელზეც რეგისტრაცია უკვე ღიაა და 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ტექნოლოგიები & Data-ს მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, როგორ მუშაობს ტექნოლოგიური პროდუქტები და შეისწავლიან მონაცემთა დამუშავებას. გაეცანი კურსებს და შეარჩიე სასურველი:
• მონაცემთა ანალიზი
• ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
• IT ბიზნეს ანალიზი
• SQL-ი, როგორც მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.
თიბისი კამპუსის პროგრამის განსაკუთრებული უპირატესობა პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტაციაა. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ამოცანებზე და პროფესიონალი ლექტორების მხარდაჭერით შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები - მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დომუსი“ ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
26.08.2026.12:26
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „დომუსი“ თბილისში, იალბუზის ქუჩა #14-ში, ახალ მრავალფუნქციურ პროექტს - „დომუს ავლაბარს“ ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 37.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 26.3 მლნ. აშშ დოლარია.
„დომუს ავლაბარი“ 6,282 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვითარდება და საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს. A ბლოკი 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობაა და 220 ბინას მოიცავს, B ბლოკი კი 10-სართულიან საოფისე და კომერციულ შენობას წარმოადგენს, რომლის 9 სართული საოფისე სივრცეებს დაეთმობა, პირველ დონეზე კი ფუდკორტი განთავსდება. კომპლექსი ასევე მოიცავს გამწვანებულ სივრცეს საბავშვო ზონით, ოთხდონიან მიწისქვეშა პარკინგს ელექტრომობილების დამტენის მოწყობის შესაძლებლობითა და კონსიერჟის სერვისს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის ურთიერთკავშირია. „დომუს ავლაბარი“ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიტუალების სასახლის მიმდებარედ მდებარეობს. MUA Architecture & Placemaking-ის მიერ შემუშავებული კონცეფცია ისტორიულ გარემოსთან ფრთხილ დიალოგს ეფუძნება: შენობების განლაგება ისეა გააზრებული, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს რიტუალების სასახლის ხედვის არეალი, ხოლო ფასადის მასალები მის ქვის არქიტექტურას ეხმიანება. განსხვავებული სიმაღლის საცხოვრებელი და საოფისე ბლოკები კი ერთიან არქიტექტურულ კომპოზიციას ქმნის.
„დომუსისთვის პროექტის შექმნა მხოლოდ ახალი შენობის განვითარებას არ ნიშნავს, ჩვენი სურვილია, თითოეულმა პროექტმა თავისი ადგილი იპოვოს ქალაქის ისტორიაში და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების ხარისხი შექმნას. „დომუს ავლაბარის“ შემთხვევაში ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოწვევა იყო. ავლაბარი ჩვენთვის ახალი ეტაპია, პირველად ვქმნით პროექტს ისეთ ისტორიულ და გამორჩეულ ურბანულ გარემოში, სადაც თანამედროვე არქიტექტურას ქალაქის მეხსიერებასთან უწევს დიალოგი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, არქიტექტურა გარემოსგან განცალკევებულ ობიექტად კი არ დარჩენილიყო, არამედ ბუნებრივად გამხდარიყო მისი ნაწილი. ამ მიდგომას პროექტის მთელი კონცეფცია მიჰყვება: საცხოვრებელი, სამუშაო და ყოველდღიური საჭიროებები ერთიან გარემოშია გაერთიანებული. პანორამული ხედები ძველ თბილისზე, ბუნებრივი სინათლე, გამწვანებული სივრცე, საბავშვო ზონა, ფუდკორტი და კონსიერჟის სერვისი ქმნის გარემოს, რომელიც თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს.
პროექტში ასევე აისახება დომუსის მთავარი ღირებულებები: ხარისხი, ინოვაცია და მწვანე არქიტექტურა. ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის გათვალისწინება, აკუსტიკური კომფორტი, გამძლე მასალები და თანამედროვე საინჟინრო სისტემები იმაზეა ორიენტირებული, რომ პროექტმა დროთა განმავლობაშიაც შეინარჩუნოს თავისი ღირებულება.
„დომუს ავლაბარის“ განხორციელებაში საქართველოს ბანკთან მრავალწლიან პარტნიორობას ვაგრძელებთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში „დომუსი“ საქართველოს ბანკის იპოთეკურ პროგრამაში ერთვება, ხოლო SOLO-ს მომხმარებლებისთვის პროექტში სპეციალური შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა და პროექტის კონცეფცია ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, ძველი თბილისის ხასიათი და თანამედროვე ქალაქური ცხოვრების კომფორტი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ“, - განაცხადა „დომუსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თათია მიხელიძემ.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მხარდაჭერა. მოხარული ვართ, რომ „დომუსთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვუჭერთ მხარს. გვჯერა, რომ მსგავსი თანამედროვე საცხოვრებელი, სამუშაო და კომერციული სივრცეების განვითარება თბილისში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ურბანული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.