თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
შპს ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მლნ აშშ დოლარისა და 6.9 მლნ ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები. ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა. ტრანზაქციის ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა.
ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 8.00%-ით, ევროს ობლიგაციების კუპონი კი 7.25%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენა.
„ვულოცავ შპს ლოპოტას ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებას. ეს კომპანიისთვის ობლიგაციების პირველი პროგრამაა, ინვესტორების მაღალი დაინტერესება კი მათ მიმართ ნდობის დადასტურებაა. დარწმუნებული ვარ, შპს ლოპოტა მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და სხვა კომპანიებსაც მისცემს მოტივაციას, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართონ. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ლოპოტამ სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების მიერ განხორციელებულ 12 კერძო და საჯარო ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 59,3%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მინდა მივულოცო “ლოპოტას“ 11 მილიონი დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ წელს კომპანიამ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველად განახორციელა სასესხო ფასიანი ქაღალდების ემისია, რაც კაპიტალის ბაზარზე ახალი ემიტენტების შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს დავიწყეთ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მხარდაჭერილია 14 კომპანიის 26 ემისია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი (1,18 მლრდ) საინვესტიციო რესურსია მოზიდული. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის კორპორაციის დირექტორი.
“ობლიგაციების პირველი პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანი ეტაპია ლოპოტას ისტორიაში. ჩვენთვის ეს არამხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ კაპიტალის ბაზარზე ჩვენი ბიზნესის მიმართ არსებული ნდობის დადასტურებაა. ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იქცა წლების წინ დაწყებული პატარა წამოწყება საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო და მასშტაბურ პროექტად. მადლობას ვუხდით ლოპოტას თითოეულ სტუმარს და ინვესტორს ნდობისთვის, ხოლო თიბისი კაპიტალს - მხარდაჭერისთვის. თიბისი ბანკი წლების განმავლობაში იდგა ლოპოტას გვერდით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ლოპოტას განვითარება და კიდევ უფრო გავამყაროთ ის სტაბილური ბიზნესი, რომელიც დღეს რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მისი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი მხარდამჭერია”, - გიორგი ქევანიშვილი, "ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორი.
ლოპოტა 2008 წელს გოგა მაისურაძის მიერ დაფუძნდა. პირველი 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმრო თავიდანვე მასშტაბური იდეის დასაწყისს წარმოადგენდა, დღეს კი ის უკვე საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი რეზორტია. 60 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი აერთიანებს 310 ნომერს, სხვადასხვა კონცეფციის სივრცესა და მაღალი სტანდარტის მომსახურებას.
სხვა სიახლეები
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
16.09.2026.11:25
პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” კიდევ ერთი კომპანია - თეგეტა შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან დაიწყო თანამშრომლობა.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
„პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია,“ - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტა
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?