თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა - 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები.
6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
2-წლიანი ობლიგაციის კუპონი 7.00%-ს შეადგენს, ხოლო 6-თვიანი ტრანშის განაკვეთი 5.75%-ია. ხაზგასასმელია, რომ 2-წლიანი ობლიგაციების განაკვეთი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის.
მოზიდული სახსრები თეგეტა მოტორსის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდა, რითიც კომპანიამ დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა.
„თეგეტა მოტორსი საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ინოვაციური ემიტენტია. კომპანიასთან ერთად ბაზარზე განვათავსეთ პირველი ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციები, პირველი ლარში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, პირველი ამორტიზებადი სტრუქტურის მქონე ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ ამჯერადაც სწორედ ჩვენს პარტნიორობას უკავშირდება მნიშვნელოვანი სიახლე - ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციები.
ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს ბაზრისთვის ინოვაციური ტრანზაქციები და მხარი დაუჭიროს წამყვან ქართულ კომპანიებს დაფინანსების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში, მათ საჭიროებებზე მორგებული კაპიტალის ბაზრის გადაწყვეტილებებით. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ხუთ კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 8 ტრანზაქციის ფარგლებში 365 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას - ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე ჩვენი წილი 73%-ია“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ობლიგაციების მორიგმა ემისიამ ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით ჩაიარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 6-თვიანი ტრანშის განთავსებით ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაცია გამოვუშვით, ხოლო 2-წლიანი ტრანშის კუპონი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორთა მაღალ ნდობას „თეგეტა მოტორსის“ მიმართ. მოზიდული სახსრებით არსებული ობლიგაციების რეფინანსირება მოვახდინეთ და დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ. თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული და ინოვაციური ტრანზაქცია განვახორციელეთ, რითიც „თეგეტამ“ ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ემიტენტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“, - ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.
სხვა სიახლეები
სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი
03.11.2026.19:00
სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.